ინდოელი მილიარდერი მაკეშ ამბანი ნავთობის ფასების შემცირების შედეგად მილიარდებს კარგავს. მის მიერ დაარსებული კომპანია Reliance Industries ნავთობ ბიზნესსაც მოიცავს, რის გამოც მისი აქციების ფასი ეცემა. CNN-ის ცნობით, ორშაბათს ამბანის ქონება დაახლოებით $6.5 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც კონგლომერატის აქციები 8.6%-ით დაეცა.
Reliance-ი ინდოეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. კონგლომერატი აერთიანებს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, ტელეკომუნიკაციების და რითეილ ბიზნესები. თუმცა, ბოლო პერიოდში მაკეშ ამბანი ცდილობს კომპანია გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტად აქციოს.
ამ მიზნით ამბანიმ მიმდინარე წელს $20 მილიარდზე მეტი მოიზიდა კონგლომერატის ტექნოლოგიური მიმართულების Jio Platforms-ის გასაძლიერებლად. მას სურს ნაკლებად დამოკიდებული გახდეს ნავთობ და სხვა მსგავს ბიზნესებზე. ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა მოგზაურობის, სატრანსპორტო გადაადგილებების, ინდუსტრიული და კომერციული აქტივობების შემცირების ფონზე.
ცნობისთვის, მაკეშ ამბანის ქონება ამჟამად $71 მილიარდს მოიცავს, ის წელს მსოფლიოში ათ ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაც მოხვდა.