ფოტო: Reuters
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ რუსეთს შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც შავ ზღვაში სამოქალაქო ობიექტებსა და სამიზნეებზე თავდასხმების ორმხრივ შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა უკრაინულმა მხარემ მას შემდეგ გამოთქვა, რაც შავ ზღვაში გემებსა და პორტებზე თავდასხმების ზრდამ გლობალური საკვების მარაგების შემცირების რისკი შექმნა.
საკითხთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმების შეჩერების შეთავაზება კიევმა რუსეთს მესამე მხარის მეშვეობით გადასცა და უკრაინა პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.
რუსეთის მიერ ოდესის პორტებზე გაძლიერებული თავდასხმების შემდეგ, კიევი იძულებული გახდა გადაზიდვების ალტერნატიულ მარშრუტებზე გადასულიყო, რადგან გემების ოპერატორებმა პორტებში დასადგურებაზე უარი განაცხადეს.
თავის მხრივ პორტების ფუნქციონირება უკრაინულმა თავდასხმებმა რუსეთსაც შეუზღუდა. რუსეთს შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში სამივე ტერმინალის ოპერაციების შეჩერება მოუწია, რაც მარცვლეულის ექსპორტის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.
რეპორტაჟის გამოქვეყნებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ, განაცხადა, რომ მოსკოვს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური წინადადება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, თურქეთის შუამავლობით უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უკრაინას მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის თავიდან ასარიდებლად მარცვლეულის შავი ზღვით ექსპორტის საშუალებას აძლევდა. 2023 წელს რუსეთმა უარი თქვა შეთანხმების გახანგრძლივებაზე.
შავი ზღვის პორტების ამჟამინდელმა ფაქტობრივმა ბლოკადამ აგვისტოში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 76%-ით შეამცირა.
















