IBM-მა რუსეთში ყველა თანამშრომელი დაითხოვა

IBM-მა რუსეთში ყველა თანამშრომელი დაითხოვა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, IBM-მა რუსეთში ოპერირება ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტა, ხოლო ახლა ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ რუსეთში ყველა თანამშრომელი დაითხოვა, – ამის შესახებ IBM-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ.

„[თავის დროზე] მუშაობის დროებით შეწყვეტა იმიტომ გადავწვიტეთ, რომ გრძელვადიანი ვარიანტები მოგვეძებნა და ამ დროს თანამშრომლებისთვის ანაზღაურება გადაგვეხადა. თუმცა იმის ფონზე, რომ ომით გამოწვეული შედეგები იმატებს, ხოლო მისი გრძელვადიანი გართულებების შესახებ გაურკვევლობა იზრდება, რუსეთში IBM-ის ბიზნესის ორგანიზებული დახურვა გადავწყვიტეთ. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება მართებული და აუცილებელია და თან, ბუნებრივი მომდევნო ნაბიჯია საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შემდეგ“, – ვკითხულობთ IBM-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და აღმარულებელი ხელმძღვანელის, არვინდ კრიშნას წერილში.

აღსანიშნავია, რომ IBM-ის ეს განცხადება, რომელიც ამ კვირას გამოქვეყნდა, კომპანიის თანამშრომლებს 30 მაისს გაეგზავნა. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანიის თანამშრომლებს მიმდინარე მოვლენებში ბრალი არ მიუძღვით, მაგრამ მუდმივ სტრესსა და გაურკვევლობაში ყოფნას, კომპანიისა და მათი თანამშრომლების „განშორება“ სჯობს.

როგორც არვინდ კრიშნას წერილიდან ირკვევა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, IBM-ის სხვადასხვა ოფისის თანამშრომლებმა საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის $2 მილიონი შეაგროვეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *