GCCA-მ Royal Swinkels-ისა და GCAP-ის გარიგებაზე თანხმობა გასცა

GCCA-მ Royal Swinkels-ისა და GCAP-ის გარიგებაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის, Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანია შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯ ჰოლდინგის“ მიერ შპს-ების: „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, „გენუინ ბრევინგ კომპანიის“, „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შესყიდვაზე თანხმობა გასცა.

კონკურენციის სააგენტოს მიერ Royal Swinkels-ისთვის მწვანე შუქის ანთების შემდეგ „საქართველოს კაპიტალი“ $63 მილიონს მიიღებს. სანაცვლოდ კი შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯ ჰოლდინგი“ ისეთ ბრენდების საკონტროლო პაკეტს მიიღებს, როგორებიცაა: „ყაზბეგი“, „შავი ლომი“, „კაიაკი“, „აისი“, ასევე საერთაშორისო ბრენდების: Heineken-ის, Amstel-ისა და Krusovice-ს წარმოებისა და დისტრიბუციის ლიცენზიებს.

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, უწყებამ ლუდის, ყავისა და უალკოჰოლო სასმელების იმპორტის ბაზარი შეისწავლა და დაადგინა, რომ განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს. გარდა ამისა, GCCA-მ განმარტა, რომ შეფასებისას გაითვალისწინეს ის ფაქტორიც, რომ აღნიშნულ კომპანიათა 100%-იანი წილების მფლობელი ერთი სუბიექტია, შესაბამისად, ისინი უკვე ისედაც ერთ ჯგუფში ერთიანდებოდნენ და მათი დაჯგუფება განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგი არ იქნება.

როგორც აღვნიშნეთ, შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგი“ ნიდერლანდებში რეგისტრირებული Royal Swinkels-ის ქართული შვილობილი კომპანიაა. Royal Swinkels-ის პორტფელში ქართული ბაზრისთვის ცნობილი ისეთი ბრენდი შედის, როგორიც არის Bavaria.