HSBC Holdings-მა, მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკაში გაფართოების მიზნით, Citigroup-ის ჩინეთის საცალო სიმდიდრის მართვის პორტფოლიოს შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. HSBC-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, პორტფოლიო მოიცავს დაახლოებით $3.6 მილიარდის ღირებულების აქტივებსა და დეპოზიტებს, ჯამში ჩინეთის თერთმეტი ქალაქის მდიდარი მომხმარებლისგან.
HSBC-ი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სიმდიდრის ბაზარზე ცდილობს ლიდერობის მოპოვებას, რომელიც ორგანიზაციისთვის, აზიის სტრატეგიის ფარგლებში, მთავარ საყრდენად განიხილება. „კონტინენტური ჩინეთი ცენტრალური ფიგურაა ჩვენი ამბიციისთვის, აზიაში გავხდეთ ლიდერები სიმდიდრის მართვის მიმართულებით“, – განაცხადა HSBC-ის სიმდიდრისა და პირადი ბანკინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნო მატოსმა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მიღწეულ შეთანხმებას, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეშფოთებებიც თან ახლავს. ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკისთვის სიმდიდრის ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენდა, ხანგრძლივ ვარდნას განიცდის. ჩინეთის საცალო აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები ამ ეტაპისთვის არ გასაჯაროებულა თუმცა Citi-ის ინფორმაციით, გარიგება სავარაუდოდ 2024 წლის პირველ ნახევარში დაიხურება.
აქტივების გაყიდვა Citi-ის მიერ 2022 წლის დეკემბერში დაანონსებული გეგმის ნაწილია – შეემცირებინა სამომხმარებლო საბანკო ბიზნესი ჩინეთში. თუმცა HSBC-ის მიერ შესყიდული პორტფელი არ მოიცავს Citi China-ს საკრედიტო ბარათებს, იპოთეკურ და სხვა ტიპის სესხებს. თავის მხრივ კი, HSBC-მ, რომელიც ჰონგ-კონგს მის უდიდეს ბაზრებს შორის ითვლის, HSBC Life China-ში დარჩენილი 50%-იც შეიძინა და ჩინეთის ექვს ქალაქში სხვა კერძო საბანკო ინიციატივები წამოიწყო.