გზა Global Excellence Awards-ის ჯილდომდე | ინტერვიუ სოფო ჩოგოვაძესთან

გზა Global Excellence Awards-ის ჯილდომდე | ინტერვიუ სოფო ჩოგოვაძესთან

სოფო ჩოგოვაძე ამერიკული რესტორნების ქსელის, Wendy’s-ის ქართულ გუნდს 2013 წელს, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. 2016 წლიდან კი მან კომპანიაში ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, რომელსაც დღემდე უძღვება.

ცოტა ხნის წინ სოფოს Wendy’s-ის გლობალურ სისტემაში ყველაზე საპატიო, Global Excellence Award-ის ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ჯილდოს კომპანიის გლობალური პრეზიდენტი ყოველწლიურად იმ თანამშრომლებს გადასცემს, რომლებმაც კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მათ შორის, რომელთა ინდივიდუალურმა მიღწევებმა ბიზნესშედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა; რომლებიც მართვის უნიკალური უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან; ამასთან, რომლებიც შთამაგონებელნი, სამაგალითონი და მისაბაძნი არიან თანაგუნდელთათვის.

სოფო Wendy’s-ში განვლილ კარიერულ გზაზე, კომპანიასთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, ასევე მისთვის Global Excellence Award-ის ჯილდოს მნიშვნელობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი და Wendy’s-ის ურთიერთობა და რა გზა გაიარეთ კომპანიასთან ერთად თითქმის ცხრაწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში?

ზოგადად, ძალიან ინტერესიანი ადამიანი ვარ, სულ სიახლეებისა და გამოწვევების ძიებაში, ამიტომ ცხრაწლიანი ურთიერთობა ჩემთვისაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. თუმცა ჩემი მოგზაურობა იმდენად მრავალფეროვანი და თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდა, რომ მუდმივად მქონდა ზრდის, წინსვლისა და თვითრეალიზების შეგრძნება, რამაც ამ წლების განმავლობაში ბრენდისადმი  ლოიალობა უფრო და უფრო გამიღრმავა.

გარდა ამისა, როგორც კი Wendy’s-ის გუნდის წევრი გავხდი, მაშინვე ვიგრძენი ძალიან დიდი თანხვდენა კომპანიის კულტურასა და ჩემს ფასეულობებს შორის.

როგორც ჩანს, ეს მსგავსება ჩვენს გლობალურ პრეზიდენტსაც არ გამოჰპარვია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩემს ოფიციალურ როლთან ერთად კომპანიის ბრენდ-ამბასადორების გუნდის ლიდერობაც ჩამაბარა.

როგორ შეაფასებთ Wendy’s-სთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებას? როგორ დაგეხმარათ ეს გამოცდილება კარიერული და პიროვნული განვითარების კუთხით?

ამ მხრივ, ყველაზე მეტად კომპანიაში ჩემი როლის მრავალფეროვნებას გამოვყოფდი, რაც წლების განმავლობაში საკუთარი ძლიერი მხარეების კიდევ უფრო განმტკიცებასა და ისეთი ახალი უნარების გამომუშავებაში მეხმარებოდა, რომლებიც როგორც კარიერული, ისე პიროვნული ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

საკუთარ თავზე მუშაობას მუდმივად ვაგრძელებ როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. ახლახან მოვხვდი კომპანიის HR-გუნდის მიერ სპეციალურად შერჩეულ ლიდერებს შორის, რომლებთან ერთადაც 6 თვის განმავლობაში შესაძლებლობა მექნება, ექსკლუზიურად ჩვენთვის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ სემინარებსა თუ მასტერკლასებს დავესწრო.

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძელით წარმატების მიღწევა, რაც ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე თქვენს დანიშვნაში გამოიხატა?

ძალიან ძნელია ერთი კონკრეტული ფაქტორის დასახელება, რადგან ეს ალბათ უფრო კომპლექსური ძალისხმევის შედეგია. თუმცა მაინც გამოვყოფდი წარმატების მიღწევის დაჟინებულ სურვილსა და თავდაუზოგავ შრომას. ასეთი მასშტაბის კორპორაციებში მსგავსი საპასუხისმგებლო როლის მისაღებად სრულ ფიზიკურ და მენტალურ მზადყოფნაში უნდა იყო უძილო ღამეებისთვის, დაბრკოლებებისთვის, არაერთი განსხვავებული აზრის მოსმენისთვის, დაუღალავი შრომისთვის და აშ.

ასევე, ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში ძალიან დამეხმარა მკაფიოდ განსაზღვრული როგორც ზოგადად კომპანიის, ისე პირადად ჩემი კარიერული მოკლე- თუ გრძელვადიანი მიზნები.

