Virgin Galactic-ი პირველ კერძო ეკიპაჟიან ფრენას 10 აგვისტოს შეასრულებს

Virgin Galactic-ი პირველ კერძო ეკიპაჟიან ფრენას 10 აგვისტოს შეასრულებს

ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-მა სადებიუტო კომერციული ფრენა ივნისის ბოლოს განახორცეილა, ახლა კი სამოქალაქო პირებისგან დაკომპლექტებული ეკიპაჟით პირველი ფრენისთვის ემზადება.

კომპანიის ინფორმაციით, მისია Galactic 02 მომდევნო თვეში, 10 აგვისტოს შესრულდება. ეკიპაჟის წევრების ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც ირკვევა, ფრენაში მონაწილეობას სამი სამოქალაქო პირი მიიღებს. ფრენის პირდაპირი ტრანსლაციისთვის თვალის დევნება ამჯერადაც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, Virgin Galactic-მა პირველი კომერციული ფრენა Galactic 01 გასულ თვეში, 29 ივნისს შეასრულა. მისიაში მონაწილეობა იტალიის საჰაერო ძალებიდან და იტალიის ეროვნული სამეცნიერო საბჭოდან სამმა პირმა მიიღო. მათ 13 კვლევითი ხელსაწყოს დახმარებით მიკროგრავიტაციაში სამეცნიერო ექსპერიმენტები ჩაატარეს.

მოგზაურობის მთელმა პროცესმა დაახლოებით 90 წუთს გასტანა. Virgin Galactic-ის კოსმოსური თვითმფრინავით მგზავრებმა 84 კილომეტრამდე სიმაღლეზე ასვლა შეძლეს.

Virgin Galactic-ი კომერციული ფრენების განხორციელებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ფედერალური მთავრობის თანხმობა კი 2021 წელს მიიღო. ბრენსონის კომპანიისთვის კოსმოსურ ტურიზმში პირველი ნაბიჯები მარტივი არ აღმოჩნდა – 2022 წელს მან $500 მილიონი იზარალა. თუმცა Virgin Galactic-ი ამ დანაკარგის ანაზღაურებას მომავალში დაგეგმილი კომერციული ფრენებით შეეცდება, რომელში მონაწილეობის მისაღები ბილეთის ფასი ერთი ადგილისთვის $450,000-ს შეადგენს.