საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას საპარტნიორო ფონდის ფუნქციებისა და როლის გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც IMF-ში განმარტავენ, საპარტნიორო ფონდი აღარ მოქმედებს იმ პირობების მიხედვით, რომელიც სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებშია შეთანხმებული. სსფ აღნიშნავს, რომ საპარტნიორო ფონდის ინვესტიციები არ არის თანხვედრაში კომერციულ მიზნებთან.
„ხელისუფლებამ საპარტნიორო ფონდის ფუნქციებს და როლს უნდა გადახედოს. სახელმწიფო საწარმოები ფონდის დაფინანსების წყაროა, თუმცა მათგან მიღებული დივიდენდები საკმაოდ ლიმიტირებულია, შედეგად კი საპარტნიორო ფონდი ფინანსურად შეზღუდულია. საპარტნიორო ფონდი აღარ მოქმედებს თანმიმდევრულად პროგრამის ფარგლებში შეთანხმებული პირობებით. კერძოდ, მისი გარკვეული ინვესტიციები არ არის კომერციული მიზნების და ფონდი აღარ შემოიფარგლება პროექტებში მინორიტარული აქციების ფლობით. შედეგად, ფონდს დიდი ვალდებულებები ეკისრება.
მოვუწოდებთ საპარტნიორო ფონდს (PF) გააგრძელოს ოპერირება სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში შეთანხმებული პირობებით. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას განიხილოს საპარტნიორო ფონდის საჭიროება (ჩართულობა), მისთვის სხვა პროგრამების მხარდაჭერის კუთხით. მათ შორის, ახალშექმნილი საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მცირე და საშუალო (SME) მეწარმეებისთვის იქმნება“, – აღნიშნავს IMF.