საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია.
ამ პერიოდში ექსპორტი 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12.7 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.
წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი – 2.5 მლრდ აშშ დოლარი;
- რუსეთი – 2 მლრდ აშშ დოლარი;
- აშშ – 1.7 მლრდ აშშ დოლარი;
ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანი (წილი მთლიან ექსპორტში – 14%), სომხეთი (12.9%) და ყაზახეთი (11.4%) არიან, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები – თურქეთი (წილი მთლიან იმპორტში – 16.6%), აშშ (12.5%) და რუსეთი (11.7%).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.8 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.6 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 928.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).