ინდოეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ხომალდი დასვა

ინდოეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ხომალდი დასვა

დღეს ინდური კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაეშვა. ინდოეთი კი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის ყველაზე ნაკლებად გამოკვლეულ ნაწილში ხომალდის დასმა მოახერხა. გარდა ამისა, ის მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც ზოგადად მთვარეზე მისია წარმატებით გაგზავნა.

ინდური Chandrayaan-3 დედამიწიდან მთვარისკენ ერთი თვის წინ გაუშვეს, დღეს კი საქართველოს დროით დაახლოებით 18:00 საათზე ის მთვარეზე წარმატებით დაეშვა. ინდოეთის გარდა მთვარეზე მისიები წარმატებით ისტორიაში კიდევ სამ ქვეყანას, აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ჰყავს გაშვებული.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი როვერის მთვარის ზედაპირზე დასმას სამხრეთ აფრიკიდან, იოჰანესბურგიდან პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, სადაც ის BRICS-ს მე-15 სამიტს ესწრებოდა. ნარენდრა მოდის განცხადებით, ეს წარმატება არა მხოლოდ ინდოეთის და ინდოელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის გამარჯვებაა.

ცნობისთვის, მთვარის გამოუკვლეველი ნაწილის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განსაკუთრებით გაღრმავდა, რაც მეცნიერებმა სამხრეთ პოლუსზე წყლის არსებობის სავარაუდო ნიშნებს მიაკვლიეს. ინდოეთი მთვარეზე კოსმოსური ხომალდის დასმას 2019 წელსაც ეცადა, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზის გამო როვერი მთვარის ზედაპირს შეეჯახა და მისია, Chandrayaan-2, წარუმატებლად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთვარის ზედაპირს, ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე როვერის დასმის მცდელობისას რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25 მის ზედაპირს შეეჯახა. მთვარის სამხრეთ პოლუსზე მისიის დასმის მცდელობა მიმდინარე წლის დასაწყისში წარუმატებლად დასრულდა იაპონიისთვისაც.