ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) მიმდინარე წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების 35%-ით ზრდას პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს გაყიდვები წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა. IEA-ს მოლოდინების შესახებ სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში, Global Electric Vehicle Outlook-ში ვკითხულობთ.
მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წყალობით, დღეში მინიმუმ 5 მილიონი ბარელი ნავთობის საჭიროება იქნება თავიდან აცილებული. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ელექტროფიკაციის მნიშვნელოვან გავლენას ენერგეტიკულ სექტორზე, განსაკუთრებით კი ნავთობზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, გაყიდვების უმეტესი ნაწილი კი ჩინეთში, ევროპასა და შეერთებულ შტატებშია კონცენტრირებული. მათ შორის ლიდერობს ჩინეთი, რომელზეც 2022 წელს გლობალურად გაყიდული ელექტრომობილების 60% მოდის. გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში – გაყიდვები, შესაბამისად, 15% და 55%-ით გაიზარდა.