რას ფიქრობს სხვადასხვა თაობა ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე?

რას ფიქრობს სხვადასხვა თაობა ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე?

პანდემიის დასრულების შემდგომ მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. დასაქმებულები და დამსაქმებლები კი პოსტპანდემიურ პერიოდში მუშაობის შესაბამისი ტიპის დადგენას ცდილობენ. ორგანიზაციების ნაწილი თანამშრომლებისგან ოფისებში დაბრუნებას ითხოვს, ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დანარჩენი კი, განსაკუთრებით ტექნიკური სექტორი, ჰიბრიდული მოდელის დანერგვაზე მუშაობს.

IWG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ დიქსონმა 1000-ზე მეტი ამერიკელის გამოსაკითხად კვლევა შეუკვეთა, რათა გაერკვია, თუ როგორ იყო განწყობილი თითოეული თაობა მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმის მიმართ. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მილენიალების დიდი ნაწილი (53%) სხვა სამსახურის ძებნას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ მათი დამსაქმებელი ამ ტიპის მუშაობას შეაჩერებს და მათგან ოფისში დაბრუნებას მოითხოვს. იმავე აზრს „ბეიბი ბუმერების“ თაობის შედარებით ნაკლები, 33% იზიარებს.

რაც შეეხება Gen-Z-ის, ამ თაობის ჰიბრიდული მოდელით დასაქმებულები ყველაზე მეტად ამბივალენტურები (40%) არიან. ეს შესაძლოა, მათი ასაკითა და სამუშაო სტილის შედარებაში ნაკლები გამოცდილებით აიხსნას. მაშინ, როდესაც ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი სხვა ტიპებთან შედარებით წამყვანი ხდება, კვლევები თაობების მიხედვით ახალი სამუშაო გარემოს განსხვავებულ გავლენას უსვამს ხაზს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სარგებელი, რომელიც ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმმა განაპირობა. როგორც ჩანს, ამ ტიპმა ამერიკელი დასაქმებულების (განურჩევლად თაობისა) 62%-ის მუშაობასა და ცხოვრების ბალანსზე დადებითად იმოქმედა, გაუმჯობესდა პროდუქტიულობა სახლში (48%), მთლიანი პირადი კეთილდღეობა (46%) და მათ შორის პროდუქტიულობა სამსახურშიც (45%).

თანამშრომლებს ოფისებში დასაბრუნებლად მიზეზი სჭირდებათ. ერთ-ერთი ალტერნატივა, განსაკუთრებით გარეუბანში მცხოვრებთათვის, ოფისის სიახლოვეა, ან თავად კომპანიის მიერ გადაადგილების ხარჯების დაფარვა. ეს შესაძლებელს გახდის, რომ დასაქმებულები კვირაში რამდენიმე დღით მაინც მივიდნენ ოფისში თანამშრომლების სანახავად. თუმცა ამერიკელთა 93% მიიჩნევს, რომ თანამშრომლებს შორის ძლიერი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად მათი პირადად ყოველდღე ნახვა აუცილებელი სულაც არაა.

კვლავ პრობლემაა გადაადგილება და მასთან დაკავშირებული ხარჯი. „ბეიბი ბუმერების“ 68% და Gen-X-ის 63%-ს ოფისში სიარულთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა სურს. მილენიალებს (49%) ნაკლები სტრესი ურჩევნიათ ცხოვრებაში, რაც მათ გადამღლელი მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.

რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, მილენიალების 73%-ის განცხადებით, მათ კარიერულ ზრდაზე ჰიბრიდულმა გარემომ დადებითად იმოქმედა, მსგავსად Gen-Z-ის მხოლოდ  ნახევარი ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ ორივე თაობის წარმომადგენლები, სრულ განაკვეთზე ოფისში მუშაობის შემთხვევაში, ხელფასის ზრდას ითხოვენ, თუმცა განსხვავებაა მოთხოვნილ თანხაში. მილენიალების უმრავლესობა ხელფასის 10%-ზე მეტით გაზრდას ითხოვს, მაშინ როდესაც Gen-Z-ის დაახლოებით ნახევარი ცვლილებებისთვის კომპენსაციად ანაზღაურების 10%-მდე მატებას განიხილავს.

საბოლოო დასკვნით, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი საყოველთაოდ პოპულარულია ყველა თაობაში. დროის განაწილებით ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურს შორის გაუმჯობესებულია მათ შორის ბალანსი, მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები კი მინიმუმამდეა შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *