გასული კვირა კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. ცნობილი გახდა, რომ ნაჯახი, რომელიც ჯეკ ნიკოლსონის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟმა ფილმ „ნათების“ რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდში გამოიყენა, აუქციონზე გაიყიდება. Christie’s-ის სააუქციონო სახლი კი მაისში ფრანგი იმპრესიონისტის, კამილ პისაროს ფერწერული ტილოს 1.2-დან 1.8 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაყიდვას გეგმავს.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: Warner Bros.-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რობერტ პატინსონის მონაწილეობით „ბეტმენის“ მეორე ნაწილს გადაიღებენ; პიერ პერიფელის რეჟისორობით გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა „ცუდი ბიჭები“ კი საშინაო დებიუტისას $24 მილიონამდე შემოსავალი მიიღო; გარდა ამისა, 2022 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა გასაჯაროვდა.
მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიახლეებს გაეცნობით.
პისაროს ფერწერული ტილო შესაძლოა, მაისში აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდოს
ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, კამილ პისაროს ფერწერულ ტილოს „L’Anse des Pilotes, Le Havre“ მაისში აუქციონზე გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომამდე ხელოვნების ნიმუში ნაცისტების ხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი ებრაელი მფლობელები დევნის გამო გერმანიიდან გაიქცნენ. მოგვიანებით ტილო აშშ-ში მცხოვრებმა ებრაულმა ოჯახმა შეიძინა.
Christie’s-ის სააუქციონო სახლის მოლოდინით, ფერწერული ტილო, რომელზეც ჩრდილოეთ საფრანგეთის პორტია დახატული, 1.2-დან 1.8 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაიყიდება. პისარომ ეს ნამუშევარი 1903 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა.
New York Times-ის მიხედვით, რომელმაც აუქციონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, Christie’s-ს არ გაუმჟღავნებია დეტალები, თუ როგორ განაწილდება ხელოვნების ნიმუშის ამჟამინდელ მფლობელებსა და მის ყოფილ მესაკუთრეთა შთამომავლებს შორის ტილოს გაყიდვიდან მიღებული თანხა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Christie’s-ის სააუქციონო სახლმა ნაცისტური რეჟიმის იძულებით გასხვისებული კიდევ ერთი ფერწერული ტილოს გაყიდვა დააანონსა. ეს ასევე ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ნამუშევარია – „La Mare, effet de neige“. ხელოვნების ნიმუშს, მის ამჟამინდელ მესაკუთრეებამდე, გერმანიაში მცხოვრები ებრაული წარმოშობის მეწარმე რიჰარდ ზემელი ფლობდა, რომელმაც ტილო ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, გერმანიიდან გაქცევიდან მალევე, ფულის შეგროვების მიზნით გაყიდა.
ანიმაციურმა ფილმმა „ცუდი ბიჭები“ საშინაო დებიუტისას $24 მილიონამდე შემოსავალი მიიღო
პიერ პერიფელის რეჟისორობით გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა „ცუდი ბიჭები“ საშინაო დებიუტისას $24 მილიონამდე შემოსავალი მიიღო. ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გასულ შაბათ-კვირას ფილმს ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებში ლიდერობა მოეპოვებინა.
მეორე ადგილი ანიმაციურმა ფილმმა „ზღარბი სონიკი 2“ დაიმსახურა, რომელმაც ბილეთების გაყიდვით 15.6 მილიონი აშშ დოლარის მოგროვება შეძლო. მესამე ადგილი კი ჯოან როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა „ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები“ მოიპოვა გასულ უიკენდზე მიღებული $14-მილიონიანი შემოსავლით.
აღსანიშნავია, რომ ანიმაციამ „ცუდი ბიჭები“, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში სალაროებში ბილეთების გაყიდვებით 89.7 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. ცნობისთვის, ფილმის ბიუჯეტი 69-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.
„ცუდი ბიჭები“ ავსტრალიელი მწერლის, აარონ ბლეიბის მიერ დაწერილი ამავე სახელწოდების წიგნების სერიის ეკრანიზაციას წარმოადგენს. ის კრიმინალი ცხოველების ჯგუფის თავგადასავალზე მოგვითხრობს.
ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი ფილმიდან „ნათება“ აუქციონზე გაიყიდება
ნაჯახი, რომელიც ჯეკ ნიკოლსონის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟმა სტენლი კუბრიკის რეჟისორობით 1980 წელს გადაღებული ფილმის, „ნათების“ რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდში გამოიყენა, აუქციონზე გაიყიდება. აუქციონის მასპინძელი Gotta Have Rock and Roll Auctions-ი ნივთის გაყიდვას 60,000-დან 90,000 აშშ დოლარამდე თანხად იმედოვნებს.
როგორც Gotta Have Rock and Roll Auctions-მა Forbes-ს განუცხადა, ეს ნაჯახი ქაფპლასტისგან არის დამზადებული. ამავე მასალის კიდევ ერთი ნაჯახი, რომელსაც ასევე იყენებდნენ „ნათების“ გადაღებებისას, გასულ წელს აუქციონზე 57,600 აშშ დოლარად გაიყიდა. ხოლო ხის ნაჯახში 2019 წელს 211,000 აშშ დოლარი გადაიხადეს.
„The Shining“ საშინელებათა ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის მიჩნეული. სტივენ კინგის მიერ 1977 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე დაფუძნებული კინოსურათი დამწყები მწერლის, ჯეკ ტორენსის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ცოლ-შვილი კოლორადოში, დაცარიელებულ სათხილამურო კურორტზე მიჰყავს, რათა სეზონის დასრულების შემდეგ სასტუმროს მომვლელად იმუშაოს. ტორენსი იზოლაციას, მუდმივ ბრძოლას ალკოჰოლიზმთან და ზებუნებრივ ძალებთან, რომლის დანახვაც მის ვაჟს შეუძლია, ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს, რაც სავალალო შედეგებს იწვევს.
ცნობისთვის, 1980 წელს გადაღებული „ნათების“ ბიუჯეტი 19 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი 47.3 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
რობერტ პატინსონის მონაწილეობით „ბეტმენის“ მეორე ნაწილს გადაიღებენ
Warner Bros.-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი მსახიობის, რობერტ პატინსონის მონაწილეობით „ბეტმენის“ მეორე ნაწილს გადაიღებენ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოსულმა „The Batman“-მა უკვე დაიმსახურა 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი.
ამერიკულმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალი კინოსურათის რეჟისორი და სცენარისტი წინამორბედი ნაწილის მსგავსად მეტ რივზი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამ უკანასკნელმაც დაადასტურა, თუმცა მომდევნო ფილმის დეტალებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. გარდა ამისა, უცნობია, როდის დაიწყება კინოსურათის გადაღება.
IGN-ის თანახმად, ფანებს „ბეტმენი 2“-ის შესახებ დამატებით ინფორმაციის შესატყობად შესაძლოა, 2023 წლის აპრილამდე მოუწიოთ ლოდინი.
„The Batman“-ის პრემიერა ნიუ-იორკში მდებარე „ლინკოლნის ცენტრში“ 1-ელ მარტს შედგა, მსოფლიოს კინოთეატრებში კი ფილმი 4 მარტიდან გამოჩნდა. კინოსურათში პატინსონის გარდა მსახიობები – ზოი კრავიცი, პოლ დანო, ჯეფრი რაიტი, კოლინ ფარელი და სხვები მონაწილეობენ.
რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული „ბეტმენის“ ბიუჯეტი 185-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდეა. რაც შეეხება მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 759.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფერწერული ტილო „ვაშინგტონი კვეთს დელავერს“ შესაძლოა, აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს
ფერწერულ ტილოს, სახელწოდებით „ვაშინგტონი კვეთს დელავერს“ მომდევნო თვეში ნიუ-იორკში აუქციონზე გაიტანენ. აშშ-ის ისტორიის ამსახველი ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო ნიქსონის პრეზიდენტობიდან ობამას პრეზიდენტობამდე დროის პერიოდში თეთრ სახლში ეკიდა.
ამერიკაში მცხოვრები გერმანული წარმოშობის მხატვრის, ემანუელ ლოიცეს მიერ შესრულებულ ნამუშევარზე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონია გამოსახული, რომელიც კონტინენტურ არმიასთან ერთად ამერიკის რევოლუციის დროს მდინარე დელავერს კვეთს. Christie’s-ის სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაყიდვას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ემანუელ ლოიცემ ნამუშევრის სამი ვერსია შექმნა. აქედან ერთი ბრემენის სამხატვრო გალერეის კოლექციაში შედიოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას განადგურდა. ნამუშევრის კიდევ ერთი, მცირე ზომის ვერსია კი ამჟამად ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
რაც შეეხება მესამე ნამუშევარს, რომელიც მაისში აუქციონზე გამოჩნდება, ის 2015 წელს დეტროიტელი მეწარმისგან მილიარდერმა რობერტ კირლინმა ცოლთან ერთად გაურკვეველ თანხად შეიძინა. მათ ნამუშევარი თავისივე დაარსებულ მინესოტის საზღვაო ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.
2022 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია
2022 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა გასაჯაროვდა. როგორც გაირკვა, ჟიურის პრეზიდენტი ფრანგი მსახიობი და რეჟისორი, ვენსან ლინდონი იქნება, რომელმაც საზოგადოებას თავი ფილმებში „ტიტანი“ და „ცეცხლი“ შესრულებული როლებით დაამახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ ლინდონი პირველი ფრანგი მსახიობია, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად შეარჩიეს. ფრანგი მსახიობებიდან ჟიურის ხელმძღვანელის რანგში მაყურებელმა ბოლოს იზაბელ იუპერი იხილა – მას ეს პატივი 2009 წელს ერგო.
წლევანდელი კანის კინოფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრები ასევე იქნებიან: ინგლისელი მსახიობი რებეკა ჰოლი, ინდოელი მსახიობი და მოდელი დიპიკა პადუკონე, შვედი მსახიობი ნუმი რაპასი, ირანელი კინორეჟისორი და სცენარისტი ასღარ ფარჰადი, ფრანგი რეჟისორი ლაჯ ლი, ამერიკელი რეჟისორი ჯეფ ნიკოლსი და ნორვეგიელი რეჟისორი იოაკიმ ტრიერი.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის კანის კინოფესტივალი 17 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.