გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. NBA-ის 37 წლის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ორწლიანი, $97.1-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კაზემიროს შეძენასთან დაკავშირებით მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებული საფეხბურთო კლუბის შეძენით ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფია დაინტერესებული.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციის ინფორმაციით, აშშ-ის ღია პირველობის საპრიზო ფონდი, ტურნირის ისტორიაში წელს პირველად, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება; უკრაინის პრემიერ-ლიგამ (UPL) ფასიან ტელემაუწყებელ Setanta Sports-თან 16,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე მაიკლ ჯორდანის მაისური გაიყიდება, რომლის ღირებულებასაც სააუქციონო სახლი 3-დან 5 მილიონ აშშ დოლარამდე აფასებს.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მომხდარ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.

ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსთან“ 2-წლიან, $97.1მილიონიან კონტრაქტს დასთანხმდა

NBA-ის 37 წლის ვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ დარჩენა გადაწყვიტა. კალათბურთელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს დასთანხმდა, რომლის ღირებულებაც 97.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას სპორტული გამოცემა ESPN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კარიერაში $532 მილიონი გარანტირებული თანხით, ახალი ხელშეკრულება ლებრონ ჯეიმსს NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად აქცევს. მანამდე ეს რეკორდი „ბრუკლინ ნეტსის“ მოთამაშეს, კევინ დურანტს ეკუთვნოდა $508 მილიონით.

ფოტო: Getty Images

ლებრონ ჯეიმსს „ლეიკერსთან“ გაფორმებული წინა კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კალათბურთელმა კლუბისგან ერთ სეზონში 44.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიიღოს. ამის შემდეგ კი ძალაში ახალი კონტრაქტი შევა.

შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსმა ამერიკული Forbes-ის მიერ შედგენილ, 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს ჯეიმსის ქონებამ $1-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. შედეგად, ის NBA-ის პირველი მოქმედი კალათბურთელია, ვინც მილიარდერი გახდა. გამოცემის დათვლებით, ჯეიმსის ქონება ამჟამად სწორედ 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროს £60 მილიონად ყიდულობს

ინგლისურმა გრანდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კაზემიროს შეძენასთან დაკავშირებით მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ უშუალოდ კაზემიროს სანაცვლოდ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, დამატებით კი კონტრაქტის ბონუსებში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვა მოუწევთ.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუნაიტეთან“ 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც იძლევა.

ფოტო: g3.football

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრაზილიელი ყოველწლიურად 18.2 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. შედეგად, ის კლუბის მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ცნობისთვის, ამ მხრივ, მოცემული დროისთვის კლუბში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს, რომლის ხელფასიც 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მეორე ადგილზე კი მეკარე დავიდ დე ხეა იმყოფება 19.5 მილიონი გირვანქა სტერლინგით.

შეგახსენებთ, კაზემირო მადრიდის „რეალს“ პორტუგალიური „პორტუდან“ 2015 წელს შეუერთდა. ესპანელებმა ფეხბურთელში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

2022 წლის US Open-ის საპრიზო ფონდი $60 მილიონს აჭარბებს

ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციის ინფორმაციით, აშშ-ის ღია პირველობის საპრიზო ფონდი, ტურნირის ისტორიაში წელს პირველად, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება. შეგახსენებთ, 2021 წელს US Open-ის საპრიზო ფონდი 57,5 ​​მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო ფონდის ზრდა შეეხება როგორც ტურნირის ძირითად რაუნდებს, ასევე საკვალიფიკაციო ეტაპებს. პირველი და მეორე ტურის დამარცხებულები შესაბამისად მიიღებენ 80,000 და 121,000 აშშ დოლარს, შესაბამისად, 85%-ითა და 57%-ით მეტს 2016 წელთან შედარებით.

ფოტო: ANGELA WEISS

ამავდროულად, საკვალიფიკაციო ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა ახლა $6.26 მილიონია, ფინალური რაუნდის გამარჯვებულები კი $44,000-ს მიიღებენ.

რაც შეეხება ტურნირის ჩემპიონებს, მათ 2.6 მილიონი აშშ დოლარი გადაეცემათ. ცნობისთვის, გასულ წელს US Open-ის გამარჯვებულთათვის 2.5 მილიონი აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული.

აქვე გეტყვით, რომ საპრიზო ფონდთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟღერების წინ აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელეს – General Motors-ის ავტომობილების ძვირადღირებული ბრენდი, Cadillac-ი US Open-ის ოფიციალურ საავტომობილო სპონსორად დასახელდა USTA-სთან მრავალწლიანი კონტრაქტის შემდეგ.

Setanta Sports-მა უკრაინის პრემიერ-ლიგის ჩვენების უფლება სამი წლით, $16.2 მილიონად მიიღო

უკრაინის პრემიერ-ლიგამ (UPL) ფასიან ტელემაუწყებელ Setanta Sports-თან 16,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტზე მუშაობის შესახებ ლიგამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადა.

“სეტანტასთან” შეთანხმება რატიფიცირებული იქნა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრემიერ-ლიგის კლუბების ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა სატელევიზიო უფლებების ცენტრალიზებული ფონდის შექმნას.

ხელშეკრულების თანახმად, Setanta Sports-ის არხები უკრაინაში ტურში მინიმუმ ოთხ მატჩს აჩვენებენ ლაივ-რეჟიმში, პლუს დანარჩენ მატჩებს – დაგვიანებით. ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა Setanta-ს OTT პლატფორმაზე.

ფოტო: goal.com

შეგახსენებთ, UPL-ის 2022-23 წლების სეზონი 23 აგვისტოს იწყება. მატჩები გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება, სტადიონები კი შესაძლო საფრთხის გამო თავშესაფრებით იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრემიერ-ლიგის 2021-22 წლების სეზონის ბოლო მატჩები დეკემბერში გაიმართა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო, ზამთრის სამთვიანი შესვენების შემდეგ, არ განახლებულა.

აქვე გეტყვით, რომ Setanta უკრაინის ბაზარზე 2019 წელს შევიდა და ქვეყანაში დაახლოებით 2.5 მილიონი აბონენტი ჰყავს.

ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენით დაინტერესდა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით იხუმრა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის შესყიდვით ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფია დაინტერესებული.

CNN-ის სპორტული მიმართულებისთვის დაბრუნებულ წერილში რეტკლიფის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ თუ „იუნაიტედის“ მფლობელები კლუბის გაყიდვას გადაწყვეტენ, მილიარდერი მის შეძენას შეეცდება.

ამერიკული Forbes-ის მიხედვით, ბოლო მონაცემებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება 4.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კლუბის უდიდესი ნაწილის მფლობელი გლეიზერის ოჯახია, რომელიც ასევეა NFL-ის Tampa Bay Buccaneers-ის მესაკუთრე.

ფოტო: switzerland.detailzero.com

ჯიმ რეტკლიფის მხრიდან „იუნაიტედის“ შეძენასთან დაკავშირებით ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც Bloomberg-მა, დაუდგენელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გლეიზერის ოჯახი ინგლისური კლუბის წილის გაყიდვას გეგმავდა. გამოცემის ინფორმაციით, ის მზად არის, ერთ-ერთ ამერიკულ საინვესტიციო ფირმას „იუნაიტედის“ უმცირესი წილი მიჰყიდოს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, Forbes-ის 2022 წლის მილიარდერთა სიაში ჯიმ რეტკლიფი 111-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 16.3 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მაიკლ ჯორდანის მაისური სექტემბერში აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაისური, რომელიც მას 1998 წლის NBA-ს ფინალში ეცვა, 6-დან 14 სექტემბრამდე, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. სააუქციონო სახლი მის გაყიდვას $3-დან $5 მილიონამდე იმედოვნებს.

„უკანასკნელი ცეკვის“ სახელწოდებით ცნობილი „ჩიკაგო ბულზის“ მაისური ჯორდანს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა. „ბულზმა“ ეს შეხვედრა დათმო – ანგარიშით 88:85. ჯორდანმა პარკეტზე 45 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს თამაშის დამატებით დროში გადატანაში დაეხმარა, თუმცა „ოვერტაიმი“ მათთვის ცუდი შედეგით დასრულდა.

ფოტო: John W. McDonough/Sports Illustrated/Getty Images

აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ მაისურებს დ ზოგადად, სამახსოვრო ნივთებს შორის რეკორდი მარადონას 10-ნომრიან მაისურს ეკუთვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ 9.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.