YouGov: რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიო მშვიდობისთვის?

YouGov: რომელი ქვეყნები წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიო მშვიდობისთვის?

ფოტო: Getty Images

 

გეოპოლიტიკურ საფრთხეებს ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, შესაბამისად, განსხვავდება ადამიანთა აღქმაც. თუკი გარკვეული საზოგადოებებისათვის შეერთებული შტატები მშვიდობისა და დემოკრატიის სიმბოლოა, კონკრეტული ერებისთვის ის მთავარ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ საფრთხეების აღქმა ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გეოპოლიტიკური კონტექსტია რეგიონში და კონკრეტულად სახელმწიფოში, ვინ არიან ერების მოკავშირეები, პარტნიორები, ისტორიული თუ თანამედროვე მტრები.

სტატიაში წარმოგიდგენთ საერთაშორისო კვლევის შედეგებს, რომელიც მსოფლიო მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემქმნელი სახელმწიფოს შესახებ აზრის გამოსაკითხად ჩატარდა.

კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია YouGov-მა ჩაატარა და ის 2026 წლის 17 ივნისიდან 1 ივლისამდე მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში მონაწილეობა შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 14,725-მა ადამიანმა მიიღო. ერთ ქვეყანაში საშუალოდ 2,000-2,300 ადამიანი გამოიკითხა. რესპონდენტებისათვის დასმული კითხვა იყო, თუ რომელ ქვეყანას აღიქვამდნენ ყველაზე დიდ საფრთხედ მსოფლიო მშვიდობისათვის. გამოკითხვა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და პოლონეთში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, ევროპულ ქვეყნებში მშვიდობისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს აღიქვამენ. ამ მხრივ ჩატარებული ლოკაციებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი პოლონეთშია, სადაც გამოკითხულთა 59%-ისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 42%, გაერთიანებულ სამეფოში 39%, ხოლო საფრანგეთში – 33%.

საინტერესოა, რომ ევროპელებისთვის ჩინეთი მშვიდობისთვის დიდ საფრთხედ არ აღიქმება და ევროპულ ქვეყნებში გამოკითხულთა მხოლოდ 2-3% ასახელებს მას საფრთხედ. რასაც ვერ ვიტყვით ამერიკელებზე. ჩინეთი ყველაზე დიდ საფრთხეს გამოკითხულთა შორის სწორედ ამერიკელებისთვის წარმოადგენს, სადაც ეს მაჩვენებელი 14%-ია. გარდა ამისა, ჩინეთს მშვიდობისთვის საფრთხედ ასახელებს გამოკითხულ ავსტრალიელთა 13%-ც.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ძირითადად დასავლურ სახელმწიფოებში ჩატარდა, მსოფლიო მშვიდობისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოკითხული ქვეყნების მოსახლეობაში აშშ აღიქმება. მეტიც, გამოკითხული კანადელების 37% ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი დიდი ალბათობით ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და კანადას შორის სატარიფო ომის მიმდინარეობის შედეგია.

აშშ მთავარი საფრთხეა ავსტრალიელებისთვისაც, სადაც გამოკითხულთა 30% იმავე აზრზეა. ბრიტანელებისა (25%) და გერმანელებისთვის (22%) კი აშშ რუსეთის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი საფრთხეა მშვიდობისთვის. თუმცა ყველაზე საინტერესოა, რომ აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გლობალური მშვიდობისთვის თავად ამერიკელები მიიჩნევენ (15%).

აშშ-ში გლობალური მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ირანს აღიქვამენ და ამას გამოკითხულთა 21% ადასტურებს. ირანს საფრთხედ ასახელებს გამოკითხულ ავსტრალიელთა 16%-ც. თუმცა, მაგალითად, პოლონეთისთვის ირანი გლობალური მშვიდობისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს (3%).

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ისრაელის მაჩვენებლები ყველა ქვეყანაში 10%-ზე მაღალია. ყველაზე დიდ საფრთხედ ისრაელს ავსტრალიაში (14%) აღიქვამენ. ჩრდილოეთი კორეა კი, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველაზე უკონტროლო სახელმწიფოა, საფრთხის შემცველ ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასდა. ჩრდილოეთი კორეა მთავარ საფრთხედ გამოკითხულთა მხოლოდ 2-6%-მა დაასახელა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.