მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

გასული წელი, ტექნოლოგიური განვითარების კუთხით მრავალი თვალსაზრისით გამორჩეული გამოდგა. OpenAI-ის მიერ ენობრივი მოდელის, ChatGPT-ის წარდგენამ მომავლის ხედვა სრულად შეცვალა, ხელოვნურმა ინტელექტმა კი ფართო მასებს მიაღწია. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, ინოვაციებზე გავლენას თვალით უხილავი ფაქტორებიც ახდენს – ინსტიტუციური გარემოთი და მაღალტექნოლოგიური ექსპორტით დაწყებული, კვლევითი ტალანტითა და მეწარმეობის კულტურით დასრულებული.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის გლობალური ინოვაციურობის ინდექსის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ქვეყნების ინოვაციური სიძლიერის შესაფასებლად, ინდექსი შვიდ ძირითად კრიტერიუმს – ცოდნა და ტექნოლოგიური წარმოება; ადამიანური კაპიტალი და კვლევები; ბაზრის გაწაფულობა; კრეატიულობა; ინფრასტრუქტურა; ინსტიტუციები – და 80 ინდიკატორს იყენებს. ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, თითოეულ ქვეყანას ორგანიზაცია ინოვაციურობის განსასაზღვრად ქულას ანიჭებს.

ზედიზედ უკვე მე-13 წელია, რაც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში ლიდერობას შვეიცარია ინარჩუნებს. მთავარ ფაქტორებს შორის, რომლებიც მის სტატუსს განსაზღვრავს, ვხვდებით ქვეყანაში ბიზნესის წარმოების პოლიტიკასა და საპატენტო განაცხადების წარდგენის მასშტაბებს. შვეიცარიის მსოფლიო დონის კვლევითი ინსტიტუტები და გამოცდილი მუშახელი რეიტინგში ქვეყნის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

მეორე პოზიციით, ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში ამერიკის შეერთებულ შტატებს შვედეთი უსწრებს. ინდექსის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შვედეთი ბაზრის გაწაფულობით, ტალანტების დასაქმების მაჩვენებლითა და ერთ სულ მოსახლეზე მკვლევრების რაოდენობით გამოირჩევა.

მესამე ადგილის მფლობელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი უმაღლესი ქულების დაგროვება ვენჩურული კაპიტალის, გლობალური კორპორაციული კვლევისა და განვითარების (R&D) ინვესტორებისა და უნიქორნების რაოდენობის კატეგორიებში შეძლო. 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, 1,206 გლობალური უნიქორნიდან 54% სწორედ შტატებზე მოდიოდა.

საერთო რეიტინგის მეხუთე ადგილით კი აზიის სახელმწიფოებს შორის ლიდერი სინგაპურია. როგორც ფინანსური ჰაბი და გლობალური ინოვატორი, ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მთავრობის ეფექტიანობისა და ბიზნესის სტაბილურობის მხრივ, აქვს ყველაზე მაღალი ვენჩურული დაფინანსება ერთ სულ მოსახლეზე. რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, ამ შემთხვევაში ლიდერი 49-ე პოზიციით ბრაზილიაა, ხოლო აფრიკაში – მავრიკი (57).

მსოფლიოს ინოვაციური ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  1. შვეიცარია – 67.6 ქულა
  2. შვედეთი – 64.2 ქულა
  3. ამერიკის შეერთებული შტატები – 63.5 ქულა
  4. გაერთიანებული სამეფო – 62.4 ქულა
  5. სინგაპური – 61.5 ქულა
  6. ფინეთი – 61.2 ქულა
  7. ნიდერლანდები – 60.4 ქულა
  8. გერმანია – 58.8 ქულა
  9. დანია – 58.7 ქულა
  10. სამხრეთი კორეა – 58.6 ქულა