გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის სესხების უზრუნველყოფას გეგმავს იმ ფონდიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა. სახელმწიფო განვითარების ბანკ KfW-ის ზედამხედველობით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 67 მილიარდი ევრო ($67.9 მილიარდი) იქნება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ენერგიის მიწოდების შემცირების შემდგომ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრში მოექცა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ახალი გეგმის დამტკიცებას განიხილავს იმ ენერგოკომპანიების დასახმარებლად, რომელთაც რუსეთიდან ენერგიის მოწოდების შემცირების შედეგად ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.
როგორც მოგეხსენებათ, გერმანია და მისი ევროპელი პარტნიორები არსებული ენერგოკრიზისის ფონზე გადაუდებელ ზომებს იღებენ კომუნალური კომპანიებისა და მოსახლეობის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ შოლცმა ელექტროენერგიის ფასების ლიმიტის დაწესებაც დააანონსა, რაც მომხმარებლებსა და კომპანიებს ელექტროენერგიის მზარდ ხარჯებთან გამკლავებაში დაეხმარება.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს კრიზისის შედეგად გამოწვეული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. ბერლინში, BDA-ის დამსაქმებელთა ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა დასძინა, რომ მაქსიმალურად გაფართოვდება ზომები მათი ორგანიზაციების დასაცავად, რაც მოიცავს დაბალპროცენტიან KfW სესხებს, გირაოს პროგრამებსა და დახმარებას ენერგოინტენსიური კომპანიებისთვის.