რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გავლენა ავტოინდუსტრიაზეც მოახდინა. ეს კი არა მხოლოდ სანქციების შეერთებაში, არამედ უფრო გრძელვადიან ეფექტებში გამოიხატა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში საკუთარი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვაზე უარი რამდენიმე გერმანულმა ავტომწარმოებელმა თქვა. გარდა ამისა, კონფლიქტის მიმდინარეობა ადგილობრივ ავტოინდუსტრიაზეც მოქმედებს. კომპონენტების დეფიციტის გამო ყველაზე მსხვილ რუსულ ავტომწარმოებელს საკუთარი წარმოების ხაზის შეფერხება უწევს. სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიის პროგნოზით, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ შესაძლოა 2022 წელს მსუბუქი ავტომობილების ღირებულებაც გააძვიროს. თუმცა რამდენიმე ავტომწარმოებელმა დამაიმედებელი სიახლეც წარმოგვიდგინა. ყველა ამ ამბავს კი Forbes Georgia-მ მიმდინარე კვირის ავტობლოგში მოუყარა თავი.
Formula 1-ის რუსეთში გასამართი რბოლა გაუქმდა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ყველაზე დიდი სარბოლო ჩემპიონატი, Formula 1 რუსეთში საკუთარ რბოლას აუქმებს. 2022 წლის ფორმულა 1-ის გრანპრის კალენდარში რუსეთის სახელს ვეღარ იხილავთ. ღონისძიება 25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით მცირე განცხადებაც გაავრცელა. „ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს გარშემო ისეთ ქვეყნებში სტუმრობს, რომლებსაც ადამიანებისა და ერების გაერთიანების ხედვა აქვთ. ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მდგომარეობის სწრაფად და მშვიდობიანად გადაწყვეტის იმედი გვაქვს. მსჯელობის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ გარემოებებში რუსეთში რბოლის გამართვა შეუძლებელია“, – აღნიშნულია ფორმულა 1-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული აგრესია ცალკეულმა მრბოლელებმაც დაგმეს. საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ვეტელი, McLaren-ის მრბოლელი ლანდო ლორისი, ლუის ჰამილტონი და სხვანი.
საინტერესოა ისიც, რომ რუსული ფინანსების მიერ მხარდაჭერილმა Haas-ის გუნდმა საკუთარი ავტომობილიდან რუსეთის დროშის თემატიკის ლოგოები წაშალა. შეგახსენებთ, რომ Haas-ის მრბოლელი ნიკიტა მაზეპინი, რუსი ბიზნესმენისა და პუტინთან დაახლოებული პირის, დიმიტრი მაზეპინის შვილი გახლავთ.
ჯერჯერობით უცნობია, სოჭში გასამართი რბოლა სხვა რბოლით ჩანაცვლდება თუ არა.
კომპონენტების დეფიციტის გამო, რუსულმა Avtovaz-მა შესაძლოა საწარმოო ხაზების წარმოება შეაჩეროს
გასულ კვირას გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსეთის ყველაზე მსხვილმა ავტომწარმოებელმა, Avtovaz-მა, ელექტრონული კომპონენტების დეფიციტის გამო შესაძლებელია ცენტრალურ რუსეთში, ტოლიატის საწარმოში, ზოგიერთი საწარმოო ხაზის ფუნქციონირება დროებით შეაჩეროს.
ცნობისათვის, Avtovaz-ს ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს. მათი განცხადებით, კომპანია სრული დატვირთვით მუშაობას მარტიდან გააგრძელებს. თუმცა შესაძლოა, მიმდინარე დაპირისპირების ფონზე შესაბამისი კომპონენტების მიწოდების პროცესი კიდევ უფრო გაიწელოს.
კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს შეერთებული შტატების მიერ რუსული კომპანიებისათვის დაწესებული სანქციების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების ზრდაზე დიდი გავლენა ექნება
ავტოინდუსტრიის საკონსულტაციო კომპანიებმა, J.D. Power-მა და LMC Automotive-მა გასულ კვირას ერთობლივი პროგნოზი გაავრცელეს. კომპანიების მოსაზრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა უდიდეს რისკს წარმოადგენს პოსტპანდემიური გლობალური აღდგენის პროცესში. კონფლიქტის გამო წელს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნება საკამათოა.
საკონსულტაციო კომპანიების პროგნოზი მიმდინარე წლისათვის 400 000 ერთეულით 85.8 მილიონ ავტომობილამდე შემცირდა. მათი აზრით, ნავთობსა და ალუმინზე გაზრდილი ფასები ავტომობილების მყიდველებს ახალი მანქანების ყიდვისგან თავის შეკავებას აიძულებს.
გარდა ამისა, გაყიდვების რიცხვზე დიდი წნეხი ექნება უკრაინაში არსებულ ფართომასშტაბიან ომს. ომი დიდ გავლენას მოახდენს მიწოდებასა და ავტომობილების ფასებზე. ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად, ერთი ბარელი „ბრენტის“ ნავთობის ღირებულებამ 100$-ს გადააჭარბა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებები ისედაც გასაჭირში მყოფ ავტოინდუსტრიას კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს. ინდუსტრიას ჯერ კიდევ არ აღმოუფხვრია ნახევარგამტარების დეფიციტი, რის გამოც წარმოების ტემპები უკვე თითქმის ერთი წელია, შეფერხებულია.
Toyota და Yamaha ერთობლივად მუშაობენ წყალბადზე მომუშავე 8-ცილინდრიანი ძრავის შექმნაზე
იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ასევე იაპონურ Yamaha-სთან ერთად წყალბადზე მომუშავე 8-ცილინდრიანი ძრავის შექმნაზე იმუშავებს. Yamaha-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 5.0 ლიტრის მოცულობის ძრავაზე იმუშავებს, რომლის შემდგომი მოდიფიკაციაც შესაძლებელი იქნება. მისი განცხადებით, თანამშრომლობით შექმნილ ძრავას 450 ცხენის ძალის გამომუშავებაც შეეძლება.
ცნობისათვის, „იამაჰა“ უკვე 5 წელია, რაც ავტომობილებისათვის წყალბადზე მომუშავე ძრავის შექმნაზე მუშაობს. კომპანიის პრეზიდენტის, იოშიჰირო ჰიდაკას თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ Yamaha-ს მიზანი 2050 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაა, ისინი შიდაწვის ძრავების თაყვანისმცემლებიც არიან. შესაბამისად, წყალბადზე მომუშავე ძრავები ამ ორ მისწრაფებას აერთიანებენ.
საინტერესოა, რომ მსგავსი განცხადება Yamaha Motor-მა Kawasaki-ისთან, Toyota-სთან, Subaru-სა და Mazda-სთან ერთად 2021 წლის ნოემბერშიც გაავრცელა. სწორედ ამ დროს წარადგინეს კომპანიებმა Toyota-სთვის შემუშავებული პირველი 8-ცილინდრიანი წყალბადის ძრავის პროტოტიპი.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს პრაქტიკა არახალია. ის სიახლეს თავად Toyota-სთვისაც კი არ წარმოადგენს. მან წარსულში უკვე წარადგინა 1.6 ლიტრის მოცულობის მქონე წყალბადისძრავიანი Yaris-ი. თუმცა 8-ცილინდრიანი, ანუ მძლავრი ძრავის შექმნა ნამდვილად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას.
Audi-ს 2024 წლის მოდელებს 5G კავშირის მხარდაჭერა ექნებათ
5G კავშირის მქონე ავტომობილები სულ უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. გერმანული Audi უკანასკნელი ავტომწარმოებელი გახლავთ, რომელმაც საკუთარ მომავლის მანქანებში აღნიშნული კავშირის მხარდაჭერა დააანონსა. კომპანიის განცხადებით, 2024 წლიდან კონკრეტულ მოდელებს Verizon-ის 5G ულტრაქსელური კავშირი ექნებათ, რაც ავტომობილის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
მძღოლებს აღნიშნული ფუნქციონალით წვდომა უფრო მეტ ციფრულ პროდუქტთან ექნებათ. მათ უფრო სწრაფად შეეძლებათ მათთვის სასურველი გასართობი მომსახურების ჩამოტვირთვა. გარდა ამისა, 5G უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სანავიგაციო რუკებს, რომლებიც ბევრად უფრო რეალისტური იქნება.
თუმცა აღნიშნული სერვისის მისაღებად Audi-ს მძღოლებს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჯერჯერობით გერმანულ ავტომწარმოებელს არ დაუსახელებია ის თანხა, რისი გადახდაც მძღოლებს მოუწევთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 800 აშშ დოლარის მოცულობის იქნება.
საინტერესოა, რომ 5G-ტექნოლოგიის ხილვა არა მხოლოდ 2024 წლიდან გამოსულ მოდელებში, არამედ ამჟამად არსებულ მაღალტექნოლოგიურ მოდელებშიც იქნება შესაძლებელი. ის ავტომობილები, რომლებსაც ამჟამად 4G მხარდაჭერა აქვთ, 5G-ზე განახლებასაც შეძლებენ. ეს კი მთელ რიგ ციფრულ პროდუქტებზე წვდომას გაამარტივებს. ასეთ სერვისებს შორისაა შუქნიშნების შესახებ ინფორმაცია, ცუდი გზის გამაფრთხილებელი სიგნალი, სკოლის ავტობუსის ან ველოსიპედისტის მოახლოება ან რაიმე წინაღობის შესახებ გაფრთხილებაც.
როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, სხვადასხვა ავტომწარმოებლის მიერ საკუთარ მოდელებში 5G-კავშირის ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თვითმართვადი ავტომობილების ინდუსტრიის განვითარებას. Audi არ გახლავთ ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელიც საკუთარ მოდელებს ამ ტექნოლოგიით აღჭურვავს. იგივე გადაწყვეტილება თითქმის ყველა წამყვანმა ავტომწარმოებელმა მიიღო, რაც ინდუსტრიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Mercedes-Benz-ი 2022 წელს ელექტრომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს
Mercedes-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კაელენიუსის, განცხადებით, გერმანული ავტომწარმოებლის მიზანი წელს ელექტრომობილების გაყიდვების გაორმაგება იქნება. ამ გზით კი კომპანიას მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი პოზიციების განმტკიცება სურს.
შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმაც. ჰარალდ ვილჰელმმა ის გამოწვევები დაასახელა, რომლებიც კომპანიას 2022 წელს ყველაზე მეტად შეუშლის ხელს. გამოწვევებს შორის კვლავ არის პანდემია. თუმცა, გარდა ამისა, ფინანსური დირექტორის თქმით, მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ქმნის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რაშიც უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება იგულისხმება და ასევე ავტომობილებისათვის საჭირო მასალების ფასების ზრდა
საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელმა თითქმის სრულად აღმოფხვრა ჩიპების დეფიციტი. ამ მიზნით, მან კიდევ უფრო განამტკიცა ურთიერთობები ნახევარგამტარების მომწოდებლებთან. შეიმუშავა მოწოდების ახალი სტრატეგიები, მარაგების გადანაწილების გეგმა და გააფართოვა რესურსების ბაზაც.
GM-ის CEO: GM-ი 2026 წლისათვის 50 ახალი ციფრული მომსახურების დამატებას გეგმავს
კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, General Motors-ი საკუთარი არასაავტომობილო შემოსავლების აღორძინებას გეგმავს. ამერიკული ავტომწარმოებელი 2026 წლისათვის ათობით ახალი ფასიანი ციფრული პროდუქტისა და მომსახურების გამოშვებას გეგმავს. ერთ-ერთ ასეთ ფუნქციონალს კი წინასწარ შეეძლება განსაზღვრა, როდის დასჭირდება ავტომობილს სერვისის გაწევა.
აღნიშნული იდეა GM-ის ჩრდილო ამერიკის დანაყოფის პრეზიდენტმა, სტივ კარლაილმა ინვესტორებისათვის გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერა. 50-მდე მსგავსი ფასიანი ციფრული პროდუქტი ავტომწარმოებლის მანქანებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაინერგება. საინტერესოა, რომ ეს იდეა კომპანიის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეიძლება ითქვას, რომ ეს GM-ისათვის სრულიად დამოუკიდებელი ბიზნესადაც იქცევა. აღნიშნული ფუნქციონალებისა და მომსახურების მიღება კი გამოწერის პრინციპით იქნება შესაძლებელი. მძღოლები საკუთარი ავტომობილებისათვის მათთვის სასურველი ციფრული პროდუქტების მქონე პაკეტს შეიძენენ, რაც თავად მძღოლისათვის დიდი ხარჯი არ იქნება, კომპანიისათვის კი მსუყე შემოსავალი შეიძლება გამოდგეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, ამერიკულ ავტომწარმოებელს თავდაუზოგავი მუშაობა მოუწევს. მან საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა თითქმის უნაკლო დონეზე უნდა აიყვანოს. ეს კი, მოგეხსენებათ, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. დღეს საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის მქონე Tesla-ც კი საკუთარ პროგრამაში უამრავ შეცდომას პოულობს, რისი გამოსწორებაც შემდეგ განახლებებით უწევს.
ხოლო თუკი GM-ის შემთხვევაში მსგავსი მომსახურების მისაღებად მძღოლებს ყოველთვიურად დამატებითი ღირებულების გადახდა მოუწევთ, შესაბამისად უფრო კრიტიკულებიც იქნებიან.