ირანში ჰიჯაბის ტარების წესის დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა ქუჩებში „მორალის პოლიციას“ აბრუნებს. ირანის სამართალდამცავი უწყების პრესსპიკერის, საიდ მონტაზერალმაჰდის განცხადებით, ქვეითი პოლიციელები ირანის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ და ისლამურ რესპუბლიკაში განსაზღვრული ჰიჯაბის ტარების წესების იმპლემენტაციას შეუდგნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამართალდამცავი უწყების პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ „მორალის პოლიცია“ წესების დამრღვევს თავდაპირველად გააფრთხილებს, შემდეგ კი სასამართლოს წარუდგენს.
საიდ მონტაზერალმაჰდის განმარტებით, პოლიციის მოლოდინით, ჩაცმულობის ნორმებს მოსახლეობა კანონის შესაბამისად დაიცავს, პოლიციას კი სხვა საკითხებზე სამუშაოდ მეტი დრო დარჩება.
„მორალის პოლიციის“ ოფიცრებს მიეთითათ, რომ ქალს – და ზოგიერთ შემთხვევაში კაცს – სწორად ჩაცმის შესახებ გაფრთხილება მიეცეს. გაფრთხილება შეიძლება იყოს როგორც ჰიჯაბის გასწორებისაკენ მოწოდება, ასევე ჩაცმულობის მთლიანად გამოცვლაც. იმ ქალებს, ვინც გაფრთხილებას არ დაემორჩილებიან, დააპატიმრებენ და ე.წ. განათლების თავიდან მისაღებად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანენ. აღნიშნულ დაწესებულებებს პოლიცია მართავს.
შეგახსენებთ, რომ „მორალის პოლიციის“ გაუქმების გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ დაახლოებით ათი თვის წინ მიიღო. მიზეზი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის გასაპროტესტებლად დაწყებული მასობრივი დემონსტრაციები გახლდათ. ამ პერიოდის განმავლობაში ირანის პოლიცია აღნიშნული წესის დარღვევების გამოვლენას ქუჩებში ვიდეოდაკვირვებით ახორციელებდა. თუმცა, როგორც ჩანს, პროტესტის შემცირებასთან ერთად, ირანის ხელისუფლებამ მკაცრი ზომების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.