“ჰილტონი” თბილისში ექსკლუზიური პროექტით შემოდის

“ჰილტონი” თბილისში ექსკლუზიური პროექტით შემოდის

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი “ჰილტონი” თბილისში უნიკალური პროექტით შემოდის. სასტუმროს ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში იხილოს ძველი და თანამედროვე ეპოქების იდეალური სინთეზი.

“ჰილტონი” კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობას დაიკავებს, რომელსაც ქუჩის მხრიდან ძველი იერსახე შეუნარჩუნდება, თუმცა, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექრორები და დიზაინერები მის მოდერნიზებას მოახდენენ.

მსგავსი ტიპის სასტუმროს აშენების იდეა, “ჰილტონის” კონტრაქტორს, საინვესტიციო კომპანია “გრანატს” ეკუთვნის.

არსებულ ბიზნეს ჯგუფს, რომლის მფლობელობაშიც არის საინვესტიციო კომპანია, ამბიციური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების შემოყვანით ახორციელებს.

“ჰილტონის”პროექტის განხორციელების იდეასა და სამომავლო გეგმებზე “გრანატის” ერთ-ერთ პარტნიორი მერაბ ჩიხრაძე საუბრობს:

“ჩვენს ჯგუფს ბისნესის რამდენიმე მიმართულება აქვს, ერთ-ერთი კი სასტუმროების სექტორია. ამ კუთხით, დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ თბილისში გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქს მოუხდებოდა, ასევე, თავისი სტილისტიკითა და დიზაინით გახდებოდა ტურისტებისთვის და თბილისელებისთვის გამორჩეული ადგილი.

ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში საუკეთესო კომპანიების შემოყვანა. ასეთი ბრენდების ოპერორება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და რაც მთავარია, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც დღეისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს პრიორიტეტულ სექტორებში. ჩვენი სტრატეგიის განხორციელების ნათელი მაგალითია ცემენტის წარმოების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრანგული კომპანია “Lafarge”-ს შემოყვანა საქართველოში. მათთან პარტნიორობით ქ. ფოთში გავხსენით ცემენტის ქარხანა და წარმატებით ვოპერირებთ საქართველოს ბაზარზე, ასევე თბილისში გავხსენით ბეტონის ქარხანა, რომელიც ასევე Lafarge-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს.

 “Lafarge”-ის წარმატებული პროექტის შემდეგ გვინდოდა სასტუმროს ბიზნესში უფრო მასშტაბური პროექტი გაგვეკეთებინა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ადგილს, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნებოდა და აღმოვაჩინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა”.

რა კრიტერიუმებით მოხდა ამ შენობის არჩევა?

მოგეხსენებათ, სასტუმროს ბიზნესში ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავდაპირველად, შენობა ერთ-ერთ კომპანიას ინვესტიციის ვალდებულებით გადასცეს. ინვესტორმა მისი განხორციელება ვერ შეძლო და შენობა 8 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო. როდესაც ეკონომიკის სამინისტროსთან დავიწყეთ მოლაპარაკება, მათგან პოზიტივი წამოვიდა. მათი დიდი მხარდაჭერის შედეგად, საკმაოდ ბევრი და რთული პროცედურა გავიარეთ, საბოლოოდ კი შენობა შევისყიდეთ. ძველ ინვესტორს მისთვის სასურველი თანხა გადავუხადეთ, სახელმწიფოს კი სერიოზული საბანკო გარანტია მივეცით, რომ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. ამის შემდგომ, დავიწყეთ მოლაპარაკება ბრენდებთან და საბოლოოდ, არჩევანი “ჰილტონზე” შევაჩერეთ.

რამდენად რთული იყო “ჰილტონის” დათანხმება არასტანდარტული ტიპის სასტუმროს აშენების იდეაზე?

ჩვენ გაგვიმართლა, რომ “ჰილტონის” მთავარი ბრენდი ქალაქ თბილისში არც ერთ კომპანიას არ ჰქონდა დაკონტრაქტებული. შენობის ადგილმდებარეობიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ბრენდმა გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი. თუმცა, არჩევანი “ჰილტონზე” გავაკეთეთ – იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობად სასტუმროების სამეულშია. ჩვენ გვინდა, რომ ექსკლუზიური “ჰილტონი” გავაკეთოთ, რომელიც მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამ პირობაზე მათი მენეჯმენტი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. კომპანიის წარმომადგენლები საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილები საქართველოს მიმართ.

რით განსხვავდება თქვენს მიერ შეთავაზებული სასტუმროს პროექტი “ჰილტონ ბათუმისგან”?

