გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ ტრანსფერის დეტალები

გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ ტრანსფერის დეტალები

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ რეკორდული ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლიონი“ მის სანაცვლოდ „მეცისთვის“ €18.5 მილიონის გადახდას დასთანხმდა, ამდენი კი ჯერ არცერთ ქართველ ფეხბურთელში არ გადაუხდიათ.

ზემოხსენებულ თანხას შესაძლოა დაემატოს €4.5-მილიონიანი ბონუსი. ამასთან ერთად, კონტრაქტის მიხედვით, რომლის ვადაც 2028 წელს იწურება, „მეცი“ მიქაუტაძის მომდევნო ტრანსფერიდან 15%-ს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს შორის ტრანსფერში გადახდილი თანხის მიხედვით წინა რეკორდიც გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა – 2023 წელს „მეცმა“ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გაასხვისა. ცოტა ხნის წინ კი ის კვლავ ფრანგულმა კლუბმა, 13 მილიონი ევროდ გამოისყიდა.

მიქაუტაძის შეძენით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, „მონაკო“ ინტერესდებოდა. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, შეთანხმება დასკვნით ეტაპზე იყო მისული და „მონაკო“ გიორგის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, ბავშვობის კლუბში გადასვლა ამჯობინა.

მიქაუტაძე სწორედ ლიონშია დაბადებული და ფეხბურთის თამაშიც ამ ქალაქის კლუბის აკადემიაში დაიწყო. გიორგის დიდი სურვილის მიუხედავად, მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ლიონში“ არ დაწყებულა. ახალგაზრდულ კლუბებში თამაშის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ აღმოჩნდა, რომელმაც ის ბელგიაში, „სერენში“ გაანათხოვრა.

ცნობისთვის, „მეცის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში არასრულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 13 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ თავი ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა, სადაც სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. შედეგად, ქართველი ფეხბურთელი EURO 2024-ის ბომბარდირებს შორის მოხვდა და „ოქროს ბუცი“ მოიგო.