ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა აღმასრულებელ ხელმძღვანელ დევიდ სოლომონს წლიური ანაზღაურება $10 მილიონით, ანუ 36%-ით შეუმცირა. ამის მიზეზად ორგანიზაციის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სახელდება, რომელიც ობლიგაციების გაყიდვებს უკავშირდება და რომელშიც 1MDB-ის სახელით ცნობილი მალაიზიის საინვესტიციო ფონდი იყო გარეული.
როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნება, საუბარია $4.5 მილიარდის ღირებულების თანხის მოპარვაზე, რის გამოც Goldman Sachs-ი მექრთმეობის წინააღმდეგ კანონი დარღვევაში დაადანაშაულეს. კერძოდ, იუსტიციის დეპარტამენტმა მალაიზიელი ფინანსისტი ჯო ლოუ დაადანაშულა შეთქმულების ორგანიზებაში, რათა ფონდიდან თანხების მალაიზიის ყოფილი პრემიერის, ნაჯიბ რაზაკის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა უზრუნველყო.
“Goldman Sachs-ის სამი აღმასრულებელი ჩართული იყო, ან იცოდა კომპანის მონაწილეობის შესახებ ნებისმიერ უკანონო აქტივობაში მაშინ, როდესაც კომპანიამ ობლიგაციების ტრანზაქცია განახორციელა. საბჭო ამ საკითხს ინსტიტუციურ მარცხს უწოდებს, რაც შეუსაბამოა იმ მაღალ მოლოდინებთან, რაც ამ კომპანიის მიმართ არსებობს“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Goldman-ი დათანხმდა $3 მილიარდის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე. ხოლო, ხელმძღვანელ პირებს შეუმცირდათ წლიური ანაზღაურება. კერძოდ, ოქტომბერში, ბანკმა განაცხადა, რომ ანაზღაურება შეუმცირდებოდათ აღმასრულებელ ხელმძღვანელ დევიდ სოლომონს, მთავარ ფინანსურ ოფიცერს სტეფან შერს და მთავარ საოპერაციო ოფიცერს ჯონ უოლდრონს.