გერმანიის ექსპორტი რუსეთში მკვეთრად შემცირდა

გერმანიის ექსპორტი რუსეთში მკვეთრად შემცირდა

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, გერმანიის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში მკვეთრად, 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. გასულ თვეს ექსპორტის მაჩვენებელმა 860 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 63%-ით ნაკლებია.

სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მკვეთრად შემცირების გამომწვევი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთისთვის პროდუქციისა და სერვისების მიწოდებას.

გარდა პირდაპირი სანქციებისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია გერმანული კომპანიების მიერ ნებაყოფლობით დაწესებული შეზღუდვები. მაგალითად, უმსხვილესმა გერმანულმა ავტომწარმოებლებმა (Mercedes-Benz, BMW, Audi, VW) რუსეთში ექსპორტის და საწარმოო ოპერაციების ნაწილობრივ შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ექსპერტების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, უმსხვილესი კომპანიების მიერ რუსეთის ბაზრიდან გასვლა და ექსპორტის მკვეთრად შემცირება გერმანიის ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება – აღნიშნულ მოლოდინის კი ამყარებს მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვების შეფერხების, ნახევარგამტარების დეფიციტის, საქონლისა თუ სურსათის გაძვირების და ინფლაციის დონის ზრდის ფაქტორები.