გასული კვირა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტექნოლოგიურმა კომპანიებმა არაერთი სიახლე გაავრცელეს: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT-კოლექციის, CryptoPunks-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარმოადგინა, Amazon-მა ლეგენდარული კინოსტუდია MGM-ი შეიძინა, ხოლო Intel-მა ევროპაში $88-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Discord-ი საინვესტიციო ბანკებთან პირდაპირი დალისტვის შესაძლებლობებს განიხილავს
სოციალური საკომუნიკაციო პლატფორმა, Discord-ი საინვესტიციო ბანკებთან წლევანდელი პირდაპირი დალისტვის შესაძლებლობებს განიხილავს, – ამის შესახებ გასულ კვირას Bloomberg-მა დაწერა. კომპანიის მყარი კაპიტალიზაციისა და უსაზღვრო პოპულარობიდან გამომდინარე, Discord-ის მესვეურები SPAC-კომპანიებთან შერწყმას და IPO-ს არ განიხილავენ და კომპანიის საფონდო ბირჟაზე პირდაპირ დალისტვას გეგმავენ.
დღევანდელი მონაცემებით, კერძო ინვესტორებისაგან მოზიდული კაპიტალის მიხედვით, Discord-ის ღირებულება დაახლოებით $15 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის შეძენით Microsoft-იც იყო დაინტერესებული, მაგრამ Discord-ის მფლობელებმა $12-მილიარდიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს. Discord-ი განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოთამაშებითა და ახალი ციფრული ტექნოლოგიებით, მათ შორის ბლოკჩეინით, კრიპტოვალუტებითა და NFT-ებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Discord-ი ნიშურ მოთამაშედ ითვლებოდა, კომპანია მალევე განვითარდა: გასულ წელს, მაგალითად, Discord-ის მომხმარებელთა ბაზა ყოველთვიურად 150 მილიონი მომხმარებლით იზრდებოდა. 2020 წელს კომპანიამ $100 მილიონზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით და ინსაიდერებს თუ დავუჯერებთ, მას მერე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიის ზრდაზე ისიც მიუთითებს, რომ დეკემბერში Discord-მა ახალ ოპერაციული დირექტორად Microsoft-იდან გადმობირებული ლიზ ჰამრენი დანიშნა. განსაკუთრებულ პოპულარობას Discord-მა პანდემიისას მიაღწია, როცა კარჩაკეტილმა ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ახალი გზების ძიება დაიწყეს.
დღემდე, ინვესტიციების სახით Discord-ს $1 მილიარდზე მეტი აქვს მოზიდული – კომპანიის ინვესტორებს შორის არიან Index Ventures-ი, Greylock Partners-ი, Benchmark-ი და Spark Capital-ი.
ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის საფონდო ბირჟაზე პირდაპირი დალისტვა უკეთესი არჩევანია, ვიდრე IPO – პირველის შემთხვევაში, ინვესტორებს გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ. ბოლო წლებში პირდაპირი დალისტვის გზით საფონდო ბირჟებზე, სხვა კომპანიებთან ერთად, Spotify, Slack-ი, Coinbase-ი და Roblox-ი მოხვდნენ.
Amazon-მა კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი $8.5 მილიარდად შეიძინა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა საკულტო ამერიკული კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი (MGM) $8.5 მილიარდად შეიძინა, რითაც საკუთარი კინემატოგრაფიული პორტფოლიო საგრძნობლად გაზარდა. გარიგების შედეგად, Amazon-მა MGM-ის 4000-ზე მეტი ფილმი და სატელევიზიო სერიალების 17000-ზე მეტი სერია შეიძინა, მათ შორის „ჯეიმს ბონდის“, „როკი ბალბოას“, „კრავთა დუმილის“, „მხევლის წიგნის“ და „ვარდისფერი პანტერის“ ფრენჩაიზები.
აღსანიშნავია, რომ Amazon-მა შეიძინა მხოლოდ ის ფილმები და სერიალები, რომლებიც Metro Goldwyn Mayer-მა 1986 წლის შემდეგ გამოუშვა – ამგვარად, ჰოლივუდის ოქროს ხანის დროს გამოსული ფილმები WarnerMedia-ს საკუთრებაში რჩება.
