გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა საავტომობილო ინდუსტრიისათვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სიახლე და ინოვაცია საკუთარ მომხმარებლებს არაერთმა მსხვილმა თუ ნაკლებად ცნობილმა ავტომწარმოებელმა გაუზიარა. თუმცა, ინდუსტრიაში კვლავ რჩება პრობლემები, რომლებიც სფეროს განვითარების ტემპებს მცირედით, მაგრამ მაინც აფერხებს. ნახევარგამტარების დეფიციტი თუ ელექტროძრავების ელემენტების რესურსების სიმცირე იმ საკითხებს მიეკუთვნება, რომელთა აღმოფხვრაზეც ახლა მთელი ინდუსტრია ერთობლივად მუშაობს. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს მოვუყარეთ თავი, როგორებიცაა: Lamborghini-ს ახალი მსხვილი ინვესტიციის დეტალები, GM-ის წინაშე არსებული პრობლემა ნაწილების დეფიციტის სახით, MAN-ის მიერ საკუთარ სატვირთოებზე გაზრდილი ფასი და სხვა.

Lamborghini ელექტრიფიკაციის პროცესის დასაჩქარებლად 1.8 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

მდიდრული ავტომობილების იტალიური მწარმოებელი, Lamborghini 2024 წლამდე საკუთარი ჰიბრიდული საწარმოო ხაზის გასაუმჯობესებლად ელექტრიფიკაციის პროცესში 1.8 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმანის ინფორმაციით, ბრენდი ათწლეულის ბოლომდე პირველ სრულად ელექტრო ავტომობილსაც გამოუშვებს.

REUTERS/Denis Balibouse

Volkswagen Group-ის შვილობილმა იტალიურმა Lamborghini-მ ამ ინვესტიციის განხორციელების შესახებ საზოგადოებას ჯერ კიდევ შარშან აუწყა. მათი განმარტებით, ინვესტიცია მათი საკულტო მოდელების, სპორტული Huracan-ისა და Aventador-ის და SUV-ი Urus-ის ჰიბრიდული ვერსიების წარმოებას მოხმარდება. აღნიშნული გეგმა კი ბრენდმა 2024 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ინვესტიცია ბრენდის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა იქნება. რეალურად კი ელექტრიფიკაციის პროცესის სრულყოფისათვის Lamborghini 1.8 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს.

კონკურენტების, Ferrari-ს, Aston Martin-ისა და McLaren-ის მსგავსად, იტალიური Lamborghini-ს მთავარ გამოწვევას ელექტრომოდელებზე ისე გადასვლა წარმოადგენს, რომ საკუთარი ბრენდი, სპორტული სული და ღირებულება არ დაკარგოს. სხვა მდიდრული ავტომწარმოებლების მსგავსად, იტალიური ბრენდი სრულად ელექტრო ავტომობილების წარდგენას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს.

GM-ს საწარმოებში 100 000-მდე ავტომობილი ავტონაწილების გარეშე ჰყავს გაჩერებული

ამერიკული ავტომწარმოებელი GM-ი ავტონაწილებს დეფიციტს განიცდის. გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტომწარმოებელს საწარმოებში 100 000-მდე ავტომობილი ნაწილების გარეშე ჰყავს დაპარკინგებული.

REUTERS/Daniel Becerril

როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი ამბობს, ნაწილების დეფიციტს, ნახევარგამტარების დეფიციტი და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებიც ემატება. ამიტომაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული 100 000 ავტომობილი ავტონაწილების გარეშე დარჩება. ცნობისათვის, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ერთეულ ნაწილზე, რომლის მიწოდებასაც GM-ი უახლოესი კვირების განმავლობაში ელოდება.

მიუხედავად აღნიშნული შეფერხებისა, GM-ის განცხადებით, კომპანიას გაყიდვებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

ბრიტანულმა EV-ების მწარმოებელმა, Tevva-მ წყალბადისძრავიანი სატვირთო წარადგინა

ბრიტანული კომერციული ელექტრომობილების სტარტაპმა Tevva-მ გასულ კვირას საკუთარი პირველი წყალბადზე მომუშავე სატვირთო წარადგინა, რომელსაც 500 კილომეტრის გავლა ნულოვანი გამონაბოლქვის ხარზე შეეძლება. Tevva-სათვის აღნიშნული სიახლე უდიდესი წარმატება გახლავთ საკუთარი მასშტაბების გამო.

REUTERS/Nick Carey/File Photo

ამ დრომდე ელექტრომობილების მწარმოებელ სტარტაპს ინვესტორებისგან 140 მილიონი აშშ დოლარი აქვს მოზიდული. კომპანია მომავალი წლიდან საკუთარი 7.5 ტონიანი სატვირთო ავტომობილის ელექტროვერსიის წარმოების დაწყებას გეგმავს.

გასულ კვირას სტარტაპის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალბადისძრავიანი სატვირთოს წარმოება 2023 წლიდან დაიწყება. მომდევნო ნაბიჯი კი უკვე 12 და 19 ტონიანი სატვირთოების წყალბადისძრავიანი ვერსიისა წარდგენა იქნება.

Tevva-ს აღმასრულებელი დირექტორის, აშერ ბენეტის განმარტებით, მომდევნო თაობის სატვირთოების განვითარებისათვის წყალბადის ძრავისა და ელექტროძრავის სინთეზი საუკეთესო გადაწყვეტაა. ეს ორი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სისტემა ტანდემში მძიმე ავტომობილებისათვის ყველაზე ეფექტურ ოფციას წარმოადგენს.

ცნობისათვის, წყალბადის საწვავის ქსელს საკუთარ სატვირთოებში უკვე არაერთი ავტომწარმოებელი იყენებს. წყალბადის ასეთ პოპულარობას ელექტროძრავის ელემენტებთან შედარებით მისი სიმსუბუქე განაპირობებს.

თუმცა, წყალბადისძრავიან ავტომობილებს მწვანე წყალბადის გამოსამუშავებლად უფრო რთული და კომპლექსური ინფრასტრუქტურა ესაჭიროებათ. აღნიშნული ინფრასტრუქტურა კი მასობრივად ხელმისაწვდომი 2030 წლამდე არ იქნება.

სატვირთოების მწარმოებელი MAN-ი ინფლაციის აღმოსაფხვრელად სატვირთოების ფასებს ზრდის

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული კომერციული ავტომობილების მწარმოებელი, Traton-ის MAN-ის განყოფილება საკუთარი სატვირთოების ღირებულებას ზრდის. ამის მიზეზი გაძვირებული ენერგიისა და მასალების ეფექტისაგან თავის დაღწევაა.

REUTERS/Fabian Bimmer

მსგავსი გადაწყვეტილება სატვირთოების ბაზრის ლიდერმა, Daimler Truck-მაც მიიღო. მომხმარებლებს სატვირთოების ფასების ზრდა Daimler-მა უკრაინაში მიმდინარე ომით აუხსნა.

MAN-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სატვირთოებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. მისი განმარტებით, წელს უკვე კომპანიის ყველა სატვირთო გაყიდულია. თუმცა, მოთხოვნა მომავალ წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს კი მომხმარებლების მხრიდან საკუთარი სატვირთოების პარკის განახლების სურვილითაა გამოწვეული.

გასულ წელს MAN-ის გაყიდვები კომპანიის ტექნიკური განყოფილების სრული დატვირთვით მუშაობისდა მიუხედავად, 30%-ით შემცირდა. აღნიშნულს კი MAN-ის ხელმძღვანელობა პანდემიის ეფექტით ხსნის. მოთხოვნის აღდგენის გამო კი კომპანიის გაყიდვებიც გაიზარდა. მომავალში კომპანია სამხრეთ გერმანიაში დამატებით ერთი საწარმოს გახსნასაც აანონსებს.

აღნიშნულ საწარმოში კი უკვე MAN-ის ჰიბრიდული სატვირთოები იწარმოება. ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 e-MAN-ის წარმოებას შეძლებს.

GM ჩინურ Great Wall Motor-ს ინდოეთის საავტომობილო ქარხანას აღარ მიყიდის

General Motors-მა ჩინური Great Wall Motor-სთვის ინდოეთის საავტომობილო ქარხნის მიყიდვის პროცესი შეაჩერა. მხარეებმა მარეგულირებლის ნებართვის მიღება ინვესტიციებისადმი ნიუ დელის მკაცრი პოზიციის გამო ვერ შეძლეს.

REUTERS/Rebecca Cook/File Photo

ჩინურ Great Wall-სა და GM-ს შორის გარიგება ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გაფორმდა. ინდოეთის საავტომობილო ბაზარზე გასაფართოებლად SUV-ის ჩინურ მწარმოებელს $1-მილიარდიანი ინვესტირების გეგმები აქვს. მილიარდიანი ინვესტიციიდან კი $300 მილიონი სწორედ GM-ისგან ქარხნის შესაძენად იყო გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ორჯერ გახანგრძლივებულ ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გაუვიდა.

