იაპონიის კოსმოსურმა საძიებო სააგენტომ 2029 წლისთვის მარსის მთვარიდან ნიადაგის ნიმუშების წამოღება დააანონსა, რაც, მათი მტკიცებით, საბოლოო ნაბიჯი იქნება პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად.
იაპონიამ ე.წ. რობოტ-მაძიებელი სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი დაასახელა. კოსმოსური საძიებო სისტემა აპირებს მარსის ერთ-ერთი მთვარე Phobos-დან, პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დამტკიცების მიზნით, ნიადაგის ნიმუშები შეაგროვოს და დედამიწაზე 2029 წლისთვის ჩამოიტანოს. მეცნიერების თქმით, მარსის მთვარიდან ნიმუშების შეგროვება უფრო მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
მარსზე მსგავსი სახის მისიები გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა დააანონსა. თუმცა, ისინი ნიმუშების შეგროვებას არა პლანეტის მთვარიდან, არამედ პირდაპირ პლანეტიდან გეგმავენ, დედამიწაზე ნიმუშების ჩამოტანის თარიღად კი 2030 და 2031 წლებს ვარაუდობენ. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის მარსზე განხორციელებულ ყველა წარმატებულ მისიაში როვერები მონაწილეობდნენ.
როვერი Perseverance (შეუპოვრობა), NASA-მ მარსზე 2020 წლის ივლისში გაუშვა. NASA-ს მიერ გაგზავნილი როვერის მისია მარსზე სიცოცხლის არსებობის ნიშნების მოძიებაა. Perseverance მარსზე სამძებრო მისიას კვლავ აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ როვერმა პირველ ჯერზე ვერ მოახერხა საჭირო ნიმუშების შეგროვება. ჩინეთის როვერი Zhurong-ი კი მარსზე 2021 წლის მაისში დაეშვა და პლანეტაზე ყოფნის პირველ 90 დღეში 889 მეტრი გაიარა.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა მოახერხეს პლანეტაზე როვერების წარმატებით დაშვება და იაპონიის ექსპედიცია ამ ფაქტს ვერ შეცვლის, რადგან მისი რობოტი მარსის მთვარეზე მიემგზავრება. თუმცა, ეს საშუალებას აძლევს იაპონიას, ნიმუშები შტატებსა და ჩინეთზე რამდენიმე წლით ადრე ჩამოიტანოს დედამიწაზე.