როგორც ირკვევა, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში მოხდა, მაგრამ ოფიციალურად ის მხოლოდ გასულ კვირას გამოცხადდა – კომპანიები ამერიკული და ევროპული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, MGM-თან გაფორმებული ეს ხელშეკრულება Amazon-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია – თანხობრივი მოცულობით მას მხოლოდ Whole Foods-ის $13.7-მილიარდიანი შესყიდვა უსწრებს.
თავისთავად ცხადია, რომ Amazon-ის ისტორიაში მოცულობით მეორე გარიგება კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – ზემოთ ხსენებული ფილმებისა და სერიალების შეძენით, ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური კომპანია Netflix-თან და Disney Plus-თან გაჯიბრებას გეგმავს.
ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ამგვარად Amazon-მა ინვესტიცია MGM-ის ორ მნიშვნელოვან აქტივში დააბანდა: ინტელექტუალურ საკუთრებასა და ადამიანურ კაპიტალში. ფრენჩაიზებს რაც შეეხება, პირველ რიგში საუბარია ჯეიმს ბონდზე, რომელიც 1962 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა, ფრენჩაიზების გარდა, MGM-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივს მისი თანამშრომლები, კერძოდ კი კინემატოგრაფიული ჯგუფის თავმჯდომარე მაიკლ დე ლუკა და ამავე ჯგუფის პრეზიდენტი პამელა ებდი, რომელთაც, ბოლო წლებში, არაერთი უზომოდ მოგებიანი პროექტი, მათ შორის პოლ ტომას ანდერსონის „ძირტკბილას პიცა“ და რიდლი სკოტის „გუჩის სახლი“ მოიზიდეს.
საინტერესოა ისიც, რომ Amazon-ის მიერ MGM-ის შესყიდვას საფონდო ბირჟისაგან დადებითი შეფასება მოყვა – ახალი ამბის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის ფასი 2.7%-ით გაიზარდა.
Google-ის წყალქვეშა კაბელით ტოგო ევროპულ ინტერნეტს დაუკავშირდა
ტოგო პირველი აფრიკული სახელმწიფო გახდა, რომელიც Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პიჩაი სუნდარის $1-მილიარდიან ინიციატივას შეუერთდა – ამიერიდან, დასავლეთ აფრიკაში მდებარე ეს სახელმწიფო გაცილებით უფრო სწრაფ პორტუგალიურ ინტერნეტს გამოიყენებს, რაც ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას საგრძნობლად დააჩქარებს. Google-ის ამ კაბელს, ნიგერიაში დაბადებული მწერლისა და აქტივისტის, ოლაუდა ექვიანოს პატივსაცემად – Equiano ჰქვია.
ეს პროექტი Google-მა ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა – ჯერ კიდევ მაშინ ითქვა, რომ რეგიონში არსებულ სხვა კაბელებთან შედარებით, ამ კაბელის გამტარუნარიანობა 20-ჯერ მეტი იქნება. ცნობისთვის გეტყვით, რომ Google-ისთვის ეს საერთაშორისო წყლებში გატარებული მესამე, ხოლო აფრიკაში – პირველი კერძო კაბელია. ტოგოს გარდა, Google-ის ამ კაბელით ევროპულ ინტერნეტს წლის ბოლოსთვის ნიგერია, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დაუკავშირდებიან.
გარდა საგრძნობლად გაზრდილი გამტარუნარიანობისა, Google-ის ამ კაბელის დახმარებით, 2025 წლამდე, ტოგოში 37 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ინტერნეტის ასეთ სიჩქარეს შეუძლია, რომ დასავლეთის ქვეყნების დონეზე დაგაყენოს“, – განაცხადა გაეროს აფრიკის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ვერა სონგვემ. დღეს, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის, ტოგოში ინტერნეტი ყველაზე ძვირია – ერთი გიგაბაიტის საშუალო ფასი $8.64-ს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ინტერნეტის სიჩქარის გაზრდასთან ერთად, კომპანიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დაიწყება, რაც, დროსთან ერთად, ინტერნეტის საშუალო ფასს საგრძნობლად შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ Google-ის ეს ინიციატივა სრულად თანხვდენილია ტოგოს ხელისუფლების ამბიციებთან – ქვეყნის მესვეურებს სურთ, რომ 2025 წლისთვის ტოგო კონტინენტის ტექნოლოგიურ ჰაბად იქცეს. საინტერესოა, რომ 2020 წელს ტოგო პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ აფრიკაში, რომელშიც 5G ქსელი გაეშვა. ამასთანავე, 2017-2020 წლებში, ინტერნეტის შეღწევადობის მაჩვენებელი გასამმაგდა – 2020 წლის მონაცემებით, ის 20%-ს შეადგენს.
Spincar-მა რებრენდინგი განიცადა და Impel-ი დაირქვა
ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა ლიდერმა, Spincar-მა რებრენდინგის შედეგად სახელწოდება შეიცვალა – ამიერიდან ტექნოლოგიური კომპანია Impel-ის სახელით იქნება ცნობილი. როგორც კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, ახალი სახელი ასახავს კომპანიის ევოლუციასა და იმ ინოვაციების ზრდას, რომლებსაც კომპანია საავტომობილო გაყიდვების სფეროში ნერგავს.
კომპანიის ახალი სახელწოდების შთაგონების წყაროდ სიტყვა „impel“-ი იქცა, რომელიც ქართულად სამოქმედოდ აღძვრას, შეგულიანებას, მოძრაობაში მოყვანასა და წინსვლას ნიშნავს. Impel-ში იუწყებიან, რომ ახალი სახელწოდება ნათლად ასახავს კომპანიის მიზანს – მისცეს რიტეილერებს მრავალფეროვანი სამომხმარებლო გამოცდილების შესაძლებლობა და ამით, საავტომობილო შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო განავითაროს.
აღსანიშნავია, რომ Spincar-ს და აწ უკვე Impel-ს, ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, რადგან ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც 2021 წლის მაისში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI-ი რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა.
რამდენიმე თვეში Instagram-ს NFT-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Meta-ს საკუთრებაში არსებულ სოციალურ ქსელს, Instagram-ს, რამდენიმე თვეში NFT-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა South By Southwest-ის ერთ-ერთი დისკუსიის დროს. თუმცა, მისი სხვა ანონსებისგან განსხვავებით, ამჯერად ცუკერბერგს დიდად არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ Instagram-ის მომხმარებლები აპლიკაციაში საკუთარი NFT-ების შეტანას, ხოლო მომავალში ახალი NFT-ების დამინტვას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ Instagram-ისა და NFT-ტექნოლოგიის შერწყმაზე საუბარი ახლა არ დაწყებულა – ამ ინტეგრაციის შესახებ Instagram-ის მმართველი, ადამ მოსერი შარშანაც საუბრობდა. ამა წლის იანვარში კი მედიაში გავრცელდა რაპორტი, რომლის თანახმად NFT-ტექნოლოგიაზე Instagram-იც მუშაობდა და Facebook-იც.
აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ Meta-ს მიერ NFT-მარკეტპლეისის შექმნის პერსპექტივაც, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად იანვარში გავრცელდა. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ Meta-ს ეს მიზანი მართლაც აქვს, მარკეტპლეისი, რაგინდ ფინანსურად საინტერესო პროექტი იყოს, დღეს და ხვალ არ გაეშვება.
ისე კი, ზოგადად, NFT-ტექნოლოგიის ინტეგრაცია Meta-სთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანიც არის, თუკი მარკ ცუკერბერგის მეტავერსულ ამბიციებს გავიხსენებთ. საქმე ისაა, რომ NFT-ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელი ხდება სამყაროებს შორის კონკრეტული ნივთების გადატანა – აი, მაგალითად, თუ თქვენს მეტავერსულ ავატარს კონკრეტული ტანსაცმელი აცვია, მისი გადატანა სხვა ვირტუალურ სამყაროშიც უნდა შეგეძლოთ, როგორც ეს რეალურად ხდება.
