2018 წელს მსოფლიოში ღვინის ექსპორტმა 38 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. ყველაზე მეტი ღირებულების უცხოური ღვინო აშშ-ში გაიყიდა – 6.5 მილიარდი დოლარის, რაც მსოფლიო იმპორტის 17%-ია. აშშ-ში იმპორტირებული ღვინის 33% საფრანგეთზე მოდის, 32% კი იტალიაზე. შემდეგ ახალი ზელანდია მოდის 7%-ით.
ღვინის იმპორტით მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, სადაც გასულ წელს 4.4 მილიარდი დოლარის ღვინო შეიტანეს სხვა ქვეყნებიდან. გაერთიანებულ სამეფოში იმპორტირებული ღვინის 30% საფრანგეთზე მოდის, 21% კი იტალიაზე.
საექსპორტო ბაზრის სიდიდით მე-3 ადგილზე გერმანიაა 3.1 მილიარდი დოლარით, შემდეგ ჩინეთი მოდის 2.9 მილიარდი დოლარით. გერმანიაშიც ყველაზე მეტი ღვინო საფრანგეთიდან და იტალიიდან შედის, ჩინეთის ძირითადი მიმწოდებელი კი საფრანგეთი და ავსტრალიაა. აღნიშნულ ორ ქვეყანაზე მოდის ჩინეთის ბაზრის 66%-მდე.
ქართული ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი – რუსეთი მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორებს შორის მე-12 ადგილზეა. 2018 წელს რუსეთში 1.1 მილიადი დოლარის ღვინო იქნა იმპორტირებული. რუსეთს უსწრებენ ისეთი პატარა ქვეყნები, როგორებიცაა ნიდერლანდები, შვეიცარია და ბელგია. მნიშვნელოვანწილად, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთში უფრო იაფფასიანი ღვინო შედის, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.
ცხრილი: ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები, 2018 წელი
| ქვეყანა | მილიარდი დოლარი |
1 | აშშ | 6.5 |
2 | გაერთიანებული სამეფო | 4.4 |
3 | გერმანია | 3.1 |
4 | ჩინეთი | 2.9 |
5 | კანადა | 2.0 |
6 | იაპონია | 1.7 |
7 | ჰონგ კონგი | 1.5 |
8 | ნიდერლანდები | 1.4 |
9 | შვეიცარია | 1.2 |
10 | ბელგია | 1.2 |
11 | საფრანგეთი | 1.1 |
12 | რუსეთი | 1.1 |
წყარო: The World Factbook