გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

წლის წარმატებული სტარტის შემდეგ ავტოინდუსტრიაში შეფერხებების დროა. გასული კვირის სიახლეების უმრავლესობა ავტომწარმოებლების მიერ ავტომობილთა უკან გახმობას, გაყიდვების შემცირებას ან წარმოების შეჩერებას ეხება. თუმცა, ბუნებრივია, რიგი კომპანიებისათვის კვირა მაინც წარმატებული აღმოჩნდა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა Audi-ს საკულტო მოდელის ბოლო საწარმოო ეგზემპლარის მახასიათებლები, Ford-ის მიერ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის წარმოების შეჩერების მიზეზები, Tesla-ს „წყევლის“ მორიგი ეპიზოდი ავტომობილების უკან გამოხმობასთან დაკავშირებით, რუსეთის ბაზარზე არსებული სიტუაცია, ვიეტნამური Vinfast-ის მიერ ავტომობილთა უკან გაწვევის მიზეზები და სხვა.

Audi TT-ის ბოლო გამოშვება მოდელის 25-წლიანი წარმოების ისტორიას დაასრულებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Audi-მ მისი საკულტო მოდელის, TT-ის ბოლო ვერსია წარადგინა. კომპანია აღნიშნული ვერსიით მოდელის 25-წლიან ისტორიას დაასრულებს. ახალი და საბოლოო Audi TT-ის ღირებულება 41,910 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება და მისი ყიდვა ბრიტანელ მომხმარებლებს მარტიდან შეეძლებათ.

Autocar.co.uk

ბუნებრივია, ავტომობილის საბოლოო ვერსია მის პირვანდელ სახეს უნდა ჰგავდეს. Audi-მ კი ამაზე იზრუნა და ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი თავდაპირველ ვერსიასთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულია.

შეგახსენებთ, რომ Audi-მ TT-ის პირველი ვერსია 1998 წელს წარადგინა და ის საავტომობილო ბაზრებზე უკვე 25 წელია, იყიდება. ამჟამად ავტომობილის მესამე თაობის წარმოება მიმდინარეობს. ბოლო ვერსიისთვის გერმანული ავტომწარმოებელი კომპლექტაციების რაოდენობასაც ამცირებს. 11 სხვადასხვა ვარიანტიდან ახალი TT-ის ყიდვა მხოლოდ 6 კომპლექტაციით იქნება შესაძლებელი: S Line, Black Edition, Final Edition, S Final Edition, RS, RS Sport Edition.

Audi TT-მ პოპულარობა მისი ზომისა და შესაძლებლობების დამსახურებით მოიპოვა. გარდა ამისა, სპორტული მახასიათებლების მიღება ავტომოყვარულებს ბევრად დაბალი დანახარჯებით შეეძლოთ, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული მოდელი გარკვეული სახით Audi-მ მომავალში გააცოცხლოს.

საწარმოში ელემენტების აალების გამო Ford-ი F-150 Lightning-ის წარმოებას აჩერებს

ავტომწარმოებლის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, Ford Motor-ი ელექტრომობილების ელემენტის აალების შედეგად ცეცხლის გაჩენის გამო საკუთარ საწარმოში F-150 Lightning-ის წარმოებას აჩერებს. მწარმოებლის განმარტებით, შესაძლოა, წარმოების პროცესი მომდევნო კვირის ბოლომდე არ განახლდეს.

TheHill.com

საწარმოში გაჩენილი ხანძრის მიზეზების გამოძიების პროცესი მომდევნო კვირას დასრულდება. ამის შემდეგ კი ელემენტების წარმოების პროცესისათვის საჭირო სპეციფიკაციების გასწორებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

Ford-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ხანძარი ავტომობილის მიწოდებამდელი შემოწმების დროს გაჩნდა და შემდეგ ახლოს მყოფ სხვა ავტომობილზეც გავრცელდა. Ford-ის პრესსპიკერმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა. თუმცა ფაქტია, ინციდენტის შემდეგ არათუ ავტომობილის წარმოება შეწყდა, არამედ უკვე წარმოებული ავტომობილების მიწოდების პროცესიც შეჩერდა.

