ორშაბათს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივ-ინფექციისგან მეხუთე კაცი განიკურნა. განკურნებული პაციენტი გერმანიის მკვიდრია, რომელსაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაუტარდა.
მკვლევართა განცხადებით, მამაკაცს, რომელსაც „დიუსელდორფის პაციენტს“ უწოდებენ, აივ-ინფექციის ნიშნები არ უვლინდება. მათივე ინფორმაციით, პაციენტმა დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება 2019 წელს შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, შიდსით, რომელიც აივ-ინფექციის ბოლო სტადიაზე ვითარდება, 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა 38.4 მილიონს შეადგენდა. დაავადებულთა შორის 36.7 მილიონი ზრდასრული იყო, ხოლო 1.7 მილიონი – 15 წლამდე ბავშვი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა, ტიმოთი რეი ბრაუნია. მას მკვლევრები 2009 წელს გამოქვეყნებულ დასკვნებში „ბერლინის პაციენტის“ სახელით მოიხსენიებენ.