საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებზე წელიწადში 6 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება. აქედან 3 მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე მოდის. საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სახელმწიფო აშენებს. ყველაზე მეტი თანხა საავტომობილო გზების მშენებლობაზე იხარჯება. მაგალითად, 2023 წელს ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიარდ ლარამდეა გამოყოფილი.
სტატიაში გაგაცნობთ სამშენებლო სამუშაოების 2022-2023 წლების ყველაზე მსხვილ 10 შესყიდვას, რომელთა ჯამური ღირებულება 1.2 მილიარდ ლარამდეა. გაიგებთ, რომელმა კომპანიებმა მიიღეს ყველაზე მსხვილი კონტრაქტები და რა უნდა აშენდეს ამ კონტრაქტების შესაბამისად.
10. ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მშენებლობა
56 მლნ ლარი
2023 წლის 3 აპრილს, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ შპს „დაგის“ 64.4 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „დაგიმ“ ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების შენობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს. პროექტი 4 სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას მოიცავს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.
ტენდერში „დაგის“ კონკურენტი არ ჰყავდა და 58 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა 56 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
9. ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მშენებლობა
64.4 მლნ ლარი
2023 წლის 21 მარტს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ შპს „დაგის“ 64.4 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „დაგიმ“ ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების შენობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს. პროექტი 12 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას მოიცავს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.
ტენდერში „დაგის“ კონკურენტი არ ჰყავდა და 65 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა 64.4 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
8. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
66.7 მლნ ლარი
2022 წლის 12 დეკემბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს „დაგი+“-ს 66.7 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-სიონის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.
ტენდერში „დაგი+“-ს კონკურენტი არ ჰყავდა და 67.7 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა მან 66.7 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
7. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ბათუმში
78.3 მლნ ლარი
2022 წლის 16 თებერვალს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ შპს „ანაგს“ 78.3 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ანაგმა“ ბათუმში, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფარგლებში, ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლები უნდა ააშენოს. კონტრაქტი ასევე მოიცავს ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციას. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.
ტენდერში „ანაგს“ კონკურენტი არ ჰყავდა და 78.6 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა მან 78.3 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
6. წყლის ხელოვნური რეზერვუარების მოწყობა ბაკურიანში
79.7 მლნ ლარი
2022 წლის პირველ აპრილს სახელმწიფო კომპანიამ, შპს „ემ თი ეიმ-მა“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) შპს „ანაგს“ 79.7 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ანაგმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო კურორტებზე წყლის ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 3.5 წელია.
„ანაგმა“ კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო, ანუ აღნიშნულ შესყიდვაზე ტენდერი არ ჩატარებულა. გამარტივებული შესყიდვის საფუძველი 2023 წელს ბაკურიანში ჩატარებული სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. სახელმწიფო შემჭიდროებულ ვადებში ემზადებოდა ჩემპიონატისთვის.
5. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა რუსთავში
81 მლნ ლარი
2023 წლის 9 მარტს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ შპს „საბა კონსტრაქშენს“ 81 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ ქალაქ რუსთავში, XVIII მიკრორაიონში მდებარე მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა ააშენოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 4 წელია.
ტენდერში „საბა კონსტრაქშენს“ ორი კონკურენტი ჰყავდა და 83 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასით – 81 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
4. სასრიალო ტრასების გათოვლიანების სისტემების მოწყობა ბაკურიანში
90.5 მლნ ლარი
2022 წლის 15 ივლისს სახელმწიფო კომპანიამ, შპს „ემ თი ეიმ“ იტალიურ კომპანია „Technoalpin SPA“-ს 90.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „Technoalpin SPA“-ს დაბა ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სამთოსათხილამურო კურორტებზე სასრიალო ტრასების გათოვლიანების სისტემები უნდა მოეწყო. აღნიშნული სამუშაოები უკვე შესრულებულია. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 6 თვე იყო.
„Technoalpin SPA“-მ კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო.
3. პოლიციის ქალაქის მშენებლობა თბილისში
125 მლნ ლარი
2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს „ანაგს“ 125 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ანაგმა“ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის N69-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 1,100-ბინიანი პოლიციის ქალაქი უნდა ააშენოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.
ტენდერში „ანაგს“ კონკურენტი არ ჰყავდა და 131 მლნ ლარზე გამოცხადებული შესყიდვა 125 მლნ ლარის შეთავაზებით მოიგო.
2. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა თბილისში
244 მლნ ლარი
2023 წლის 13 თებერვალს, სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ შპს „ანაგს“ 244 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ანაგმა“ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებული 2,400 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა ააშენოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.
ტენდერში „ანაგს“ ერთი კონკურენტი ჰყავდა – ამხანაგობა „CRBC-CCTEB“ (ჩინური კომპანია), რომელმაც 600 ათასი ლარით ნაკლები შეთავაზება გააკეთა, ვიდრე „ანაგმა“, თუმცა შესყიდვების კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად „ანაგი“ გამოცხადდა. ტენდერი 256 მლნ ლარზე იყო გამოცხადებული და „ანაგთან“ 244 მლნ-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
1. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ზუგდიდსა და ქუთაისში
268 მლნ ლარი
2023 წლის 13 თებერვალს, სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ შპს „ანაგს“ 268 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ანაგმა“ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებული 1,700 ოჯახისთვის და ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე იძულებით გადაადგილებული 720 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა ააშენოს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 5 წელია.
ტენდერში „ანაგს“ ერთი კონკურენტი ჰყავდა – ამხანაგობა „CRBC-CCTEB“ (ჩინური კომპანია), რომელმაც 5.6 მლნ ლარით ნაკლები შეთავაზება გააკეთა, ვიდრე „ანაგმა“, თუმცა შესყიდვების კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად „ანაგი“ გამოცხადდა. ტენდერი 277 მლნ ლარზე იყო გამოცხადებული და „ანაგთან“ 268 მლნ-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.