Bloomberg-ის ინფორმაციით, ილონ მასკი სოციალური პლატფორმა X-ისთვის დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს კომპანიისთვის $44 მილიარდის ინვესტიციის მიღება სურს — ეს იგივე თანხაა, რაც მან თავის დროზე Twitter-ის შესაძენად გადაიხადა.
2022 წელს სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ მილიარდერმა კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა – მათ შორის, შეცვალა სახელწოდება, შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ. ცვლილებებმა სარეკლამო შემოსავლებისა და მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.
Bloomberg-ის ცნობით, დაფინანსების ახალ რაუნდზე მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და ჩავარდნის შანსიც არსებობს. მოხსენების თანახმად, შეთანხმების დეტალები შესაძლოა შეიცვალოს, ან კომპანიამ თავად თქვას უარი შეთანხმებაზე.
გასული წლის ოქტომბერში, Fidelity-მ განაცხადა, რომ მედიაკომპანია X-ის იმდროინდელი ღირებულება მილიარდერის მიერ მისი შეძენისას გადახდილი თანხის დაახლოებით მეხუთედი იყო. თუმცა, ეს მონაცემი დაზუსტებული არ არის.
რაც შეეხება ილონ მასკს, ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes ამერიკელი ბიზნესმენის ქონებას $393 მილიარდად აფასებს. მასკის კომპანიებზე ტრამპის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობა დადებითად აისახა: Tesla Inc.-ის აქციები ტრამპის არჩევის შემდეგ 40%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Space X-ის ღირებულებამ დეკემბერში 350 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ სტარტაპად იქცა.