ტექნოლოგიური მედიასააგენტო The Information-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, xAI სუპერკომპიუტერის შექმნას გეგმავს. სტარტაპი სუპერკომპიუტერს შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტისთვის, Grok-ისთვის აწარმოებს. The Information-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ილონ მასკმა ინვესტორებს აცნობა.
ილონ მასკის სურვილია, რომ სუპერკომპიუტერი 2025 წლის შემოდგომისთვის შეიქმნას. მილიარდერს სუპერკომპიუტერზე სამუშაოდ xAI-ს Oracle-თან პარტნიორობა სურს. კომპანიები გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ილონ მასკი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში შესვლას და Nvidia-სათვის კონკურენციის გაწევას გეგმავს. ინვესტორებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე მასკი ამტკიცებდა, რომ xAI-ს შექმნილი სუპერკომპიუტერის ჩიპი, Nvidia-ს H100 პროცესორს ზომაში 4-ჯერ აღემატება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ამჟამად მონაცემთა ცენტრების ნახევარგამტარების ბაზარზე დომინანტი ჩიპია.
შეგახსენებთ, რომ xAI-ს ინვესტორი ილონ მასკი შარშან გახდა. თუმცა საინტერესოა, რომ ამერიკელი მილიარდერი პარალელურად xAI-ს კონკურენტი OpenAI-ს ინვესტორიც არის.
xAI-ს ჩატბოტი Grok-ი ამჟამად ცდების ეტაპზეა. მასკის ინფორმაციით, Grok 2-ის ტესტირებებმა 20,000 Nvidia H100 ჩიპი მოითხოვა, Grok 3-ის ტესტირებისთვის კი 100,000 აღნიშნული ნახევარგამტარი იქნება საჭირო.