გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია კინოინდუსტრია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედური კომპანია Embracer Group-ი ტოლკინის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების შეძენას გეგმავს. „Game Of Thrones“-ის სპინ-ოფ სერიალის, „House Of The Dragon“-ის სადებიუტო ეპიზოდი კი კვირას, პრემიერის დღეს, 9.986 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რაც HBO-ს ისტორიაში პრემიერის დროს დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, Paramount-ისა და Skydance-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის „Top Gun: Maverick“-ის გლობალურმა შემოსავალმა 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელმა ცენზორებმა კი ანიმაციური ფილმის, „Minions: The Rise of Gru“-ს დასასრული შეცვალეს.
სიახლეებია მოდის ინდუსტრიაშიც: სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, Adidas-ის განცხადებით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კასპერ როსტედი დაკავებულ თანამდებობას მომავალ წელს, კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს; ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კი, NFT-პროექტებიდან მიღებული შემოსავლებით Nike-ი ლიდერობს.
Embracer Group-ი ტოლკინის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებებს ყიდულობს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვედურმა კომპანია Embracer Group-მა Middle-Earth Enterprise-ის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. Middle-Earth Enterprise კი „ბეჭდების მბრძანებლის“, „ჰობიტისა“ და ტოლკინის სხვა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების მფლობელი კომპანიაა.
კომპანიებს გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. ამიტომ უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ ყიდულობს Embracer-ი ტოლკინის წიგნების მიხედვით შექმნილ ფილმებზე, ვიდეო-თამაშებზე, მაგიდის თამაშებზე, სავაჭრო ნიშანზე, თემატურ პარკებსა თუ სხვა სახის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებებს.
Embracer Group-ის აღმასრულებელი დირექტორისა და დამფუძნებლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი Embracer-ის ოჯახს უერთდება.
კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, Embracer-მა ტოლკინის ინტელექტუალური საკუთრების გარდა კიდევ 5 მსხვილი შესყიდვა განახორციელა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 572.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, Embracer Group-ი კომპიუტერული თამაშებისა და გასართობ სფეროში მოღვაწე კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 8.36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის განმარტებით, ტოლკინის ინტელექტუალურ საკუთრებას მაგიდისა და კომპიუტერული თამაშების პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენებენ. ამას კი კომპანია საკუთარი შვილობილი ბრენდების დახმარებით გეგმავს.
კომპანია ტოლკინის პერსონაჟებზე მომავალში ინდივიდუალური ფილმების გადაღების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
„House Of The Dragon“-მა HBO-ზე ნახვების რეკორდი დაამყარა
„Game Of Thrones“-ის სპინ-ოფ სერიალის, „House Of The Dragon“-ის სადებიუტო ეპიზოდი კვირას, პრემიერის დღეს, 9.986 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რაც HBO-ს ისტორიაში პრემიერის დროს დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად HBO-მ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, მონაცემები აშშ-ში, ქსელის საკაბელო არხებსა და HBO Max-ის სტრიმინგ-პლატფორმებზე ნახვების მიხედვითაა დათვლილი. აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაცია Nielsen-ს „House Of The Dragon“-ის ნახვებთან დაკავშირებით მონაცემები ჯერჯერობით არ გაუანალიზებია.
„House Of The Dragon“-ის პრემიერა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე „Euphoria“-ს მეორე სეზონის დებიუტი, რომელსაც, HBO-ს განცხადებით, 2.4-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. ის ნახვების რაოდენობით ასევე ორჯერ აღემატება Netflix-ზე „Stranger Things“-ის მე-4 სეზონის პრემიერას.
შეგახსენებთ, „Game Of Thrones“-ი HBO-ზე 2011 წლიდან 2019 წლამდე დროის პერიოდში გადიოდა და ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი იყო. „House Of The Dragon“-ი მისი პირველი სპინ-ოფ სერიალია, რომელიც ასევე ჯორჯ მარტინის რომანებზეა დაფუძნებული. სერიალში მთავარ როლებს მეტ სმიტი, ემილი დ’არსი და ოლივია კუკი ასრულებენ.
Deadline-ის თანახმად, HBO-მ სერიალისთვის მარკეტინგის მიმართულებით ყველაზე დიდი ბიუჯეტი, $100 მილიონი გამოყო.
ჩინელმა ცენზორებმა „Minions: The Rise of Gru“-ს ფინალი შეცვალეს
ჩინელმა ცენზორებმა ანიმაციური ფილმის, „Minions: The Rise of Gru“-ს დასასრული შეცვალეს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ აზიური ქვეყნის ხელისუფლება პოპულარულ ჰოლივუდურ კინოსურათებს პოლიტიკურად კორექტულს ხდის.
სოციალურ ქსელ Weibo-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ცენზორებმა ანიმაციას დაამატეს ეპიზოდი, რომელშიც ფილმის ერთ-ერთ გმირს ქურდობისთვის იჭერენ და 20 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ცნობისთვის, ორიგინალ ვერსიაში, ეს უკანასკნელ საკუთარ სიკვდილს გააყალბებს და ასე შეძლებს, თანამზრახველ მინიონებთან ერთად, სასჯელს თავი აარიდოს.
