საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (გაიზარდა 20.2%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0%-ით);
- მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3%-ით).
I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამავდროულად, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
2024 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ქ. თბილისი (2,3050 ლარი) და მცხეთა-მთიანეთი (1,680.2 ლარი) ლიდერობს.