GM International-ის განცხადებით, კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ჩინური Great Wall-ისგან გარიგებისთვის საჭირო თანხმობა ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, ინდოეთში GM-ის პოზიცია უცვლელია და ობიექტის გასაყიდად სხვა ალტერნატივების შესწავლასაც იწყებს. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ ამჟამად, აქტივის ღირებულებასთან შესაბამისი გარიგების მიღწევას შეძლებს. რაც შეეხება Great Wall-ს, ჩინური ავტომწარმოებელი ინდოეთში გასაფართოებლად ახალი შესაძლებლობების ძიებას აგრძელებს.

ინდოეთის მთავრობამ 2020 წელს, მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან ინვესტიციების შემოდინება შესახებ რეგულაციები გაამკაცრა. შეზღუდვებმა ისეთი ინდუსტრიებში, როგორებიცაა საავტომობილო და ტექნოლოგიური სექტორები, მილიარდობით დოლარის ინვესტირებები შეაჩერა. შეზღუდვები დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებას მოჰყვა, რის შედეგადაც ნიუ დელიმ 300-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია, მა შორის TikTok-ი აკრძალა.

Mercedes-ი საკუთარ ქარხნებს ელექტრომობილების წარმოებისათვის ამზადებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-Benz-ი საკუთარ ქარხნებს ელექტრომობილების წარმოებისათვის ამზადებს. გერმანულ ავტომწარმოებელს საწარმოების ქსელი მდიდრული ელექტრო ავტომობილების ახალ ხაზთან შესაბამისობაში მოჰყავს. შეგახსენებთ, რომ ბრენდი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლას 2030 წლისათვის გეგმავს.

REUTERS/Soe Zeya Tun

კომპანიის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადებით, კომპანია ელექტრიფიკაციის პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. მისი განმარტებით, Mercedes-Benz-ის საწარმოები მალე ნებისმიერი რაოდენობის ელექტრომობილების წარმოებას შეძლებენ.

Mercedes-Benz-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიის ქარხნები გერმანიასა და უნგრეთში 2025 წლისათვის სრული დატვირთვით შეძლებენ ბრენდის ნებისმიერი მდიდრული სეგმენტის ელექტრო ავტომობილის წარმოებას.

რაც შეეხება ელექტროძრავების ელემენტების სისტემას, გერმანული ავტომწარმოებლის ინფორმაციით, საწარმოო ქსელი მათ მიწოდებას სამივე კონტინენტზე უზრუნველყოფს.

საბურავების ბრენდები, Michelin-ი და Nokian-ი რუსულ ბაზარს ტოვებენ

რუსულ ბაზარს ევროპული და ამერიკული ავტომწარმოებლების შემდეგ, დასავლური საბურავების დიდი რეპუტაციის მქონე ბრენდები Michelin-ი და Nokian-იც ტოვებენ. Michelin-ის განცხადებით, საკუთარ რუსულ აქტივებს ადგილობრივ მენეჯმენტს გადააბარებს, Nokian-ი კი, როგორც ჩანს ბაზარს სრულად დატოვებს.

REUTERS/Wolfgang Rattay

კომპანიების განცხადებით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში ოპერირება მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გათვალისწინებით შეუძლებელი გახდა. Michelin-ისა და Nokian-ის კონკურენტებს რუსეთში იტალიური Pirelli და გერმანული Continental AG წარმოადგენენ.

ცნობისათვის, რუსეთში უახლოეს პერიოდში ახალი კანონის მიღებას გეგმავენ, რომელიც რუსეთის მთავრობას ქვეყნიდან გასული უცხოური კომპანიების აქტივების განკარგვისა და მათთვის ჯარიმების დაკისრების უფლებას მისცემს. ამან კი ზოგიერთ ბიზნესს რუსეთიდან გასვლის პროცესის დაჩქარება აიძულა.

მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, Michelin-მა რუსეთში საკუთარი ოპერაციები ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებისათვის შეაჩერა. ბრენდი რუსეთის ბაზარზე 2004 წელს შევიდა. ბაზრიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება Nokian-მაც იმავე დღეს გამოაქვეყნა. ცნობისათვის, Nokian-ის ყველაზე დიდი საწარმო სწორედ რუსეთში მდებარეობს. 2021 წელს, Nokian-ის მიერ წარმოებული სამგზავრო ავტომობილების საბურავების 80% სწორედ რუსეთის ქარხანაზე მოდიოდა.

დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა საბურავების მწარმოებლებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა იქონია. სანქციების გამო ფაქტობრივად შეწყდა კრიტიკული მასალების მიწოდება და სრულად შეჩერდა მიწოდების ჯაჭვიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *