გივი მაჭარაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური მედალი განაღდებული აქვს.
გივიმ ფინალში გასასვლელად აღნიშნულ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანის წარმომადგენელი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 5:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟეს წინააღმდეგ გამართა. ქართველმა მოჭიდავემ დაპირისპირებაში დამაჯერებელი ანგარიშით, ვადაზე ადრე, 12:2 მოიგო.
ამის შემდეგ, გივი მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდა. მაჭარაშვილმა ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად, ანგარიშით 11:0 მოიგო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).