იდეიდან - ბიზნესამდე

იდეიდან - ბიზნესამდე

ბიზნესაქსელერატორ “სპარკის” სტარტაპერებს კომპანია “ბიდიო” განვითარებასა და სწორი ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება.

ჩვენ ირგვლივ ადამიანები მუდმივად გამოხატავენ საკუთარი საქმის დაწყების სურვილს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სურვილი სურვილად რჩება, რადგან ზოგს ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთულად ესახება, ზოგი კი გამოწვევას მოუმზადებელი ხვდება, რაც, როგორც წესი, წარუმატებლობას განაპირობებს. ბიზნესის დაწყება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პროცესია და ძალიან ბევრი ეტაპის სწორად დაძლევას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ბიზნესიდეა, რომელიც საინტერესო უნდა იყოს, თუმცა წარმატებისთვის ეს ნამდვილად არ კმარა და მეტიც, რეალურად ყველაფერი ბიზნესიდეის გაჩენის შემდეგ იწყება.

ბიზნესიდეების ბიზნესგეგმებად გარდაქმნაში სტარტაპერებს “ბიდიო” ეხმარება – თბილისის მერიისა და ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში შექმნილი ბიზნესაქსელერატორ “სპარკის” პარტნიორი, რომელიც ყოველთვიურად არჩევს სიცოცხლისუნარიან იდეებს.

მაია ხაჩიძე, “ბიდიოს” პარტნიორი და კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი: “ბიზნესიდეა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, ის ისეთ ბიზნესგეგმად იქცეს, რომელიც ინვესტორისა და დამფინანსებლისგან სათანადო ნდობას მოიპოვებს. პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბიზნესაქსელერატორ “სპარკს”, რადგან სწორედ მისი წარმომადგენლები ახდენენ ბიზნესიდეების პირველად რეგისტრაციას და თითოეული იდეის ავტორთან ორი თვის განმავლობაში მუშაობენ, რათა პროექტის დახვეწაში დაეხმარონ. ისინი ასევე ზრუნავენ, ინფორმაცია იმ ფორმით მომზადდეს, რომ შესაძლებელი იყოს ბიზნესიდეების შემდგომი, უფრო ღრმა დამუშავება. მას შემდეგ, რაც ბიზნესაქსელერატორის მუშაობა ბენეფიციარებთან სრულდება, შემდგომი შერჩევის მიზნით იდეები ჩვენთან იგზავნება. არის შემთხვევები, როდესაც იდეა კიდევ საჭიროებს დახვეწას და ავტორს ამისთვის დამატებითი დრო ეძლევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც იდეებს ვაფასებთ. განვიხილავთ და ვაფასებთ თითოეული პროექტის საბაზრო, ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ მიზანშეწონილობას. პირველ რიგში, განვსაზღვრავთ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ეფექტიანი ოპერირება და სათანადო გასაღების ბაზრების მოძიება, იქნება თუ არა მოთხოვნა ამ პროდუქტზე/ მომსახურებაზე, რა ფასის კატეგორიაში შეიძლება იყოს ეს პროდუქტი და ა.შ. ფასდება პროექტთან დაკავშირებული საბაზისო იურიდიული რისკები და ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა იდეის ავტორის მხრიდან იდეის ტექნოლოგიური განხორციელებადობის დასაბუთებას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესიდეების შემთხვევაში, როცა პროტოტიპები შესაძლოა არც კი იყოს შექმნილი. განვიხილავთ ორგანიზაციულ სტრუქტურას და პროექტში ჩართული პირების გამოცდილებას, რათა შევაფასოთ პროექტთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკები. შემდეგ უკვე ფასდება ისეთი ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, როგორიც არის წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV), უკუგების შიდა განაკვეთი (IRR), დროის პერიოდი, რომელიც განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნებისთვისაა საჭირო და სხვა. აღნიშნული ფინანსური ანალიზი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იდეა ჩანდეს კარგი, ინოვაციური, მაგრამ ძალიან დიდ ხარჯთან იყოს დაკავშირებული – ისეთთან, რომლის უკან დაბრუნებასაც პროექტი ვერ შეძლებს იმის გამო, რომ ნაკლები მოთხოვნა იქნება. ან კიდევ, შეიძლება არ იყოს დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც არ იყოს მოთხოვნა და ა.შ. ანალიზის დროს ასევე ვითვალისწინებთ იმ სექტორის სპეციფიკას, რომელიც პოტენციური ბიზნესისთვის მიზნობრივ სფეროს წარმოადგენს. ჯამში, ყველა კომპონენტის ანალიზი და შეფასება საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ, არის თუ არა კონკრეტული ბიზნესიდეა ეკონომიკურად მიზანშეწონილი და გამართული. ჩატარებული ანალიზის გათვალისწინებით, შემოსული იდეებიდან ყოველთვიურად გამოვლინდება არაუმეტეს ექვსი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბიზნესიდეისა, რომელთა სრულყოფილ ბიზნესგეგმად გადაქცევასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ”.