ცნობისათვის, Ford-ის ელემენტების მიმწოდებელი სამხრეთკორეული SK On-ი გახლავთ, რომელთანაც ავტომწარმოებელი უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს. მეტიც, 2021 წელს ორმა კომპანიამ აშშ-ში ელემენტების ერთობლივი საწარმოების გახსნის შესახებაც განაცხადა.

Ford-ის განცხადებით, მომხმარებლებისათვის უკვე მიწოდებული ერთეულების შესახებ მსგავსი ინციდენტების თაობაზე საჩივრები კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, დილერებს მარაგებში არსებული F-150-ების გაყიდვების შეჩერება არ მოუწევთ.

Tesla აშშ-ში 362,000 ავტომობილს უკან გაიწვევს

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აშშ-ში 362,000 მანქანას უკან გაიწვევს. მიზეზი თვითმართვადი ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, თვითმართვადი ტექნოლოგია საგზაო უსაფრთხოების წესებს ადეკვატურად არ იცავს და შეჯახებებს იწვევს.

REUTERS/Sam Mircovich

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ დამატებით აღნიშნა, რომ რიგ მონაკვეთებზე პროგრამული უზრუნველყოფა თვითმართვად ტექნოლოგიას დასაშვებ ლიმიტზე მაღალი სიჩქარით გადაადგილების საშუალებას აძლევს ან მოულოდნელ მანევრირებას იწყებს, რაც შეჯახებისა და საავარიო სიტუაციის შექმნის რისკს ზრდის.

საინტერესოა, რომ Tesla მარეგულირებლის ანალიზს არ ეთანხმება, თუმცა ავტომობილებს უკან გამოიხმობს. ამერიკული ავტომწარმოებელი უფასო პროგრამულ განახლებას ჩაუშვებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ადგილობრივ ლიმიტებთან თავსებადობაში მოიყვანს. კომპანიის განცხადებით, მას აღნიშნულ გაუმართაობასთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევის ან ფატალური შედეგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

აღნიშნული მიზეზით Tesla 2016-2023 წლებში წარმოებულ Model S და Model X-ებს გაიწვევს. გარდა ამისა, გაწვევა შეეხება 2017-2023 წლებში წარმოებულ Model 3-სა და 2020-2023 წლებში წარმოებულ Model Y ერთეულებს.

რუსეთში საავტომობილო სექტორისთვის დაწესებული სანქციების გამო მეორადი მანქანების გაყიდვები იზრდება

ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, რუსეთში საავტომობილო სექტორისათვის დაწესებული დასავლური სანქციების გამო ახალ ავტომობილებზე დანახარჯები გასული წლის შემდეგ თითქმის განახევრდა. წარმოებების შეჩერების, ფასების ზრდისა და ეკონომიკური პრობლემების გამო მომხმარებლები უფრო იაფ ალტერნატივებზე, მეორად ავტომობილებზე გადადიან. შესაბამისად, პარალელურად, მეორადი ავტომობილების გაყიდვები რუსეთში ბოლო პერიოდში იზრდება.

REUTERS/Evgenia Novozhenina/File Photo

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აქტიური დებატები სანქციების ეფექტის მიმართ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკისათვის, ერთი რამ ცხადია – სანქციებმა რუსეთის საავტომობილო ინდუსტრიაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყანა თითქმის სრულად უცხოურ ავტომწარმოებლებსა და უცხოურ ავტონაწილებზე იყო დამოკიდებული.

არსებული მონაცემებით, გასულ წელს ახალი ავტომობილების შესაძენად გაწეული ხარჯები 52%-ით შემცირდა და 20.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელს, ის 58%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, 14%-ით გაიზარდა მეორადი ავტომობილების შესაძენად გაწეული ხარჯები.

საერთო ჯამში კი გასულ წელს რუსეთში გაყიდული ავტომობილების 75% სწორედ მეორადი, გამოყენებული ავტომობილი გახლდათ. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 55%-ს შეადგენდა.

Ford-ი ევროპაში საინჟინრო და ადმინისტრაციული მიმართულების 3,800 თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი ევროპაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 3,800 ინჟინერსა და ადმინისტრაციული მიმართულების თანამშრომელს გაათავისუფლებს. Ford-ი აღნიშნულს ხარჯების შემცირების საჭიროებით ხსნის.

REUTERS/Denis Balibouse/File Photo

კომპანიის განმარტებით, 2,300-მდე თანამშრომელი გერმანული საწარმოებიდან გათავისუფლდება, 1,300-ს – ბრიტანეთში, 200-ს კი დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული ობიექტებიდან გაუშვებენ. Ford-ის სურვილია, რესტრუქტურიზაციის პროცესი მეტწილად მოხალისეობრივ პროგრამებს შეეხოს.

საინტერესოა, რომ კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელის, ჯონ ლოულერის მიერ თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებული განცხადებით, ხარჯების შემცირება „აგრესიულად“ წარიმართებოდა და ის ძირითადად წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებს შეეხებოდა. გარდა ამისა, ჯონ ლოულერმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინჟინრების პროდუქტიულობა საშუალოზე 25-30%-ით ნაკლები იყო.

ნიშანდობლივია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიის ელექტრიფიკაციის სტრატეგიაში არაფერი იცვლება. Ford-ის გეგმა, 2035 წლისთვის ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს, კვლავ ძალაში რჩება.

ბოლოს ევროპაში სამუშაო ადგილები Ford-მა მასობრივად 2019 და 2020 წლებში შეამცირა.

VinFast-მა ადგილობრივ ბაზარზე 2,800 ელექტრომობილი უკან გაიწვია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიეტნამურმა ავტომწარმოებელმა Vinfast-მა ადგილობრივი ბაზრიდან 2,800 ელექტრომობილი უკან გამოიხმო. კომპანიის განმარტებით, მწარმოებელი 2,781 ერთეულ VF8 მოდელს უკან გაიწვევს, რათა მუხრუჭთან დაკავშირებული პრობლემა შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრას. საუბარია ჭანჭიკზე, რომელიც წინა სამუხრუჭე ხუნდებს სამუხრუჭე დისკთან აკავშირებს. VinFast-ის განმარტებით, პრობლემა სწორედ აღნიშნული ჭანჭიკის შეცვლის შემთხვევაში აღმოიფხვრება.

REUTERS/Thinh Nguyen

შეგახსენებთ, რომ VinFast-მა აქტიური ოპერირება 2019 წლიდან დაიწყო და მწარმოებელს აშშ-ის ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლებისათვის კონკურენციის გაწევა სურს. კომპანიამ აშშ-ში 999 ერთეული VF8-ის გაგზავნა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და მომხმარებლებისათვის მიწოდებას ამ თვის ბოლოდან გეგმავს.

კომპანიის განცხადებით, იმავე პრობლემის აღმოსაფხვრელად შემოწმება აღნიშნულ ავტომობილებსაც ჩაუტარდებათ. VinFast-ი განმარტავს, რომ პროცედურა დიდ დროს არ მოითხოვს, შესაბამისად, მიწოდების ვადები არ გადაიწევა და 2023 წლის თებერვლიდან დაიწყება.

„ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-სა და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-სა და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს.

Forbes.ge

ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართა. დღისით დროებითი შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს საზეიმო ღონისძიება, რომლის დროსაც ასევე შედგა მე-7 სერიის ახალი მოდელის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი – დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი – კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი – დანიელ მეილერი და გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი –  ფრანკ ვაისჰაუპტი  და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დავით აღმაშენებლის 216-ში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო ახალი, ე.წ. L shape შოურუმი 2024 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნება და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება, შეადგენს 10 მილიონ დოლარს, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 198-ს.

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი საავტომობილო ბრენდებია ასევე: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *