გასული ერთი კვირა სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ქართველი სპორტსმენების წარმატება: საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა; სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის „ოლ სტარის“ ფარგლებში გამართულ G ლიგის Next Up Game-ში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა; ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პოლონური ,,დოლინა ჟეშუვის“ ფრენბურთელი, ანა კალანდაძე კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: 36 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა; კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერის გარეუბანში მდებარე სახლი გასაყიდად გაიტანა; ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა დისციპლინაში მედლების რამდენიმე კომპლექტი გათამაშდა.
წინამდებარე მიმოხილვაში სპორტის სფეროს სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.
ისტორია დაწერილია: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოხდება.
ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა სპორტის სასახლეში ისლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართეს. მართალია, საქართველოს ნაკრები სტუმრებთან ანგარიშით 77:80 დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მაქსიმუმ სამი ქულით წაგებაც აწყობდათ.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიის ნაკრებთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა გასვლაზე ნიდერლანდებთან და ანგარიშით 88:85 მოიგო.
შეგახსენებთ, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს აზიის სამი ქვეყანა: იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 32 გუნდი იასპარეზებს.
სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
36 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
„დრო მოვიდა. დროა, რომ დავემშვიდობო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს. დილით ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დამირეკა, რომელმაც მითხრა, რომ მე არ ვარ და არ ვიქნები მისი გეგმების ნაწილი, იმის მიუხედავად, თუ როგორ ვითამაშებ და რას გავაკეთებ ჩემს კარიერაში“, – განაცხადა რამოსმა.
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა სანაკრებო კარიერაში მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავს იღბლიანად გრძნობს და ეამაყება, რადგან საკუთარი ქვეყნის სახელით 180-ჯერ იასპარეზა.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითად გუნდში თამაში 2005 წელს დაიწყო, მანამდე კი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებში ასპარეზობდა. მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა, ჩატარებულ 180 მატჩში, ნაკრების მაისურით 23 გოლის გატანა შეძლო.
რამოსმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად სამი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო: 2010 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი; 2008 და 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატი.
სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგის „ოლ სტარის“ მატჩი მოიგო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, სანდრო მამუკელაშვილმა გასულ უიკენდზე NBA-ის „ოლ სტარის“ ფარგლებში გამართულ G ლიგის Next Up Game-ში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
მამუკელაშვილმა Next Up Game-ში „მინესოტა ტიმბერვულვზის“ მოთამაშის, ლუკა გარზას გუნდის რიგებში იასპარეზა და თანაგუნდელებთან ერთად სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 მოუგო.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში თავი 8 ქულითა და 12 მოხსნით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სანდრო პირველი ქართველია, რომელმაც G ლიგის გამორჩეული კალათბურთელების შეხვედრაში იასპარეზა. ის Next Up Game-ში „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებიდან მოხვდა. მართალია, სანდრო „მილოუკი ბაქსის“ ღირსებას იცავს, თუმცა მეტი სათამაშო გამოცდილებისა და დროის მისაღებად, ორმაგი კონტრაქტის საფუძველზე, სწორედ G ლიგის გუნდშია ხოლმე განათხოვრებული.
რაც შეეხება „ოლ სტარის“ ცენტრალურ მატჩს, იქ ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციიდან იანის ანტეტოკუნმპოს გუნდი და დასავლეთ კონფერენციიდან ლებრონ ჯეიმსის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა იანისის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 184:175 დასრულდა. მატჩის MVP ჯეისონ ტეიტუმი (იანისის გუნდი) გახდა, რომელმაც შეხვედრის განმავლობაში 55 ქულის ჩაგდება შეძლო.
ანა კალანდაძე ფრენბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პოლონური ,,დოლინა ჟეშუვის“ ფრენბურთელი, ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად ანა კალანდაძესთან ერთად იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა იბრძოდნენ. თუმცა, ქართველო ფრენბურთელმა ხმების 41.3 % მოაგროვა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ანა კალანდაძემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 95 ქულა მოაგროვა. მათ შორის ქართველი სპორტსმენი 11 ეისითა და 8 ბლოკით გამოირჩა.
რონალდუ მანჩესტერში სახლს £5.5 მილიონად ყიდის
პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერის გარეუბანში მდებარე სახლს 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდის. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Goal.com-ი წერს.
შეგახსენებთ, რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნოემბერში, კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების შემდეგ დატოვა და საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრში“ გადავიდა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი მანჩესტერში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ აპირებს.
ფეხბურთელის კუთვნილ სახლს უძრავი ქონების სააგენტო Jackson-Stops-ი ყიდის. როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მდიდრულ სახლს სამი მისაღები ოთახი, შვიდი საძინებელი, კაბინეტი, კინოთეატრი, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის კორტი, სპა და დახურული საცურაო აუზი აქვს.
Jackson-Stops-ის განცხადებით, „თანამედროვე დიზაინის შედევრი 23 აკრზეა (დაახლოებით 9 ჰექტარი) განთავსებული“.
ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგში $100 მილიონით მესამე ადგილს იკავებს. გამოცემის შეფასებით, მის მიერ მოედანზე გამომუშავებული თანხა $40 მილიონს, მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა კი $60 მილიონს შეადგენს.
ბაკურიანი 2023: ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანი ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ორგანიზებით იმართება და მასში 42 ქვეყნიდან დაახლოებით 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა დისციპლინაში უკვე გათამაშდა მედლების რამდენიმე კომპლექტი. მათ შორის, 19 თებერვალს სნოუბორდის პარალელური გიგანტური სლალომის ფინალში ქალებიდან ოქროს მედალი იაპონელმა ცუბაკი მიკიმ, ვერცხლის მედალი ავსტრიელმა დანიელა ულბინგმა, ბრინჯაო კი პოლონელმა ალექსანდრა კროლმა მოიგო.
რაც შეეხება მამაკაცებს, აქ ოქროს პოლონელი ოსკარ კვიატოვსკი დაეუფლა, ვერცხლი და ბრინჯაო კი, შესაბამისად, შვეიცარიელმა დარიო კავიცელიმ და ავსტრიელმა ალექსანდრ ფეირიმ მოიგეს.
21 თებერვალს კი არეალსის გუნდური ფინალი გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი აშშ-მა, მეორე – ჩინეთმა, მესამე კი – უკრაინამ დაიკავა.
ამავე დღეს გათამაშდა სნოუბორდის პარალელური სლალომის მედლები. აღნიშნულ დისციპლინაში ქალთა შორის ოქრო შვეიცარიელმა ჯული ცოგმა მოიგო, ვერცხლი მისმა თანამემამულე ლადინა ჯენიმ, ბრინჯაო კი ავსტრიელმა საბინე შოფმანმა. ამავე დისციპლინაში მამაკაცთა შორის პირველი ადგილი აიღო ავსტრიელმა ანდრეას პრომეგერმა, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე არვიდ ანერი გავიდა, მესამე ადგილზე კი კანადელი არნოდ გოდე.
23 თებერვალს გაიმართა არეალსის ინდივიდუალური ფინალი. ქალებიდან ოქრო ჩინეთის წარმომადგენელმა ფანი კონგმა, ვერცხლი ავსტრალიელმა დანიელ სკოტმა, ბრინჯაო კი უკრაინელმა ანასტასია ნოვოსადმა მოიგო. რაც შეეხება მამაკაცებს, აქ პირველი ადგილი შვეიცარიელმა ნოე როტმა, მეორე ადგილი ამერიკელმა ქუინ დელინგერმა, მესამე ადგილი კი ჩინელმა ლონგსიაო იანგმა დაიკავა.
35-მა სახელმწიფომ 2024 წლის ოლიმპიადიდან რუსი სპორტსმენების ჩახსნის მოთხოვნით IOC-ს მიმართა – როგორია კომიტეტის პასუხი?
რამდენიმე დღის წინ, ჯამში ოცდათხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის აშშ-დან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მასპინძელი საფრანგეთიდან განაცხადეს, რომ ისინი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას არ ეთანხმებიან. მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომია.
მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC) შესაბამისი წერილიც მისწერეს. წერილის ხელმომწერი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა უარყვეს ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ქვეყნების განცხადებით, არ არსებობს „რაიმე პრაქტიკული მიზეზი“, რის გამოც სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა აეკრძალოთ.
„რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ღონისძიებაზე დაშვების შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, თუ როგორ არ იდენტიფიცირდებიან მონაწილეები მათ ქვეყნებთან, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფოები უშუალოდ აფინანსებენ და მხარს უჭერენ მათივე სპორტსმენებს“, – აღნიშნულია წერილში.
თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ზოგიერთი ქვეყანა ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.
აღნიშნული წერილის წარდგენიდან რამდენიმე დღეში IOC-მა უკრაინაში ომის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების საკითხს ირიბად შეეხო.
„ოლიმპიურ თამაშებს არ შეუძლია თავიდან აიცილოს ომები და კონფლიქტები. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს ჩვენს სამყაროში არსებულ ყველა პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევას. ეს არის პოლიტიკის სფერო. მაგრამ ოლიმპიურ თამაშებს შეუძლია მაგალითი მისცეს სამყაროს, სადაც ყველა პატივს სცემს ერთსა და იმავე წესებს და ერთმანეთს. მას შეუძლია, შთააგონოს პრობლემების გადაჭრა ხიდების აგებით, რაც გამოიწვევს ადამიანთა შორის უკეთეს ურთიერთგაგებას. მას შეუძლია გაუღოს კარი დიალოგსა და მშვიდობის დამყარებას, გარიყვისა და განხეთქილების გარეშე“.
IOC-ის თქმით, ის რჩება ოლიმპიური თამაშების მისიის ერთგული, რაც მთელი მსოფლიოს მშვიდობიან კონკურენციაში გაერთიანებას გულისხმობს. კომიტეტს მაგალითად ღონისძიებაში ერთმანეთთან დაძაბულობის მქონე ქვეყნებიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეიდან, ისრაელიდან და პალესტინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სპორტსმენების თანამონაწილეობა მოჰყავს.
აღნიშნული განცხადებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მთელ პასუხისმგებლობას კვლავ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობას აკისრებს და ამ ქვეყნების სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი ოლიმპიელების სტატუსით მონაწილეობას უჭერს მხარს.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პოზიციას, ამის შესახებ კომენტარი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა BMG-ისთან გააკეთა:
„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ გამოაცხადა რუსი სპორტსმენების რაიმე სტატუსით შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ოლიმპიურ თამაშებში, პარიზში, გაისად, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ამ თემასთან დაკავშირებით ვერ მივიღებდით. ჩვენ ველოდებით მოვლენების განვითარებას. რაიმე ფორმით რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩართვა ოლიმპიურ თამაშებში – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბუნებრივია, ოლიმპიური კომიტეტი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესს და როდესაც საჭირო გახდება, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება ერთობლივი“.