არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელი მესი კარიერას აშშ-ის ფეხბურთის მთავარ ლიგაში (MLS) მოასპარეზე კლუბში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მანამდე კი აღნიშნულთან დაკავშირებით BBC-მ და The Independent-მაც დაწერა.
ფაბრიციო რომანოს განცხადებით, არგენტინელი ვარსკვლავი ამერიკულ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, მესის „პარი სენ-ჟერმნეთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოეწურა. მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ და 35 წლის ფეხბურთელმა ფრანგული კლუბი დატოვა. მესისთან კონტრაქტის გაფორმებით აქტიურად იყვნენ დაინტერესებულნი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლები. როგორც იწერებოდა, ისინი არგენტინელს სოლიდურ ხელფასს სთავაზობდნენ. Telegraph-ისა და არგენტინული მედიის ინფორმაციით, მესისთვის გაკეთებული შეთავაზება წელიწადში $400 მილიონს მოიცავდა, ფაბრიციო რომანოს ცნობით კი, არგენტინელისთვის გადახდილი თანხა, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, თითო სეზონში $440 მილიონს მიაღწევდა.
ბოლო დღეებში ასევე აქტიურად იწერებოდა მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზეც.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონიდან“ 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე PSG-ს მაისურით, ყველა ტურნირზე, 41 მატჩში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.