ილონ მასკი დარწმუნებული აღარ არის, რომ კომპანია Twitter-ის ყიდვას შეძლებს

ილონ მასკი დარწმუნებული აღარ არის, რომ კომპანია Twitter-ის ყიდვას შეძლებს

ვანკუვერში გამართულ TED 2022-ის კონფერენციაზე მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის აღარ არის დარწმუნებული იმაში, რომ კომპანია Twitter-ის 100%-ის ყიდვას 43 მილიარდ დოლარად შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პრივატიზაციის სურვილით მასკმა უკვე მიმართა კომპანიის დირექტორთა საბჭოს და აშშ-ის საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში შესაბამისი განაცხადიც გაგზავნა. დოკუმენტის თანახმად, ილონ მასკი მზად არის, რომ Twitter-ის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.2 დოლარი გადაიხადოს.

შეთავაზებასთან ერთად, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ის დირექტორთა საბჭოს განცხადებითაც მიმართა: „ეს არის ჩემი საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება, რომლის არ მიღების შემთხვევაში, მე მომიწევს ჩემი, როგორც კომპანიის აქციონერის პოზიციის გადახედვა“.

მართალია, ილონ მასკს არ განუმარტავს, რას აპირებდა ის იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ის დირექტორთა საბჭო უარს იტყოდა მის შეთავაზებაზე და კომპანიის პრივატიზებაზე არ დათანხმებოდა, თუმცა მან აღნიშნა, რომ „გეგმა ბ“ აქვს – რას გულისხმობს აღნიშნული გეგმა, უცნობია.

ექსპერტების შეფასებით, დირექტორთა საბჭო, შესაძლოა, მასკის წინადადებას არ დათანხმდეს, რადგან ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 70 მილიარდ დოლარს აღწევდა, მასკის შეთავაზებული $43 მილიარდი კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *