გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტული სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მაისური, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ჩოგბურთის გერმანელ ლეგენდას, ბორის ბეკერს კი ლონდონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ამის პარალელურად, UEFA-მ რუსეთის ეროვნული ნაკრებები და კლუბები მის მიერ ორგანიზებული ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – FIFA-მ სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია $180,000-ით დააჯარიმა; Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენი“ კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ; NBA-ის ვარსკვლავი კევინ დურანტი ქალთა საფეხბურთო კლუბ Gotham FC-ის თანამფლობელი გახდა.

მოცემულ ბლოგში გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ სიახლეებს გაეცნობით, რომლებიც ძირითადად ბიზნესსა და ფინანსებს ეხება.

მარადონას მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

მაისური, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, $9.3 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა მარადონამ საკამათო გოლი, რომელსაც „ღმერთის ხელი“ შეარქვეს.

Sotheby’s-ის ცნობით, მაისურისთვის უმაღლესი შეთავაზება დაახლოებით 8.9 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომელიც საკომისიოების გათვალისწინებით $9.3 მილიონამდე გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი აუქციონზე სპორტულ სამახსოვრო ნივთში ოდესმე გადაუხდიათ. აქვე გეტყვით, რომ მარადონას 10-ნომრიანი მაისურის გაყიდვას სააუქციონო სახლი მინიმუმ $5.2 მილიონად იმედოვნებდა.

ფოტო: Sotheby’s

აუქციონზე მაისური ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ ჰოჯმა გამოიტანა. მან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში არსებული ტრადიციის შესაბამისად, საკუთარი მაისური არგენტინელ ლეგენდას გაუცვალა. შეგახსენებთ, რომ მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. შედეგად, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მან გერმანია დაამარცხა.

სწორედ ჰოჯი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც შემთხვევით ბურთი მარადონასკენ გაუშვა, არგენტინელმა კი ის მუშტის დახმარებით ინგლისელთა კარში გაგზავნა. ბუნებრივია, ეს თამაშის წესის დარღვევა იყო, თუმცა მსაჯებს აღნიშნული მომენტი გამოეპარათ და გოლი ჩაითვალა. სულ რაღაც ოთხი წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 2002 წელს ფეხბურთის ქომაგებმა ის „საუკუნის გოლად“ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ლონდონში გაემგზავრა, რათა მარადონას ოჯახის სახელით აუქციონი შეეჩერებინა. როგორც გამოცემა The Sun-ი იტყობინება, დელეგაციის წევრები შეეცადნენ, სტივ ჰოჯი დაერწმუნებინათ, მათთვის მაისურის არგენტინაში დაბრუნებისა და ბუენოს-აირესის მუზეუმში გამოფენის საშუალება მიეცა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო მაისური, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, ერთ დროს პელეს ეკუთვნოდა. ის ბრაზილიელ ლეგენდას 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა, როდესაც ბრაზილიამ იტალია დაამარცხა. პელეს 10-ნომრიანი მაისური 2002 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე 225,109 აშშ დოლარად გაიყიდა.

ჩოგბურთის გერმანელ ლეგენდას, ბორის ბეკერს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბორის ბეკერს პატიმრობა მიუსაჯეს. „დიდი სლემის“ ექვსგზის გამარჯვებული, ვალების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების აქტივებისა და გადასახადების დამალვისთვის ლონდონის სასამართლომ ორი წლითა და ექვსი თვით ციხეში გაუშვა.

54 წლის გერმანელი დამნაშავედ ცნეს ოთხ ბრალდებაში. საქმე ეხება ბეკერის გაკოტრებას 2017 წლის ივნისში, რაც გამოწვეული იყო 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების გადაუხდელი სესხით.

ფოტო: The Telegraph

აღსანიშნავია, რომ გადასახადების გადაუხდელობის გამო ბეკერი 2002 წელს გერმანიაშიც გაასამართლეს. მაშინ ყოფილ ჩოგბურთელს სასამართლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

კანონის მიხედვით, ბეკერი გაკოტრების შემდეგ ვალდებული იყო, გაემჟღავნებინა მთელი თავისი აქტივები, რათა ხელმისაწვდომი ფინანსური სახსრები მის კრედიტორებზე განაწილებულიყო,  რომელთათვისაც ყოფილ სპორტსმენს თითქმის 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ვალი ჰქონდა გადასახდელი.

სასამართლო პროცესის დროს ბეკერმა განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული 50 მილიონი აშშ დოლარი „ძვირად ღირებულ განქორწინებასა“ და შემოსავლების დაკარგვის შემდეგ აღებული ვალების გასტუმრებაში დახარჯა.

როგორც ცნობილია, ციხეში კარგად მოქცევის შემთხვევაში ბეკერს პატიმრობის ვადის ნახევარს პირობითი სასჯელით შეუცვლიან.

UEFA-მ რუსული საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთა

UEFA-მ, რომელიც ევროპულ ფეხბურთსა და ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს აკონტროლებს, რუსეთის ეროვნული ნაკრებები და კლუბები მის მიერ ორგანიზებული ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთა. ამის მიზეზი კვლავ და კვლავ რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

UEFA-ს განაცხადებით, პორტუგალია, რომელიც პლეი-ოფში რუსეთთან დამარცხდა, ამ უკანასკნელს ქალთა ევრო 2022-ის ტურნირზე ჩაანაცვლებს. ჩემპიონატი ივლისში ინგლისში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ რუსეთი 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩსაც გამოტოვებს.

ფოტო: BeInSports

2022/23 წლების სეზონისთვის რუსული საფეხბურთო კლუბები ვერ იასპარეზებენ UEFA-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებში – მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე, ევროპის კონფერენციის ლიგაზე, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგასა ან ახალგაზრდულ ლიგაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინადადება ევრო 2028-ის ან ევრო 2032-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით უარყოფილია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს უკვე ჩამოერთვა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ FIFA-ს მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წელს კატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მოსაპოვებლად გამართული ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც გააძევეს.

Le Parisien: კილიან მბაპე PSG-სთან კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს

Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენი“ კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მადრიდის „რეალში“ გადაბარგებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი იწერებოდა.

ცნობისთვის, კილიან მბაპეს პარიზულ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კლუბი წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსის სახით კი 100 მილიონ ევროს ჰპირდება. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის შესახებ აღნიშნული დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ფოტო: AFP

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ 2017 წელს შეუერთდა. მანამდე ის კიდევ ერთი ფრანგული კლუბის, „მონაკოს“ ღირსებას იცავდა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად კი ის 160 მილიონ ევროდ ფასობს.

მიმდინარე სეზონში მბაპეს PSG-ის მაისურით 32 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა 24 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 2021/2022 წლების სეზონის გამარჯვებული ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა.

FIFA-მ სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია $180,000-ით დააჯარიმა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 180 ათასი აშშ დოლარით დააჯარიმა. საქმე ეხება აღნიშნული ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქომაგების სამარცხვინო ქმედებას, რაც პენალტების სერიის დროს ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰისთვის სახეში ლაზერების მინათებაში გამოიხატა.

შემთხვევა სენეგალისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრისას მოხდა, რომელიც დაკარის მახლობლად მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გუნდებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. სენეგალელების მცდელობა, ლივერპულის შემტევს დარტყმა გაეფუჭებინა, წარმატებული აღმოჩნდა – სალაჰმა ბურთი მეტოქეთა კარს გადააცილა. საბოლოოდ, პენალტების სერია სენეგალის ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ფოტო: football365.com

თამაშის შემდეგ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი მოთამაშეები რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლნი იყვნენ. გარდა ამისა, მატჩის განმავლობაში მეტოქე გუნდის გულშემატკივართა მიერ ნასროლი ბოთლებისა და ქვების, ასევე ლაზერების სამიზნეს წარმოადგენდნენ.

