მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილონ მასკის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმზე ოსკარის მფლობელი რეჟისორი, დარენ არონოფსკი მუშაობს. თუმცა ვინ შეასრულებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის როლს, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.
Variety-ის ცნობით, ფილმზე უფლებებისთვის სატენდერო პაექრობა კომპანია A24-მა მოიგო (ფილმები: Everything Everywhere All At Once, Lady Bird, Uncut Gems და სხვა). ფილმი დაფუძნებული იქნება უოლტერ აიზეკსონის ნაწარმოებზე, რომელიც მასკის ბიოგრაფიას მოგვითხრობს. შეგახსენებთ, მილიარდერის შესახებ წიგნი ამ შემოდგომას გამოვიდა. აიზეკსონს ასევე ეკუთვნის სტივ ჯობსზე გამოცემული წიგნი, რომელიც Apple-ის დამფუძნებლის შესახებ 2015 წელს გადაღებულ ფილმს დაედო საფუძვლად.
მასკი მსხვილი კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი არ არის, რომელზეც ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მაგალითად, ფილმი The Social Network პოპულარული სოციალური პლატფორმა Facebook-ის დაფუძნების შესახებ მოგვითხრობს. აარონ სორკინის სცენარით გადაღებულმა კინოსურათმა, Box Office Mojo-ს მიხედვით, მხოლოდ აშშ-ის სალაროებში 96.9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
კიდევ ერთი მსგავსი ფილმია Joy, ჯოი მენგანოს შესახებ, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. კინოსურათმა ქვეყნის შიგნით სალაროებში 56.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა. გარდა ამისა, არსებობს რეი კროკის შესახებ გადაღებული ფილმი The Founder, რომლის მიერ მიღებულმა საშინაო შემოსავალმა 12.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის შესახებ რამდენიმე ფილმია გადაღებული. მათ შორის ერთში მთავარ როლს ეშტონ კაჩერი თამაშობს. 2013 წელს გამოსულმა კინოსურათმა აშშ-ის სალაროებში $16.1 მილიონი გამოიმუშავა. აიზეკსონის ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმის შემოსავალმა კი 17.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ილონ მასკს, მის შესახებ ჯერჯერობით არც ერთი ფილმია გადაღებული. თუმცა მასზე კიდევ ერთი წიგნი ახლახან გამოვიდა, რომელიც გასულ წელს მასკის მიერ Twitter-ის 44 მილიარდ აშშ დოლარად შეძენას ეხება.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის ილონ მასკის ქონება დაახლოებით 227 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რისი წყალობითაც ის მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.