ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი

ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა ქვეყნების მიხედვით ღვინის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2022 წლის რეიტინგის სათავეში იტალია მოხვდა, 2022 წელს წარმოებული ღვინის საერთო მოცულობის თითქმის მეხუთედით.

გასულ წელს, მხოლოდ იტალიაში, 50 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოვეს, რაც დაახლოებით 1,994 ოლიმპიური საცურაო აუზის მოცულობის ეკვივალენტურია. წარმოებული ღვინის თითქმის ნახევარი იტალიამ საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიტანა, რაც ქვეყანას, მოცულობით, სასმლის ყველაზე დიდ ექსპორტიორადაც აქცევს. ზომიერი კლიმატი იტალიის 20 რეგიონს მეღვინეობისთვის ვარგის ტერიტორიებად აქცევს, მათ შორის კი, ლიდერები ვენეტო, აპულია, ემილია-რომანია და სიცილია არიან.

რეიტინგის ათეულში ყველაზე მეტ, ხუთ პოზიციას ევროპული ქვეყნები იკავებენ. მათ შორის პირველ სამეულში იტალიის გარდა ვხვდებით საფრანგეთსა და ესპანეთს, შესაბამისად, 2022 წელს წარმოებული 45.6 მილიონი ჰექტოლიტრითა და 35.7 მილიონი ჰექტოლიტრით. მეცხრე და მეათე პოზიციებს კი, გერმანია და პორტუგალია ინაწილებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები, 22.4 მილიონი ჰექტოლიტრითა და მეოთხე ადგილით, ღვინის უმსხვილესი მწარმოებელია ამერიკიდან და უსწრებს ათეულის სხვა წარმომადგენლებს, ჩილესა (მე-6) და არგენტინას (მე-7). რეიტინგში, აფრიკიდან მხოლოდ ოთხი სახელმწიფო გვხვდება, რომელთა შორის ლიდერიც სამხრეთი აფრიკაა (10.2 მილიონი ჰექტოლიტრი), ხოლო აზიაში პირველობა ჩინეთს ეკუთვნის – მთლიანი რეიტინგის მე-14 პოზიციითა და 2022 წელს წარმოებული 4.2 მილიონი ჰექტოლიტრით.

საერთო ჯამში, მსოფლიოს ღვინის მარაგის ორი მესამედი ევროპის ქვეყნებზე მოდის, შემდეგ არის ამერიკა (20%) და ოკეანეთი (6%). მხოლოდ სამეული, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, მსოფლიოს ღვინის საერთო მარაგის ნახევარს იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წელს წარმოებული ღვინის მოცულობით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სიაში ის მე-18 პოზიციას სჯერდება. OIV-ს მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოში წარმოებული ღვინის მოცულობა, 2021 წელთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ჰექტოლიტრს გაუტოლდა, რაც მთლიანი წარმოების 0.83%-ია. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, რეიტინგში, 4.7 მილიონი ჰექტოლიტრი წარმოებული ღვინით მოხვდა რუსეთი (მე-11) და თურქეთი — 0.6 მილიონი ჰექტოლიტრი (29-ე პოზიცია).

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:

  1. იტალია – 49.8 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 19.3%)
  2. საფრანგეთი – 45.6 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 17.65%)
  3. ესპანეთი –  35.7 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 13.82%)
  4. ამერიკის შეერთებული შტატები –  22.4 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 8.67%)
  5. ავსტრალია – 12.7 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 4.93%)
  6. ჩილე – 12.4 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 4.82%)
  7. არგენტინა – 11.5 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 4.43%)
  8. სამხრეთი აფრიკა – 10.2 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 3.93%)
  9. გერმანია –  8.9 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 3.46%)
  10. პორტუგალია –  6.8 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი წარმოების – 2.62%)