I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.27 მლნ-ით განისაზღვრა

I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.27 მლნ-ით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, აღნიშნულ საქართველოს ტერიტორიაზე 15+ ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.27 მილიონით განისაზღვრა. ამ პირებმა თვეში საშუალოდ 1.55 მილიონი ერთეული ვიზიტი განახორციელეს. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით – 8.8%-ით, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი 6.8%-ითაა გაზრდილი.

2024 წლის პირველ კვარტალში ექსკურსიული ტიპის ვიზიტები, ტურისტული ტიპის ვიზიტებს თითქმის 180 ათასით ჭარბობდა. ვიზიტორების 37.3% კი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ანგარიშის თანახმად, ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში ქალების წილი 53.4%-ით განისაზღვრა.

2024 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების 38.4% თბილისის, 14.6% კი იმერეთის მცხოვრებია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტიც სწორედ თბილისსა (საშუალოდ 377 ათასი) და იმერეთში (336 ათასი) განხორციელდა.

ანგარიშის თანახმად, ვიზიტების განხორციელების მიზნობრიობაში მეგობრის/ნათესავის მონახულება ჭარბობდა (52.4%). მეორე პოზიციას 16.2%-ით შოპინგი იკავებდა, დანარჩენი დანიშნულებები კი მცირე პროცენტული მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი.

პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას მოქალაქეები საშუალოდ თვეში 265.9 მილიონ ლარს ხარჯავდნენ, რაც გასული წლის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი 170.9 ლარით განისაზღვრა.

 

ფოტო: foodfuntravel.com