თქვენი პოზიციისთვის დაკისრებული მოვალეობების ერთმანეთისგან განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში: ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში შესრულება გიწევთ – რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს?

გარდა იმისა, რომ ჩემი ბაზრები გეოგრაფიულად ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, ისინი კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული კულტურის ადამიანებთან მუშაობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. მით უფრო, როდესაც ჩვენს სფეროში უმნიშვნელოვანესია, იცნობდე საკუთარ მომხმარებელს, მის ისტორიას, კულტურას, ფსიქოლოგიასა და სურვილებს – თავიდან მომიწია არა მარტო Wendy’s-ის ლოკალურ წარმომადგენლებთან ადაპტაცია, არამედ თითოეული ქვეყნის კულტურისა თუ ისტორიის სიღრმისეულად შესწავლა.

ეს განსხვავებები, რეალურად, ძალიან ართულებს ბრენდის პოზიციონირებასა და მარკეტინგული პროგრამების განხორციელებას, თუმცა ამავდროულად ჩემს სამსახურს უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანსა და კრეატიულს ხდის.  ფაქტობრივად, ყველა ჩემი ბაზარი თავისებურად უნიკალურია, იქნება ეს რესტორნის ზომა, ფორმატი, მენიუ, მომხმარებელი თუ სხვა.

Wendy’s-თან დაკავშირებული კარიერის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე საინტერესო რომელ პროექტზე ან პროექტებზე მუშაობა აღმოჩნდა და რატომ?

ასე, რომელიმეს გამოყოფა ძნელია, თუმცა ამჟამად ერთ პროექტს ვხელმძღვანელობ, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და აზარტულია.

როგორც იცით, ინდოეთი უნიკალური ქვეყანაა თავისი კულტურითა და ისტორიით და მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა, ძალიან ბევრ გლობალურ ბრენდს გაუჭირდა იქ ფეხის მოკიდება, ძირითადად მომხმარებლების განსაკუთრებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ბაზარზე დამკვიდრების მისია განსაკუთრებით რთულია ჩვენი ბრენდის შემთხვევაში, რადგან იქ ფიზიკური რესტორნების ნაცვლად ძირითადად „Cloud Kitchen“-ის ფორმატის რესტორნებს ვავითარებთ და მომხმარებლების კვებითი პრეფერენციების გამო, ჩვენი საფირმო მენიუს 90%-ს მათ ფიზიკურად ვერ ვთავაზობთ.

სწორედ ამიტომ, დღეს ვხელმძღვანელობ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ პარტნიორებთან და ჩვენს გლობალურ სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობ ბრენდის ისეთი პოზიციონირებისა და მენიუს სტრატეგიის განვითარებაზე, რომელიც თანხვდენილი იქნება ჩვენს გლობალურ სტრატეგიებთან. ასევე, რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ფასეულობები ადგილობრივებისთვის რელევანტურ ენაზე ეფექტიანად გადმოსცეს.

ცოტა ხნის წინ Global Excellence Awards-ის ჯილდო მოიპოვეთ – რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?

რაღა დაგიმალოთ და ძალიან სასიამოვნოა ამხელა მულტინაციონალურ კორპორაციაში, ამდენ ადამიანს შორის რომ გამოგარჩევენ და კომპანიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაგაჯილდოებენ. განსაკუთრებით გამიხარდა, ეს აღიარება პანდემიის პერიოდს რომ დაემთხვა, რომელიც ჩემთვის და არამარტო ჩემთვის ურთულესი გამოწვევა იყო როგორც პროფესიულ, ისე პირად ასპარეზზე.

ბუნებრივია ეს კომპანიის მხრიდან გამოხატული ნდობა და დაფასება კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, ორმაგი ენერგიით გავაგრძელო კომპანიის განვითარებაში ჩემი მცირედი წვლილის შეტანა. 

დაბოლოს, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ახლო მომავალში ჩემ მიერ დასახული კარიერული გეზის რადიკალურად შეცვლას არ ვგეგმავ. პირიქით, ახლა, როდესაც გლობალური მასშტაბით მაკროგარემო  ნელ-ნელა სტაბილურდება, ბიზნესი ახალ, კიდევ უფრო აქტიურ და ამბიციურ ფაზაში გადადის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, ჩემი გლობალური პორტფელის კიდევ უფრო გაფართოება და დანარჩენი სამყაროსთვის ჩვენი უსაყვარლესი ბრენდის გაცნობა.

ასე რომ, ჩემოდანი უკვე ჩალაგებული მაქვს და ვირტუალური სივრციდან რეალურ სამყაროს ვუბრუნდები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *