I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 18.7%-ით გაიზარდა

I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 18.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7%-ით, ანუ დაახლოებით 270 ლარით გაიზარდა და 1, 716 ლარი შეადგინა.

შედარებით მაღალი ხელფასებით შემდეგი დარგები გამოირჩა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3,761 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 23.8%); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,631 ლარი (ზრდა 55.2%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2,386 ლარი (ზრდა 21.6%); მშენებლობა – 2,145 ლარი (ზრდა 14.7%).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 1,375 ლარით, ხოლო კაცების – 2,053 ლარით განისაზღვრა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში სქესთა შორის ანაზღაურების მნიშვნელოვან განსხვავებას.

რაც შეეხება ხელფასების წლიური ზრდის მაჩვენებლებს, ქალების შემთხვევაში ზრდამ 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცების შემთხვევაში – 358.1 ლარი (21.1%). უნდა ითქვას, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.