ეს იქნება არასტანდარტული და უნიკალური, ძველი და ახალი ეპოქის სინთეზით შექმნილი ინტერიერის მქონე სასტუმრო. შენობის წინა ფასადი შენარჩუნდება და ინტერიერი თანამედროვე “დიზაინ” სტილში გაკეთდება. სწორედ ძველ შენობაში ვაპირებთ გავაკეთოთ მაღალი დონის რესტორანი. რაც შეეხება შენობის მეორე ნაწილს, რომელიც უკანა მხრიდან მთავარ, ძველ შენობას მიედგმება,  იქნება თანამედროვე არქიტექტურით, რომლის ზედა სართულზე განთავსდება ღია აუზი, ექსკლუზიური სპა და ე.წ. sky Bar-ი.

ჩვენი მთავარი მიზანია, ძველ შენობას, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა, იერსახე არ შეეცვალოს და სიძველის ეფექტი არ დაკარგოს, ხოლო ახალი შენობა იყოს მაქსიმალურად თანამედროვე. ამისათვის კონტრაქტები გავაფორმეთ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მყოფ კომპანიასთან “ლისსონიასოსიატი” და მის დამაარსებელ პიერო ლისსონისთან. ეს ადამიანი გამოირჩევა მისი დახვეწილი სტილით, რომელსაც აღიარებს ყველა თანამედროვე არქიტექტორი თუ დიზაინერი. კომპანიას არაჩვეულებრივად გამოსდის დიზაინში ძველი და თანამედროვე ეპოქის სინთეზი. არქიტექტურის კუთხით კი ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს ცნობილ ბრიტანულ კომპანიასთან “რეარდონ სმიტი”. სასტუმრო იქნება დიზაინზე ორიენტირებული და სტანდარტულ ჩარჩოებში არ ჩაჯდება. ვისთვისაც ინტერიერი მნიშვნელოვანია, ის შენობაში შესვლისთანავე დაინახავს განსხვავებას სტანდარტულ სასტუმროებსა და ჩვენს “ჰილტონს” შორის.

რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები?

როგორც გითხარით, ჩვენი პრინციპული მიდგომაა, შევინარჩუნოთ შენობის ისტორია, ვიდრე დავანგრიოთ და ბევრად ნაკლებ ბიუჯეტით ავაშენოთ ახალი. სწორედ ამის გამო, გარკვეულწილად გვიწევს რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებზე მუშაობა, რაც დროს მოითხოვს, ეს ეხება სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მთავარი შენობის უკანა სექცია, რომელიც მოგვიანებით იყო მიშენებული, საკმაოდ უსახურად გამოიყურებოდა, ამიტომ მისი დემონტაჟი მოხდა. მალე, ამ ადგილას დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სადაც აშენდება თანამედროვე შენობა. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით ორ თვეში მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავალთ. ვგეგმავთ “Lafarge”-ს ცემენტისა და ბეტონის ინოვაციური პროდუქტები “ჰილტონის” მშენებლობაში გამოვიყენოთ. არსებობს Lafarge -ს ინოვაციური პროდუქტები, რომლის დანერგვასაც საქართველოში ვაპირებთ. ეს პროდუქტები არქიტეტურაში კრეატიული შენობების შექმნას ემსახურება.

სამშენებლო პროცესის მენეჯმენტს გვიკეთებს ბრიტანული კომპანია BHP, რათა მშენებლობა მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს და “ჰილტონის” მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენთვისაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია.

პარალელურად, ჩვენი პროექტის მენეჯმენტი თავდაუზოგავად და ინტენსიურად მუშაობს კონტრაქტებზე სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც პროექტის შემადგენელი ნაწილია. ამით ჩვენ პროცესებს ფორსირებას ვუკეთებთ, რათა არ მოხდეს დაგვიანება და პროექტი დასრულდეს ჩვენთვის სასურველ ვადაში.

რა თანხის ინვესტიციაზეა საუბარი და რამდენი ნომერი იქნება სასტუმროში?

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 40 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება. შვიდსართულიან შენობაში მინიმუმ 200 ოთახი იქნება. როგორც უკვე გითხარით, სასტუმროში გაკეთდება მარალი დონის რესტორანი, ასევე ერთი დიდი და რამდენიმე პატარა საკონფერენციო დარბაზი. მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს ინტერიერის თვალსაზრისით, რომელსაც ჯერ არ გაგიმხელთ. ამ პროექტით ასობით ადგილობრივი დასაქმდება.

თქვენი კომპანიისთვის მსოფლიოს ორი ცნობილი ბრენდის საქართველოში შემოყვანა ამბიციური განაცხადია, კიდევ უნდა ველოდოთ სხვა ცნობილი ბრენდების საქართველოთი დაინტერესებას?

ჩვენი ჯგუფის პრაქტიკული ნაბიჯები მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისკენ. უახლოეს მომავალში კიდევ ახალი ბრენდებიც შეიძლება გამოჩნდნენ. გვაქვს რამდენიმე კარგი პროექტი, რომელიც მოლაპარაკებების სტადიაშია და წარატებით დასრულების შემთხვევაში, საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს ამის შესახებ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *