გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და „მეცის“ ცენტრ-ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 2022-23 წლების სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 23 გოლი და რვა საგოლე გადაცემაა. დამატებითი, ქართველმა Coupe de France-ზე სამ თამაშში თავი ერთი გოლითა და ასევე ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ გიორგის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ჯოშ მაჯა (ბორდო), ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი), ნილს ნკუნკუ (სენტ-ეტიენი) და ვიქტორ ლეხალი (ლე ჰავრი) ეცილებოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ UNFP-მა ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე, კილიან მბაპე დაასახელა.