FIFA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოიძია ლაზერების გამოყენების, სენეგალის გულშემატკივრების მოედანზე შეჭრისა და  შეურაცხმყოფელი ბანერის საქმე და დაადგინა, რომ ეროვნულმა ფედერაციამ „სტადიონზე კანონისა და წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყო“.

აღსანიშნავია, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული შემთხვევების გამო, სენეგალის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მომდევნო შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აუქციონზე იყიდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აუქციონზე იყიდება. ნივთი 15 ათას აშშ დოლარად შეფასდა, თუმცა 5 მაისს, აუქციონის დასრულებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ერთ-ერთმა მსურველმა  $17,311-იანი შეთავაზება გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის რეპუტაციაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოვლენილი სიმამაცის გამო მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო იზრდება, ბეისბოლის ბურთს ხელი 2019 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ვიზიტისას მოაწერა.

ფოტო: RR Auction

როგორც ცნობილია, ნივთს ავთენტურობის დამადასტურებელი წერილი მოჰყვება. მას ხელს აწერს გაეროში უკრაინის ელჩი ვოლოდიმირ ელჩენკო, რომელიც 2019-2021 წლებში აშშ-ში დიპლომატიური მისიით იყო მივლენილი. სწორედ ელჩენკომ გადასცა ბურთი ზელენსკის ხელმოსაწერად რენდი კაპლანის სახელით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან მსოფლიო ლიდერების ავტოგრაფებს ამ ფორმით აგროვებს. აღსანიშნავია, რომ კაპლანის კოლექციაში ასევე შედის ბურთები,  რომლებსაც ხელს აწერენ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, პაპი ფრანცისკე და ნელსონ მანდელა.

რენდი კაპლანის განცხადებით, ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს ის უკრაინის დასახმარებლად გაიღებს. ხოლო RR Auctions-ის ინფორმაციით, საკომისიოსა და აუქციონიდან მიღებული თანხის საკუთარ წილს ორგანიზაციაში გადარიცხავს, რომელიც თანხას ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გამოიყენებს.

NBA-ის ვარსკვლავი კევინ დურანტი Gotham FC-ის თანამფლობელი გახდა

საინვესტიციო კომპანია Thirty Five Ventures-ი (35V), რომლის თანადამფუძნებელი „ბრუკლინ ნეტსის“ ვარსკვლავი, კევინ დურანტია, ქალთა საფეხბურთო კლუბ Gotham FC-ის მფლობელთა ჯგუფს უერთდება. აღსანიშნავია, რომ კლუბი აშშ-ის ეროვნულ ქალთა საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.

35V, რომელიც დურანტთან ერთად ანტრეპრენიორმა რიჩ კლეიმანმა დააარსა, მესამე მხარე გახდა, რომელმაც მიმდინარე წლის მარტის შემდგომ Gotham FC-ში წილი შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა ამერიკულ კლუბში NBA-ის ვარსკვლავის კომპანიამ.

ფოტო: Reuters

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ Gotham FC-ში წილი აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, კარლი ლოიდმაც შეიძინა. კლუბის თანამფლობელები ასევე არიან ნიუ-ჯერსის გუბერნატორი ფილ მერფი და მისი მეუღლე ტემი სნაიდერ მერფი, ამერიკელი მსახიობი კარინ ბრაიანტი, Gotham FC-ის მმართველი პარტნიორი ედ ნალბანდიანი და სხვები.

NBA-ის ორგზის ჩემპიონმა კევინ დურანტმა და ბიზნესმენმა რიჩ კლეიმანმა Thirty Five Ventures-ი 2016 წელს დააარსეს. კომპანიის პრიორიტეტი ქალთა სპორტში ინვესტირებაა. აღსანიშნავია, რომ 35V-მ გასულ წელს Just Women’s Sports-ში განახორციელა ინვესტიცია. ეს არის ქალთა სპორტზე ფოკუსირებული მედიაპლატფორმა. გარდა ამისა, კომპანია კალათბურთის ვარსკვლავ, საბრინა იონესკუსთანაც პარტნიორობდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *