საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოს სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement) დაუმტკიცა, რომლის მოცულობაც 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
IMF-ის განმარტებით, პროგრამის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის ფისკალური ბუფერების შევსება, ფისკალური ჩარჩო წესების გაძლიერება, საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, საფინანსო სექტორის მდგრადობის განმტკიცება და მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.
დირექტორთა საბჭოს მიერ ამ პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი (30 მილიონი SDR; საქართველოს კვოტის 14.3%). IMF-ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება პროგრამით გამოყოფილი თანხის დაუყოვნებლივ გამოყენებას არ გეგმავს.
“სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, მდგრადობის ზრდას და საშუალოვადიანი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამოსვლისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ფონზე”, – წერია IMF-ის განცხადებაში.
აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე:
“ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გაგრძელება საქართველოს ეკონომიკისათვის ყველაზე რთული შოკების წინააღმდეგ საუკეთესო ფარია”, – წერს კობა გვენეტაძე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით: “ეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგია”.