ისე კი, არ უნდა დავივიწყოთ, რომ Instagram-ი პირველი სოციალური ქსელი არ არის, რომელიც NFT-ტექნოლოგიით დაინტერესდა: რამდენიმე თვის წინ Twitter-მა მომხმარებლებს საშუალება მისცა, რომ პროფილის სურათად საკუთარი NFT-ი დაეყენებინათ. გამორიცხული არ არის, რომ ამგვარი რამ, სულ მალე, Instagram-ზეც ვიხილოთ.
Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარადგინა
ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარმოადგინა, რომელიც კომპანიის ახალი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისათვის საჭირო მთავარი ტოკენი იქნება – კრიპტოვალუტა, რომელზეც დეველოპერმა nWay-მ იმუშავა, მიმოქცევაში წელს ჩაეშვება.
როგორც ირკვევა, ApeCoin-ი Yuga Labs-ისგან დამოუკიდებელი კრიპტოვალუტა იქნება, რომელსაც ახლად ჩამოყალიბებული ApeCoin DAO უხელმძღვანელებს. DAO-ს, თავის მხრივ, Ape Foundation-ი ჩაიბარებს, რომლის საბჭოში, სხვებთან ერთად, Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი იქნება. როგორც ირკვევა, მიმოქცევაში ერთი მილიარდი ApeCoin-ი ჩაეშვება და თითოეული მათგანი, გადაწყვეტილების მიღებაში მის მფლობელს ერთი ხმის უფლებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ Yuga Labs-ის შესახებ გასული კვირის ტექნოლოგიურ მიმოხილვაშიც დავწერეთ, როცა ცნობილი გახდა, რომ Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა ორგანიზაციამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი NFT-კოლექცია – CryptoPunks-ი და Meebits-ი შეიძინა.
Intel-ი ევროპაში $88-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს
ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, ამერიკული Intel-ი, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ნახევარგამტარების ევროპული წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში, ჯამურად, $88 მილიარდს დააბანდებს – ამგვარი გადაწყვეტილებით, კომპანია მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტთან გამკლავებას გეგმავს. „ამას რატომ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების აუარებელი მოთხოვნაა“, – განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ გელსინგერმა.
დაბალანსებული და უდრეკი ევროპული მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად Intel-ი ევროპაში მის უახლეს ტექნოლოგიას ჩაიტანს და ათობით მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში წარმოება საგრძნობლად გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ევროკავშირის ლიდერებმა $47-მილიარდიანი „ჩიპების ევროპული აქტი“ წარმოადგინეს, რომლითაც მიზნად მიკროჩიპების ევროპული წარმოების გაფართოება და აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირება სურთ. „დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება“, – Intel-ის განცხადების შესახებ თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელსაც სურს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირმა მიკროჩიპების გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგოს.
Intel-ის ახალი საინვესტიციო გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი ევროპული წარმოების გაზრდას შეეხება – ამისთვის ამერიკული გიგანტი გერმანიაში ქარხანას ააშენებს, რომლისთვისაც 17 მილიარდ ევროს გამოყოფს. თუკი ევროკომისია Intel-ის ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქს აუნთებს, ქარხანა 2027 წლისთვის გაიხსნება და მასში სამი ათასი ადამიანი დასაქმდება.
ამასთანავე, Intel-ი ირლანდიური წარმოების გაფართოებასაც გეგმავს – ამისთვის, ის ლეიქსლიპში არსებულ ქარხანას გააფართოებს და ამაში 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც კომპანიის მიერ ირლანდიაში განხორციელებულ ინვესტიციას, ჯამურად, 30 მილიარდ ევრომდე აიყვანს.
ის, რომ ბოლო დროს Intel-ი წარმადობის გაზრდას ცდილობს, საიდუმლო არავისთვის არ არის. სწორედ ამაზე მეტყველებს ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც ამერიკულმა გიგანტმა შტატ არიზონაში მდებარე საწარმოს გაფართოებასა და შტატ ოჰაიოში მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს შექმნაში დააბანდა. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მიდგომა ამართლებს, რაზეც Intel-ის გასული კვარტლის ფინანსური შედეგები მეტყველებს: კომპანიამ საკუთარ ისტორიაში საუკეთესო კვარტლური და წლიური შედეგები დააფიქსირა.