ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის მხრიდან დათმობების პირობით დათანხმდება

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის მხრიდან დათმობების  პირობით დათანხმდება

ფოტო: REUTERS/Stringer

 

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ომანთან საბოლოო პაქტის დეტალების განსაზღვრა ფინალურ ეტაპზეა. აღნიშნული პაქტი ორ ქვეყანას შორის ჰორმუზის სრუტეში სანაოსნო მარშრუტების დადგენას და განსაზღვრას ეხება. თუმცა ირანი განმარტავს, რომ ჰორმუზის სრუტის საბოლოოდ სრულად გასახსნებლად აშშ-მა,  სხვა დათმობებთან ერთად, სანქციები უნდა მოხსნას და სამხედრო აგრესია შეწყვიტოს.

ირანსა და ომანს შორის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე გადასვლას აშშ-ის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირ მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს და მანამდე არ გაგრძელდება, სანამ აშშ ივნისში დადებული დროებითი შეთანხმების დარღვევას არ შეწყვეტს. გარდა ამისა, არაღჩის განმარტებით, ჰორმუზის სრუტის გახსნა აშშ-ის მიერ ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე იქნება დამოკიდებული.

სრუტის გახსნის პირობებზე საუბრისას, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ორგანოს მდივანმა, მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა, შემდეგი მიმართულებები ჩამოთვალა: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან შემდგომი მუქარის შეწყვეტა; ირანისა და მისი ლიბანელი, პალესტინელი, იემენელი და ერაყელი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შეჩერება; სპარსეთის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა; ირანისთვის სანქციების მოხსნა და ირანის გაყინული აქტივების განთავისუფლება.

აბას არაღჩის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეტყობინებები შუამავლების დახმარებით იცვლება.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ თავდასხმები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს, რის საპასუხოდაც ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.