I კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

I კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.6% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსის ცვლილება 9.4%-ია. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს – როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ასევე კერძო სახლების სეგმენტსაც.

2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 1.8% იყო. ფასებმა მოიმატა ასევე კერძო სახლების სეგმენტშიც – 2.6%-ით.

რაც შეეხება 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებას, ამ კუთხით კერძო სახლების სეგმენტში ზრდა 18.3% იყო, ხოლო ბინების შემთხვევაში ფასები საშუალოდ 12%-ითაა მომატებული.

2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლების სეგმენტში 1 კვ/მ-ის საშუალო ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორც ჩანს, კერძო სახლების შემთხვევაში 1 კვ/მ-ის ფასი თბილისის ყველა უბანში ბინებთან შედარებით დაბალია.

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას ასახავს. ინდექსის გამოსაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მიღებისთვის, საქსტატი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველ ვებგვერდებს იყენებს.