შეგახსენებთ, კინოკომპანია Universal Pictures-ისა და Illumination-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმის პრემიერა ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 13 ივნისს შედგა, ხოლო „Minions: The Rise of Gru“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 1-ელი ივლისიდან გამოჩნდა.
„Despicable Me“-ის ფრენჩაიზის უახლესი ფილმის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გლობალურმა შემოსავალმა კი, მოცემული დროისთვის, უკვე 841.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
NFT-ებიდან მიღებული შემოსავლებით Nike-ი მოდის ინდუსტრიაში ლიდერობს
ახალი მონაცემების მიხედვით, მოდის ინდუსტრიის ტოპ NFT-პროექტებმა შემოსავლებით ჟურნალ Time-ის, Budweiser-ისა და Pepsi-ის პროექტებს აჯობა, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.
მოდის ინდუსტრიიდან შემოსავლების კუთხით ყველაზე წარმატებული Nike-ი აღმოჩნდა, რომელმაც NFT-პროექტებიდან საერთო ჯამში $185.3 მილიონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ავატარების CloneX-კოლექციამ კომპანიის NFT-შემოსავლების დაახლოებით ნახევარი შეადგინა.
Nike-ის წარმატება, დიდწილად, მის ახალ შენაძენს, Rtfkt-ს უკავშირდება, რომელთან ერთადაც მოდის პოპულარულმა ბრენდმა 10-ზე მეტი NFT-კოლექცია გამოუშვა.
Vogue Business-ის განცხადებით, მის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, Nike-ი შემოსავლებით ტოპ-ხუთეულში შემავალ Dolce & Gabbana-ს, Tiffany-ს, Gucci-სა და Adidas-ს უსწრებს. უფრო კონკრეტულად, Dolce & Gabbana-ს მიერ NFT-ებიდან მიღებული შემოსავალი 25.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, Tiffany-ს – $12.6 მილიონს, Gucci-ს – $11.6 მილიონს, ხოლო Adidas-ის – $11 მილიონს.
Adidas-ის ინფორმაციით, კომპანიის CEO თანამდებობას ტოვებს
სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, Adidas-ის განცხადებით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კასპერ როსტედი დაკავებულ თანამდებობას მომავალ წელს, კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს. Adidas-მა კასპერის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.
„პანდემიისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ეკონომიკური სირთულეებით სავსე სამი წლის შემდეგ, ახალი გამოწვევებისთვის შესაფერისი დრო დადგა“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. ჯგუფის ინფორმაციით, როსტედი და სამეთვალყურეო საბჭო ერთხმად შეთანხმდნენ, რომ აღმასრულებელი დირექტორი დაკავებულ თანამდებობას 2023 წლის განმავლობაში დატოვებს. როსტედი თანამდებობაზე მისი შემცვლელის დანიშვნამდე დარჩება.
კასპერ როსტედი Adidas-ის CEO-ს თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს და როგორც თავად აცხადებს, „უზარმაზარი ძალისხმევა“ დასჭირდა ბოლო რამდენიმე წლის გამოწვევების დასაძლევად. „ეს არის მიზეზი, რატომაც 2023 წელს, ხელახალი დასაწყისი სწორი გადაწყვეტილებაა, როგორც კომპანიისთვის, ისევე პირადად ჩემთვის“, – დასძინა როსტეტმა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზები მაინც არ დააკონკრეტა.
ცნობისთვის, 2020 წელს Adidas-მა როსტედს კონტრაქტი 2026 წლის 31 ივლისამდე გაუხანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში Adidas-მა 2022 წლის შემოსავლების მიზანი შეამცირა. კომპანიის განცხადებით, შემოსავლების მიზნის შემცირება პანდემიის ჩაკეტვის შედეგად, ჩინეთში მოსალოდნელზე ნელი ტემპით აღდგენას უკავშირდება.
„Top Gun: Maverick“-ის შემოსავალი $1.4 მილიარდს გადასცდა
Paramount-ისა და Skydance-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის „Top Gun: Maverick“-ის გლობალურმა შემოსავალმა 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, კინოსურათმა $1-მილიარდიანი ნიშნული ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს გადალახა.
აღსანიშნავია, რომ ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა გასულ პარასკევს აშშ-სა და კანადაში „Avengers: Infinity War“-ს გაუსწრო და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან კინოსურათებს შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მოცემული დროისთვის, „Top Gun: Maverick“-ის საშინაო შემოსავალი 685 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
შეგახსენებთ, ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 170 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სადებიუტო უიკენდზე $126.7-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
2022 წელს გამოსული ფილმებიდან შემოსავლების კუთხით საუკეთესო შედეგი ამ დროისთვის სწორედ „Top Gun: Maverick“-ს ეკუთვნის. მეორე ადგილზე „Jurassic World Dominion“-ია ($984.9 მილიონი), მესამე ადგილს კი „Doctor Strange in the Multiverse of Madness“-ი ($955 მილიონი) სჯერდება.