2000–2016 წლებში, ღვინის ექსპორტის ზრდის მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ახალი ზელანდია იყო. საუკუნის დასაწყისიდან ამ ქვეყანიდან ღვინის ექსპორტი 1147%–ით გაიზარდა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, მეორე ადგილზე კანადაა 818%–ით, მესამე ადგილს კი არგენტინა იკავებს 413%–იანი ზრდის მაჩვენებლით.
მეოთხე ადგილზეა ავსტრია სადაც ღვინის ექსპორტი 200 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში 360%–ით გაიზარდა.
ხუთეულს ასრულებს საქართველო, სადაც ექსპორტის 291%–იანი ზრდა დაფიქსირდა.
AAWE-ს მონაცემებს თუკი სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციას შევადარებთ ვნახავთ, რომ 2000–ს წელს საქართველოდან ექსპორტზე 28.9 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. 2005 წელს ეს მაჩვენებელი 81.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რუსული ემბარგოს შემდეგ 41 მლნ დოლარამდე შემცირდა, თუმცა მალევე კვლავ ზრდა დაიწყო და 2016 წლის ბოლოს 113.5 მლნ დოლარი შეადგინა, – ჯამში 16 წელიწადში საქართველოდან გატანილი ღვინის ღირებულება 290%–ზე მეტად გაიზარდა.
ექსპორტში ღვინის წილით, საქართველო მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. კერძოდ, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებითვე, 2017 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6.26% სწორედ ღვინოზე მოდიოდა და ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას უსწრებს. მეორე ადგილზე მოლდოვაა, სადაც ღვინოზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.29% მოდის. მას მოსდევს მონტენეგრო 3.73%-ით და ახალი ზელანდია 3.15%-ით. ხუთეულში შედის ჩილეც – 2.9%.
ის რომ, საქართველო ღვინის ექსპორტის წილით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ერთი მხრივ, მცირე ზომის და ნაკლებად დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზეც მიანიშნებს.
რაც შეეხება ქართული ღვინის ფასს – 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.1 დოლარია, თუმცა ქვეყნების მიხედვით ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება. კერძოდ, თუკი მაგალითად პოლონეთში ერთი ლიტრის საექსპორტო ფასი საშუალოდ 2.8 დოლარია, ბელგიაში ის 9 დოლარს აჭარბებს.
საშუალო საექსპორტო ფასი კონკრეტულ ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის მოცულობით და ექსპორტის მთლიანი ღირებულებით ითვლება. სხვადასხვა ქვეყნებში საშუალო ფასის განსხვავება კი ამ ქვეყნებში ექსპორტირებული ღვინის პარტიების ფასზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ 5 თვეში რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობით – (63%) ღვინო რუსეთში გავიდა, საექსპორტო ღირებულებით რუსეთი მოწინავე ადგილზე ვერ დგას. საანგარიშო პერიოდში რუსეთში 51 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ეს ფასი კი 16 მლნ ლიტრ ღვინოზე გადანაწილდა.
ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით:
- არაბთა გაერთიანებული საემიროები – $13.2
- ბელგია – $9.3
- ავსტრალია – $8.9
- აზერბაიჯანი – $7.9
- შვეიცარია – $7.4
- ნიდერლანდები – $6.5
- იაპონია – $6.6
- აშშ – $5.9
- კანადა – $5.2
- ყირგიზეთი – $5
- საფრანგეთი – $5.3
- შვედეთი – $5.5
- ფინეთი – $5
- ყირგიზეთი – $5
- გერმანია – $4.3
- გაერთიანებული სამეფო – $4.1
- ბულგარეთი – $4.4
- სომხეთი – $4.5
- ჩეხეთი – $3.8
- ჩინეთი – $3.4
- ესტონეთი – $3.3
- ყაზახეთი – $3.2
- ყირგიზეთი – $3.2
- რუსეთი – $3.1
- ლიეტუვა – $3
- უკრაინა – $2.8
რაოდენობრივად ქართული ღვინისთვის რეკორდული წელი 2018 იყო. ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმალურ ნიშნულს 2014 წელს, – რუსული ემბარგოს მოხსნიდან 1 წელში მიაღწია. 2006 წლის ემბარგომდე, ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო, ემბარგოს შემდეგ კი მწარმოებლებმა ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყეს. პარალელურად, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მალევე, თითქმის 50%-ზე მეტად გაიზარდა. თუკი 2006 წლამდე 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 1.9 დოლარი იყო, 2014 წელს ის 4 დოლარამდეც გაიზარდა. ამის შემდეგ კი საშუალო ფასმა კლება დაიწყო და $3.1–მდე შემცირდა.
მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია.