2025 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს გაყიდვები 13%-ით შემცირდა. ბოლო წლების მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ავტომწარმოებელმა 2022 წლის შემდეგ კვარტალური გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
ანგარიშის თანახმად, წლის პირველ სამ თვეში Tesla-მ თითქმის 337,000 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო. ცნობისთვის, წინა კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 495,570 ერთეული შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის გაყიდვები 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით 32%-ით შემცირდა. 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი, როდესაც Tesla-მ 387,000 მანქანა გაყიდა, ავტომწარმოებლის გაყიდვების წლიური ვარდნა 13%-ს შეადგენს.
სფეროს ექსპერტები Tesla-ს გაყიდვების ვარდნას მისი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის აშშ-ის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას უკავშირებენ. მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომლის ქმედებები, მათ შორის ფედერალური სააგენტოების დაშლა და შევიწროება, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს.
ამის გარდა, Tesla-ს გაყიდვების ვარდნას ჩინური EV-მწარმოებლების, განსაკუთრებით BYD-ის მხრიდან გაძლიერებულ კონკურენციასაც უკავშირებენ, რომელმაც ბოლო წლებში ბაზარზე თავისი წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.
კომპანიის შედეგებზე გარკვეულწილად ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის – Model Y – ახალ ვერსიაზე გადასვლამაც იმოქმედა. კერძოდ, განახლებულ ვერსიაზე გადასვლა გარდამავალ პერიოდში მიწოდებების კლებაზე აისახა.