მიმდინარე მდგომარეობით, ბიზნესაქსელერატორს 400-მდე ბიზნესიდეის ან მცირე ბიზნესის მქონე ბენეფიციარი ჰყავს. განსაზღვრულია ის რვა ძირითადი მიმართულება, რომლებიც პროექტისთვის პრიორიტეტულია. ეს მიმართულებებია: ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, სამედიცინო ბიზნესი, სპორტთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბიზნესი, ტრადიციული რეწვა (ხელნაკეთი ნივთები), ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინოვაციური ბიზნესიდეები, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები და ინოვაციები.

“ამ დრომდე “ბიდიოს” მიერ დამუშავებული და ბიზნესგეგმად ქცეული იდეები საკმაოდ მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებულია. ჩვენი დაკვირვებით, ეს იდეები ზუსტად პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებსა თუ პრობლემატიკას, მაგრამ ამავდროულად მეტი ინოვაციურობით გამოირჩევა. პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული იდეები, რაც განპირობებულია აღნიშნული ტექნოლოგიებისადმი გაზრდილი ინტერესით და ამავდროულად იმ განუსაზღვრელი შესაძლებლობებით, რასაც ეს ტექნოლოგიები რეალურად იძლევა”, – განმარტავს ხაჩიძე.

wershare – ასე ჰქვია ბექა დალაქიშვილის მიერ შექმნილ ონლაინ სარეკლამო პლატფორმას საჯარო ფინანსირების (Crowdfunding) მოდელით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, სასურველ პროექტებს თანხის პირდაპირი გადახდის გარეშე, ფინანსურად დაეხმარონ. როგორ იმუშავებს პლატფორმა? ვებგვერდზე ნებისმიერი შინაარსის პროექტის (საქველმოქმედო, გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის თუ პირადი მიზნებისთვის) განთავსებას როგორც კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია, ასევე ფიზიკური პირი შეძლებს. მეორე მხრივ, პროდუქტის/ მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით, დამკვეთი კომპანია ამავე ვებგვერდზე განათავსებს სარეკლამო მასალებს და ამ კონტენტის ნახვის საფუძველზე, მომხმარებლის მიერ არჩეულ პროექტს (რომლის მხარდასაჭერადაც რაიმე ქმედებას განახორციელებს), დამკვეთი კომპანია დადგენილი მოცულობის თანხას ჩაურიცხავს. ფინანსების მოგროვება მოხდება სამი მიმართულებით: ვიდეორეკლამის ყურება, ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა პლატფორმაზე რეგისტრაცია, აპლიკაციების გადმოწერა.

თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია და მას ხშირად არა აქვს საკმარისი დრო ისეთი მნიშვნელოვანი საქმისთვის, როგორიც კვალიფიკაციის ამაღლება და ბიზნესის მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირებაა. მარიამ მამულიას ბიზნესიდეა ონლაინ ტრენინგცენტრის შესახებ, მიზნად ისახავს ბაზარზე პროფესიული ტრენინგები უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს. Leadup-ი ყველა თავის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გაიაროს მისთვის სასურველი კურსი მოსახერხებელი და ინტუიციურად გასაგები ვებგვერდის მეშვეობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად.

საქართველოში კვების ობიექტების პოპულარობის მაჩვენებელი მაღალია და ვინაიდან მომხმარებლის მხრიდან უკვე გაჩნდა  მოთხოვნა ამა თუ იმ საკვები ობიექტის შესახებ ინფორმაციის ციფრულ ფორმატში მიღებასთან დაკავშირებით, საშუალო და მაღალი კლასის კვების ობიექტების ძირითად ნაწილს უკვე დიდი ხანია, თავისი ვებგვერდი აქვს. თუმცა ერთიანი პლატფორმა, რომლითაც სასურველ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა იქნება შესაძლებელი, მომსახურების განახლებული, კომპლექსური და ინოვაციური ფორმაა. ეს არის Reserved.ge, რომელიც ნატალია ბრეკაშვილს ეკუთვნის და სატესტო რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია. საიტი საკმაოდ ინფორმაციულია, რადგან თითოეული რესტორნის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, თუ რა სახის სამოსის ჩაცმაა რეკომენდებული ამა თუ იმ რესტორანში ვიზიტისას, რა ტიპის მუსიკა ისმის დარბაზში, ვინ არის შეფ-მზარეული, შესაძლებელია თუ არა სიგარეტის მოწევა და სხვა.

“სპარკის” ბენეფიციარებს – ვახტანგ იაშვილსა და დიმიტრი აბაშიძეს (TTM Group) ეკუთვნის იდეა ავტომობილის სიჩქარის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიმართ ადაპტური დინამიკური რეგულირების სისტემისა და ხერხის შემუშავების შესახებ. იდეის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დღესდღეობით ბაზარზე სიჩქარის ასეთი შემზღუდველი მოწყობილობა არ არსებობს. მოწყობილობას GPS ტრეკინგ ინდუსტრია ფლოტის მონიტორინგიდან უშუალო მართვის ეტაპზე გადაჰყავს. 2015 წლიდან ცნობილია ე.წ. ადაპტური კრუიზ-კონტროლის მოწყობილობები, თუმცა ყველა მათგანი წარმოების პროცესშივეა ინტეგრირებული ავტომობილის სისტემაში, ტექნოლოგიურად რთულია და არ არის თავსებადი ავტომობილების სხვა მარკებსა და მოდელებთან. სპარკელების მიერ გამოგონილი მოწყობილობა წარმოადგენს GPS ტრეკერის დამატებას, რომელიც სიჩქარის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას GPS ტრეკინგ პლატფორმიდან GPS ტრეკერის გავლით იღებს. ის არ საჭიროებს ავტომობილის წარმოების პროცესში ჩარევას, მონტაჟი მარტივია, ამასთან, ადაპტირებადია ავტომობილის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიმართ და უზრუნველყოფს სიჩქარის დროულ შეზღუდვას გზებზე არსებული დაშვების შესაბამისად.

“2020 წლიდან ბაზარზე შესაძლოა “ნინა ნიღაბი” გამოჩნდეს, რომელიც სოფელ ასკანაში არსებული მომწვანო-მოცისფრო ბენტონიტური თიხისგან სამკურნალო-კოსმეტიკური დანიშნულებით იქნება წარმოებული. იდეა სპარკელ ნინო ურუშაძეს ეკუთვნის და ბიზნესგეგმა უკვე მზად არის პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად. იდეა მართლაც საინტერესოა და “სპარკის” განსაკუთრებულობა სწორედ ამაში მდგომარეობს, ვინაიდან ეს პლატფორმა საშუალებას იძლევა, რეალური და ხელშესახები გახადოს ყველაზე ორიგინალური და განსხვავებული იდეები”, – აცხადებს ხაჩიძე.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თანამედროვეობის კიდევ ერთი პოპულარული გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების ხალვათობაა. ავთო გასვიანის იდეა მუხიანის მიმდებარე ტერიტორიაზე კრივისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების პირველი აკადემიის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც გადაამზადებს პროფესიონალ სპორტსმენებს და დაეხმარება მათ სათანადო ცოდნის მიღებასა და პროფესიონალურ სპორტში დასახული მიზნების მიღწევაში. აკადემია თავის მომხმარებელს ასევე შესთავაზებს სპორტულ მაღაზიას, ჯანსაღი კვების სამზარეულოს, სეზონურ სპორტულ შეკრებებს, თემატურ ლექციებსა და პროფესიონალი სპორტსმენების მხარდაჭერის ფართო შესაძლებლობებს.

ეს იმ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ბიზნესგეგმა უკვე მომზადდა “ბიდიოს” მიერ. სამი წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ბიზნესგეგმა შემუშავდება. ინფორმაციას დაფინანსებული პროექტების შესახებ “სპარკი” პერიოდულად გამოაქვეყნებს. “გულწრფელად გვჯერა იმ იდეების წარმატების, რომლებიც ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და მოთხოვნებს პასუხობს. ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული განათლება და ის შესაძლებლობა, რასაც “სპარკი” სთავაზობს სხვადასხვა ტრენინგის სახით. დარწმუნებული ვართ, რომ როცა სტარტაპერი მომზადებული ხვდება გამოწვევებს, იღებს შესაბამის ცოდნას და მხარდაჭერას, ის ყოველთვის შეძლებს, სისრულეში მოიყვანოს ყველაზე ამბიციური და დაუჯერებელი ბიზნესიდეები”, – ამბობს მაია ხაჩიძე.